მადაგასკარი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მადაგასკარის რესპუბლიკა
Repoblikan'i Madagasikara
République de Madagascar
Republic of Madagascar

მადაგასკარი
მადაგასკარის
დროშა გერბი
ჰიმნი: Ry Tanindrazanay malala ô!

დედაქალაქი
(და უდიდესი ქალაქი)
ანტანანარივუ
18°55′ ს. გ. 47°31′ ა. გ. / 18.917° ს. გ. 47.517° ა. გ. / -18.917; 47.517
ოფიციალური ენა მალაგასიური
ფრანგული
მთავრობა რესპუბლიკა
 -  პრეზიდენტი ერი რაძაუნარიმამპიანინა
 -  პრ.-მინისტრი ჟან რაველონარივო
ფართობი
 -  სულ 587 041 კმ2 (47-ე)
 -  წყალი (%) 0.009
მოსახლეობა
 -  2014 შეფასებით 22 005 222 (53-ე)
 -  2013 აღწერა 21 842 167 
 -  სიმჭიდროვე 37,21 კაცი/კმ2 (174-ე)
მშპ (მუპ) 2014 შეფასებით
 -  სულ $11,188 მილიარდი (123-ე)
 -  ერთ მოსახლეზე $475 (169-ე)
აგი (2007) 0.533 (საშუალო) (143-ე)
ვალუტა მადაგასკარის არიარი (MGA)
დროის სარტყელი (UTC +3სთ.)
 -  ზაფხულის (DST) (UTC +3სთ.) (UTC)
ქვეყნის კოდი MDG
Internet TLD .mg
სატელეფონო კოდი 261

მადაგასკარი, ოფიციალურად მადაგასკარის რესპუბლიკა (მალაგ. Repoblikan'i Madagasikara, ფრანგ. République de Madagascar) და თავდაპირველად ცნობილი, როგორც მალაგასის რესპუბლიკა — კუნძულოვანი სახელმწიფო ინდოეთის ოკეანის დასავლეთ ნაწილში, სამხრეთ-აღმოსავლეთი აფრიკის სანაპიროსთან, რომლისგანაც მოზამბიკის სრუტითაა გამოყოფილი. ქვეყანა მოიცავს კუნძულ მადაგასკარსა (მეოთხე უდიდესი კუნძული მსოფლიოში) და მრავალ მცირე პერიფერიულ კუნძულს. სუპერკონტინენტ გონდვანას პრეისტორიული დაშლის შედეგად, მადაგასკარი გამოეყო ინდოეთს დაახლოებით 88 მილიონი წლის წინ, რამაც განაპირობა კუნძულის ფლორისა და ფაუნის იზოლირებული განვითარება, რის გამოც მადაგასკარი არის უნიკალური ქვეყანა ბიომრავალფეროვნების თვალსაზრისით, რომლის ველური ბუნების 90 პროცენტზე მეტი ენდემურია და მთელ პლანეტაზე სხვაგან არსად გვხვდება, თუმცა კვლევებმა აჩვენეს, რომ მზარდი მოსახლეობისა და სხვა ეკოლოგიური პრობლემების გამო კუნძულის ეკოსისტემასა და უნიკალურ ველურ ბუნებას საფრთხე ემუქრება.

კუნძულზე ადამიანის პირველი დასახლებები გაჩნდა ძვ. წ. 350 წლიდან ახ. წ. 550 წლამდე პერიოდში ავსტრონეზიელების მიერ, რომლებიც კანოეებით ჩამოვიდნენ კუნძულ ბორნეოდან. დაახლოებით 1000 წლისათვის მათ შეუერთდა ბანტუს ხალხი, რომელიც მადაგასკარზე აღმოსავლეთ აფრიკიდან მოზამბიკის სრუტის გადალახვის შედეგად ჩავიდა. სხვა ეთნიკური ჯგუფები კუნძულზე დროთა განმავლობაში სახლდებოდნენ. თითოეულმა მათგანმა საკუთარი წვლილი შეიტანა ქვეყნის კულტურის ჩამოყალიბებაში. მადაგასკარის მოსახლეობას ხშირად ყოფენ თვრამეტ ან მეტ ქვეჯგუფად, რომლის უდიდეს ეთნოსსაც ცენტრალურ მთიან რეგიონებში მცხოვრები მერინას ხალხი წარმოადგენს.

XVIII საუკუნის ბოლომდე კუნძულს მართავდნენ სოციალურ-პოლიტიკური ალიანსები. XIX საუკუნის დასაწყისისათვის მადაგასკარის უმეტესი ნაწილი გაერთიანებული იყო, როგორც მადაგასკარის სამეფო, რომელსაც მერინელი დიდებულები მართავდნენ. სამეფო დაემხო 1897 წელს, როდესაც ფრანგმა კოლონიზატორებმა სამეფო ხელისუფლება გააუქმეს, ხოლო ქვეყანა საფრანგეთის კოლონიური იმპერიის ნაწილი გახადეს. მადაგასკარმა დამოუკიდებლობა 1960 წელს მოიპოვა. 1992 წლიდან ქვეყანა ოფიციალურად იმართება საკონსტიტუციო დემოკრატიის საფუძვლებზე დედაქალაქ ანტანანარივუდან.

2012 წლისათვის მადაგასკარის მოსახლეობა შეფასდა 22 მილიონზე მეტი ადამიანით, რომლის 90 პროცენტიც დღეში 2 დოლარზე ნაკლები შემოსავლის პირობებში ცხოვრობს. მალაგასიური და ფრანგული ქვეყნის ოფიციალური ენებია. მოსახლეობის უმეტესი ნაწილი აღიარებს ტრადიციულ რელიგიას, ქრისტიანობას ან ორივეს გაერთიანებულ ვარიანტს. ეკოტურიზმი და სოფლის მეურნეობა, განათლებაში, ჯანდაცვასა და კერძო წარმოებაში ჩადებულ დიდ ინვესტიციებთან ერთად, მადაგასკარის განვითარების სტრატეგიის უმთავრესი ელემენტებია. 2014 წლისათვის ქვეყნის ეკონომიკა დაასუსტა ახლადშექმნილმა პოლიტიკურმა კრიზისმა, მოსახლეობის ცხოვრების დონე კი კვლავ დაბალი რჩება, რაც, გარკვეულწილად, გამოწვეულია ეკონომიკური სარგებლის მოსახლეობაზე არათანაბარი გადანაწილებით.

ეტიმოლოგია[რედაქტირება]

მალაგასურ ენაში კუნძულ მადაგასკარს ეწოდება მადაგასიკიარე, ხოლო ხალხს მალაგასი.[1] კუნძულის დასახელება „მადაგასკარი“ არ არის ადგილობრივი წარმოშობის. მისი პოპულარობა უკავშირდება ევროპელთა მიერ მის ფართო გამოყენებას შუა საუკუნეებში.[2] სახელი მადაგეისკარი პირველად ფიქსირდება XIII საუკუნის ვენეციელი მოგზაურის მარკო პოლოს მემუარებში, როგორც სომალის პორტის, მოგადიშოს დამახინჯებული თარგმანი, რომელიც მარკო პოლომ კუნძულში აურია. 1500 წელს, წმინდა ლავრენტის ხსენების დღეს პორტუგალიელი მოგზაური დიოგო დიასი ჩავიდა კუნძულზე და მას სან ლორენცო (São Lourenço) უწოდა, თუმცა სახელის პოლოსეული ვარიანტი პოპულარობით სარგებლობდა და ფართოდ გამოიყენებოდა რენესანსის ეპოქის რუკებზე.

გეოგრაფია[რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : მადაგასკარის გეოგრაფია.
მადაგასკარის ტროპიკული ტყეები.

592 800 კმ² ფართობით[3] მადაგასკარი მსოფლიოს 47–ე უდიდესი ქვეყანაა[4] და სიდიდით IV კუნძულია.[3] ქვეყანა ძირითადად მდებარეობს სამხრეთის 12 და 26 განედებსა და აღმოსავლეთის 43–51 გრძედებს შორის.[5] აღმოსავლეთით მეზობელ კუნძულებზე მდებარეობს საფრანგეთის რეიუნიონი და დამოუკიდებელი მავრიკი, ჩრდილო-დასავლეთით კომორის კუნძულების კავშირი და საფრანგეთის მაიოტა. დასავლეთით აფრიკის კონტინენტზე მდებარე უახლოესი სახელმწიფოა მოზამბიკი.

მადაგასკარი გონდვანას დაშლის შემდეგ მატერიკს დაახლოებით 135 მილიონი წლის წინ გამოეყო, ხოლო ინდოეთს დაახლოებით 88 მილიონი წლის წინ. შედეგად კუნძულის ბუნება შედარებით იზოლირებულ გარემოში ვითარდებოდა.[6] აღმოსავლეთ ნაპირს მიუყვება ვიწრო ესკარპი, სადაც შემორჩენილია ტროპიკული დაბლობის ტყე.

კუნძულის ცენტრალურ ნაწილში ზღვის დონიდან 750-1500 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს პლატო. ეს ცენტრალური ნაწილი არის მერინას ხალხის ისტორიული საცხოვრებელი რეგიონი, აქვე მდებარეობს დედაქალაქი ანტანანარივუც. ტერიტორია დაფარულია ბრინჯის ტერასებითა და სუბ-ნოტიო ტყეებით. კუნძულის დასავლეთი ნაწილის განსაკუთრებულად მშრალი მთიანი რეგიონი თანდათან ეშვება მოზამბიკის სრუტისკენ და ქმნის მანგროს ჭაობებს.[7]

კლიმატი[რედაქტირება]

სამხრეთ-აღმოსავლური პასატებისა და მუსონების კომბინაცია ნოემბრიდან აპრილის ჩათვლით ქმნის წვიმების სეზონს, რომელსაც პერიოდულად ციკლონებიც ახლავს. მაისიდან ოქტომბრამდე შედარებით ცივი და მშრალი სეზონია. ინდოეთის ოკეანის გავლენით კუნძულის აღმოსავლეთი ნაწილი უფრო უხვ ნალექიანია, ამის წყალობით აღმოსავლეთში მრავლადაა წვიმის ტყეები. კუნძულის ცენტრალური ნაწილი შედარებით მშრალი და ცივია. დასავლეთი ნაწილი ყველაზე მშრალია, ხოლო სამხრეთ-დასავლეთი ნაწილი ეკუთვნის ნახევრად უდაბნოს ზონას. ტროპიკული ციკლონები მადაგასკარს ყოველწლიურად დიდ ზიანს აყენებენ.[8] 2004 წლის ციკლონი გაფილო მადაგასკარის ისტორიაში დაფიქსირებულ ყველაზე მძლავრ ციკლონად ითვლება. შტორმმა 172 ადამიანი მოკლა, 214 260[9] საცხოვრებლის გარეშე დატოვა და ქვეყანას 250 მილიონი დოლარის ზარალი მიაყენა.[10]

ისტორია[რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : მადაგასკარის ისტორია.

ადრეული პერიოდი[რედაქტირება]

არქეოლოგების უმეტესობა მიიჩნვს, რომ კუნძულზე პირველმოსახლეები ძვ. წ. აღ. 350 წლიდან ახ. წ. აღ. 500 წლებში მივიდნენ, ნაწილი მეცნიერების აზრით უძველესი ნამოსახლარები თარიღდება ახ. წ. აღ. 250 წლით. ამ მონაცემებით მადაგასკარი ყველაზე გვიან დასახლებული ტერიტორიაა.[11] პირველი მოსახლეები კუნძულ კალიმანტანიდან კანოებით მოვიდნენ. ადრეული მოსახლეები სანაპირო ზოლში არსებულ წვიმის ტყეებს სოფლის მეურნეობის საწარმოებლად ჩეხდნენ. მათ ასევე გადააშენეს ისეთი ენდემური ჯიშები როგორიცაა: სუბფოსილური ლემური, სპილოსებრი ჩიტი, მალაგასური ჰიპოპოტამუსი.[12] 600 წლისთვის ამ ახალმოსახლეებმა უკვე კუნძულის ცენტრალურ ნაწილში დაიწყეს ტყეების გაჩეხვა.[13] კუნძულს არაბი ვაჭრები პირველად VII-IX საუკუნეებში მიადგნენ.[14] კუნძულზე ბანტუს ენაზე მოსაუბრე ემიგრანტები დაახლოებით 1000 წელს ჩავიდნენ. მათ კუნძულზე თან ზებუ ჩაიყვანეს.

1600 წლისთვის კუნძულის ცენტრალურ ნაწილში მცხოვრებ ბეცილეოს ხალხს ირიგაციის სისტემა ჰქონდა განვითარებული. იმერინის სამეფოში ტერასული მებაღეობა დაახლოებით 1700 წლისთვის გავრცელდა.[13] XVII საუკუნეში ზებუს გავრცელებამ გამოიწვია კუნძულის ცენტრალური ნაწილის, ტყოვანი ეკოსისტემიდან მდელოებად გარდაქმნა. მერინების ზეპირსიტყვიერებაში გადმოცემულია მათი შეჯახება კუნძულის ცენტრალურ რეგიონში მცხოვრებ ხალხთან, რომლებსაც ისინი ვაზიმბას უწოდებენ. სავარაუდოდ ვაზიმბად წოდებული ხალხი იყო კუნძულზე ჩამოსული პირველი პოლინეზიელების შთამომავალი, რომლებიც საბოლოოდ მერინების მეფეებმა XVI-XVII საუკუნეებში გაანადგურეს.[15]

არაბები და ევროპელები[რედაქტირება]

მადაგასკარი ინდოეთის სავაჭრო გზის მნიშვნელოვანი კვანძი იყო. მადაგასკარის შესახებ პირველი წერილობითი ცნობები მოიპოვება არაბულ წყაროებში, რომლებმაც დაახლოებით X საუკუნეში კუნძულის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროზე შექმნეს სავაჭრო პოსტები. მათ ასევე შეიტანეს ისლამი, არაბული დამწერლობა, ასტროლოგია და სხვა კულტურული ელემენტები. ევროპელებთან კონტაქტი დაიწყო 1500 წლიდან, როდესაც პორტუგალიელმა კაპიტანმა დიოგუ დიაშმა იხილა კუნძული. პირველი ევროპული სავაჭრო პოსტები ფრანგებმა აღმოსავლეთ სანაპიროზე გვიან — XVII საუკუნეში დააარსეს.

მადაგასკარის სამეფო[რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : იმერინის სამეფო.

მადაგასკარის ცენტრალურ ნაწილში ადრეულ XVII საუკუნეში წარმოშობილი იმერინის სამეფო წარმოადგენდა შედარებით სუსტ სამეფოს, ვიდრე კუნძულის სანაპირო ზოლის სამეფოები. მას მერე, რაც ის XVIII საუკუნის დასაწყისში მეფე ანდრიამასინაბალუნმა თავის ოთხ შვილს გაუნაწილა, მისი განვითარება კიდევ უფრო შენელდა. თითქმის საუკუნოვანი ომების შემდეგ 1793 წელს მეფე ანდრიანამპუანიმერინმა (1787–1810)[16] სამეფო ისევ გააერთიანა. მან თავისი გავლენა მალევე მეზობელ სათავადოებზეც გაავრცელა. მისი მისწრაფება დაემორჩილებინა მთელი კუნძული შეასრულა მისმა შვილმა და მემკვიდრემ რადამა I–მა (1810–28), რომელიც ინგლისმა მადაგასკარის მეფედ აღიარა.

ფრანგული კოლონიზაცია[რედაქტირება]

1883 წელს მადაგასკარში საფრანგეთი შეიჭრა, რაც ფრანკო-მალაგასიური ომების სახელითაა ცნობილი.[17] ომის დასასრულს მადაგასკარმა საფრანგეთს გადასცა ჩრდილოეთის საპორტო ქალაქი ანცირანანა და ყოველწლიურად უხდიდა 560 000 ფრანკს.[18] 1890 წელს ბრიტანეთმა საფრანგეთის პროტექტორატი მთელ კუნძულზე აღიარა. მიუხედავად ამისა მადაგასკარი არ აღიარებდა საფრანგეთის მთავრობას. კაპიტულაციის მისაღწევად საფრანგეთმა მოახდინა 1894 წლის დეკემბერში აღმოსავლეთ სანაპიროზე ტუამასინას, ხოლო 1895 წლის იანვარში დასავლეთ სანაპიროზე მაჰაძანგას ოკუპაცია.[19] ამის შემდეგ საფრანგეთის ჯარმა ალყა შემოარტყა ანტანანარივუს და დაბომბა სამეფო სასახლე, რის შემდეგაც დედოფალი რანავალონა III დანებდა.[20] საფრანგეთმა კუნძულის სრული ანექსია 1896 წელს მოახდინა და იმავე წელს გამოაცხადა კოლონიად. ფრანგებმა გააუქმეს მარინას სამეფო დინასტია და სამეფო ოჯახის წევრები გადაასახლეს კუნძულ რეიუნიონზე.

დამოუკიდებლობა[რედაქტირება]

ფილიბერ ცირანანა, მადაგასკარის პირველი პრეზიდენტი (1960–72)

დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ მადაგასკარმა გაიარა ოთხი რესპუბლიკის პერიოდი. პირველ რესპუბლიკას (1960–72) ხელმძღვანელობდა ფრანგების დანიშნული პრეზიდენტიფილიბერ ცირანანა. ეს პერიოდი ხასიათდება საფრანგეთზე ეკონომიკური და პოლიტიკური დამოკიდებულებით. მაღალი თანამდებობები ეკავათ ფრანგებს. ფილიბერის ნეო-კოლონისტურ პოლიტიკას 1972 წელს მოჰყვა არეულობები და სტუდენტების გამოსვლები.

გენერალი გაბრიელ რამანანცუა დაინიშნა დროებით პრეზიდენტად და პრემიერ-მინისტრად ერთდროულად, თუმცა ხალხის წინააღმდეგობამ 1975 წელს აიძულა თანამდებობიდან გადამდგარიყო. მის ნაცვლად დანიშნული პოლკოვნიკი რიჩარდ რაციმანდრავა 6 დღეში მოკლეს. შემდგომი მმართველი იყო გენერალი ჟილ ანდრიამააცო, რომელიც ქვეყანას 4 თვე მართავდა. მისი შემცვლელი გახდა ასევე სამხედრო მოღვაწე დიდიე რაცირაკა, რომელმაც შექმნა სოციალურ-მარქსისტული მეორე რესპუბლიკა და მართავდა მას 1975-1993 წლებში. მისი მართველობის პერიოდში 1979 წელს ქვეყანა საბოლოოდ გაკოტრდა.

დიდიეს პოპულარობა 1980-იანების ბოლოს დაეცა და 1991 წელს მიაღწია კრიტიკულ ზღვარს, როდესაც დაცვამ მშვიდობიან პროტესტანტებს ცეცხლი გაუხსნეს. შემდგომ ორ თვეში ალბერტ ზაფის (1993–96) ხელმძღვანელობით ჩამოყალიბდა გარდამავალი მთავრობა. მან ჩამოაყალიბა მესამე რესპუბლიკა (1992–2010), ასევე შემოიღო ახალი კონსტიტუცია რომლის მიხედვითაც ქვეყანაში ჩამოყალიბდა მრავალპარტიული პოლიტიკუი სისტემა და ეროვნულ საბჭოს გადაეცა მნიშვნელოვანი ძალაუფლება. 1996 წელს ზაფის მოუწყვეს იმპიჩმენტი და დროებით პრეზიდენტად შემდეგი სამი თვის განმავლობაში საპრეზიდენტო არჩევნებამდე დაინიშნა ნორბერტ რაცირაონანა. საპრეზიდენტო არჩევნებზე მეორე ვადით (1996-2001) აირჩიეს რაციმანდრავა.

2001 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა მარკ რავალომანანამ, რასაც მოყვა მისი და რაცირაონანას მომხრეებს შორის 7 თვიანი დაპირისპირება. მიუხედავად ამისა მისი მმართველობა იყო წარმატებული და ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი წლიურად 7 %–ით იზრდებოდა. მისი მეორე ვადის მეორე ნახევარში მას განსაკუთრებით აკრიტიკებდნენ კორუფციის დონის ზრდისა და მმართველობის ავტორიტარული მეთოდების გამო.[21]

2009 წლის გაზაფხულზე ანტანარივუს მერმა და ოპოზიციის ლიდერმა ანდრი რაძოელინამ დაიწყო გამოსვლები, რის შედეგადაც რავალომანანა ხელისუფლებას ჩამოაშორეს. რაჯოლინი დაინიშნა გარდამავალი მთავრობის ლიდერად, რომელსაც შემდეგი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება ევალებოდა. 2010 წელს რეფერენდუმით მიიღეს ახალი კონსტიტუცია, რაც მეოთხე რესპუბლიკის დასაბამი გახდა. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე რომელიც საერთაშორისო საზოგადოებამ გამჭვირვალედ და სამართლიანად სცნო, მადაგასკარის მიმდინარე პრეზიდენტი ერი რაძაუნარიმამპიანინა იქნა არჩეული.[22]

პოლიტიკური წყობილება[რედაქტირება]

  • მმართველობის ფორმა: ნახევრად-საპრეზიდენტო, დემოკრატიული რესპუბლიკა.
  • სახელმწიფოს მეთაური: პრეზიდენტი ერი რაძაუნარიმამპიანინა.
  • საკანონმდებლო ორგანო:
  • სენატი - 33 წევრი
  • ეროვნული ასამბლეა - 160 წევრი.

ადმინისტრაციული ერთეულები[რედაქტირება]

Madagascar regions.svg

მადაგასკარის 6 პროვინციად დაყოფა 1946 წელს ფრანგებიდან მოდის,[23] პროვინციები 2004 წლიდან 22 რეგიონად იყოფა. რეგიონები გაყოფილია 119 რაიონად, 1579 კომუნად და 17 485 ფოკუნტანად.[24]

რეგიონები და პროვინციები[25]
რეგიონი პროვინცია მოსახლეობა 2004 წლის მონაცემებით
დიანა (1), სავა (2) ანცირანანის პროვინცია 1 291 100
იტასი (3), ანალამანგა (4), ვაკინანკარატრა (5), ბონგოლავა (6) ანტანანარივუს პროვინცია 5 370 900
სოფია (7), ბოენი (8), ბეციბოკა (9), მელაკი (10) მაჰაძანგის პროვინცია 1 896 000
ალაოტრა-მანგორო (11), აცინანანა (12), ანალანჟიროფო (13) ტუამასინის პროვინცია 2 855 600
ამორონი-მანია (14), ჰაუტე-მაციატრა (15), ვატოვავი-ფიტოვინანი (16), აციმო-აცინანანა (17), აიჰორომბე (18) ფიანარანცუის პროვინცია 3 730 200
მენაბე (19), აციმო-ანდრეფანა (20), ანდროი (21), ანოსი (22) ტულიარის პროვინცია 2 430 100

დემოგრაფია[რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : მადაგასკარის დემოგრაფია.
ეთნიკური ჯგუფების განაწილება

ეთნიკური შემადგენლობა[რედაქტირება]

2013 წელს მადაგასკარის მოსახლეობა 21 842 167 ადამიანს შეადგენდა[26]. მადაგასკარის მოსახლეობის 90 % წარმოადგენს მალაგასიურ ეთნიკურ ჯგუფს და იყოფა 18 ქვე-ეთნიკურ ჯგუფად. სანაპირო ზოლში მცხოვრებ ზოგიერთ ეთნიკურ ჯგუფს უფრო მჭიდრო კავშირი აქვს აზიურ გენეტიკასთან. სანაპირო ზოლის უმსხვილესი ეთნიკური ჯგუფებია: ბეციმისარაკები (14,9 %); ციმიჰეტები (6 %) და საკალავები (6 %).

მალაგასიური ეთნოსის ქვე-ჯგუფები რეგიონი
ანტანკანარა, საკალავები, ციმიჰეტები ანცირანანის პროვინცია
საკალავები, ვეზო მაჰაძანგის პროვინცია
ბეციმისარაკები, სიჰანაკები, ბეზანოზანო ტუამასინის პროვინცია
მერინას ხალხი ანტანანარივუს პროვინცია
ბეცილეო, ანტეფასები, ანტამბაჰოაკები, ანტეიმორო, ანტესაკები, ტანალები ფიანარანცუის პროვინცია
მაჰაფალები, ანტანდროები, ანტანოსი, ბარა, ვეზო ტულიარის პროვინცია

უდიდესი ქალაქები[რედაქტირება]

მადაგასკარის უდიდესი ქალაქები

ანტანანარივუ
ანტანანარივუ
ტუამასინა
ტუამასინა

რიგი ქალაქი რეგიონი მოსახლეობა
1 ანტანანარივუ ანალამანგა 1 391 433
2 ტუამასინა აცინანანა 206 373
3 ანცირაბე ვაკინანკარატრა 186 253
4 ფიანარანცუა ჰაუტე მაციატრა 167 227
5 მაჰაძანგა ბოენი 154 657
6 ტულიარა აციმო-ანდრეფანა 115 319
7 ანცირანანა დიანა 82 937
8 ანტანიფუტსი ვაკინანკარატრა 70 626
9 ამბუვუმბე ანდროი 66 818
10 ამპარაფარავოლა ამპარაფარავოლა 51 519
წყარო: http://www.geonames.org/MG/largest-cities-in-madagascar.html

მადაგასკარის უდიდესი ქალაქია ანტანანარივუ.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება]

  1. National Geographic. Style Manual. დაარქივებულია ორიგინალიდან 31 August 2012-ში. წაკითხვის თარიღი: 31 August 2012.
  2. Cousins (1895), pp. 11–12
  3. 3.0 3.1 Bureau of African Affairs. (3 May 2011)Background Note: Madagascar. U.S. Department of State. დაარქივებულია ორიგინალიდან 24 August 2011-ში. წაკითხვის თარიღი: 24 August 2011.
  4. Central Intelligence Agency. (2011)Madagascar. The World Factbook. დაარქივებულია ორიგინალიდან 24 August 2011-ში. წაკითხვის თარიღი: 24 August 2011.
  5. Moriarty (1891), pp. 1–2
  6. University of Berkeley: Understanding Evolution. (October 2009)Where did all of Madagascar's species come from?. დაარქივებულია ორიგინალიდან 19 March 2011-ში. წაკითხვის თარიღი: 19 March 2011.
  7. Vences M, Wollenberg KC, Vieites DR, Lees DC (June 2009). „Madagascar as a model region of species diversification“. Trends in Ecology and Evolution 24 (8): გვ. 456–465. DOI:10.1016/j.tree.2009.03.011. PMID 19500874. წაკითხვის თარიღი: 11 February 2012. 
  8. Metz, Helen Chapin. (1994)Library of Congress Country Studies: Madagascar. დაარქივებულია ორიგინალიდან 1 February 2011-ში. წაკითხვის თარიღი: 1 February 2011.
  9. International Federation of Red Cross And Red Crescent Societies. (25 February 2005)Madagascar: Cyclone Gafilo, Final Report, Appeal 08/04. ReliefWeb. დაარქივებულია ორიგინალიდან 31 August 2012-ში. წაკითხვის თარიღი: 31 March 2011.
  10. Integrated Regional Information Networks. (2 July 2004)Madagascar: Saving the children from Gafilo's aftermath. ReliefWeb. დაარქივებულია ორიგინალიდან 9 September 2012-ში. წაკითხვის თარიღი: 9 September 2012.
  11. Crowley, B.E. (2010). „A refined chronology of prehistoric Madagascar and the demise of the megafauna“. Quaternary Science Reviews 29 (19–20): გვ. 2591–2603. DOI:10.1016/j.quascirev.2010.06.030. Bibcode: 2010QSRv...29.2591C. 
  12. Virah-Sawmy, M. (2010). „Evidence for drought and forest declines during the recent megafaunal extinctions in Madagascar“. Journal of Biogeography 37 (3): გვ. 506–519. DOI:10.1111/j.1365-2699.2009.02203.x. 
  13. 13.0 13.1 Campbell, Gwyn (1993). „The Structure of Trade in Madagascar, 1750–1810“. The International Journal of African Historical Studies 26 (1). DOI:10.2307/219188. 
  14. Wink (2004), p. 185
  15. Domenichini, J.P.. Antehiroka et Royauté Vazimba fr. Express de Madagascar. Madatana.com. დაარქივებულია ორიგინალიდან 10 July 2011-ში. წაკითხვის თარიღი: 5 November 2010.
  16. Hodder (1982), p. 59
  17. Van Den Boogaerde (2008), p. 7
  18. Randier (2006), p. 400
  19. Curtin (1998), p. 186
  20. Oliver, Fage & Sanderson (1985), p. 529
  21. Marcus, Richard (August 2004). „Political change in Madagascar: populist democracy or neopatrimonialism by another name?“ (Occasional Paper no. 89). წაკითხვის თარიღი: 15 February 2012. 
  22. Centre d'actualités de l'ONU – Madagascar : l'ONU salue le bon déroulement du deuxième tour des élections présidentielles. Un.org. წაკითხვის თარიღი: 2014-02-10.
  23. Deschamps (1965), pp. 268, 274.
  24. Institut nationale de la statistique (INSTAT), Government of Madagascar (2010). „Presentation des resultats de la cartographie numerique en preparation du troisieme recensement generale de la population et de l'habitation“ (fr). პრეს-რელიზი. დაარქივებულია ორიგინალიდან 15 January 2012-ში. http://www.webcitation.org/64jHAqXGw. წაკითხვის თარიღი: 15 January 2012.
  25. Ralison, Eliane; Goossens, Frans (January 2006). Madagascar: profile des marches pour les evaluations d'urgence de la securite alimentaire, Strengthening Emergency Needs Assessment Capacity (fr). Katholieke Universiteit Leuven, გვ. 3. წაკითხვის თარიღი: 14 January 2012. 
  26. მადაგასკარის 2013 წლის მოსახლეობა