აფხაზეთი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სიტყვას „აფხაზეთი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ აფხაზეთი (მრავალმნიშვნელოვანი).
აფხაზეთი
რიწის ტბა
რიწის ტბა
ApkhazetiHistorical.svg
ადმ. ცენტრი სოხუმი
ქვეყანა საქართველო
რეგიონი აფხაზეთის ავტ. რესპ.
მუნიციპალიტეტი 6
ფართობი 7 893 კმ²
მოსახლეობის რაოდენობა 102 000

აფხაზეთი (აფხ. Аҧсны, აფსნი) — საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე, ქვეყნის ჩრდილო–დასავლეთით, შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე, დღეს ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსით, უკავია 8,7 ათ. კვ.კმ. ტერიტორია მდინარეებს ენგურსა და ფსოუს შორის. ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების მიერ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდგომ (იხ. საქართველოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ), იმართება მარიონეტული დე ფაქტო ხელისუფლების მიერ. მისი დამოუკიდებლობა აღიარა რუსეთმა, ნიკარაგუამ, ვენესუელამ, ნაურუმ და ტუვალუმ. ჩრდილოეთით ესაზღვრება რუსეთის ფედერაციას, სამხრეთ-აღმოსავლეთით საოკუპაციო ხაზი გადის სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ.

აერთიანებს რამდენიმე ისტორიულ ოლქს: საძენი (ანუ ჯიქეთი), ბზიფი, გუმა, შუა სოფელი, სამურზაყანო და წებელდა-დალი. აფხაზეთი, როგორც პოლიტიკური ერთეული, სხვადასხვა ეპოქაში სხვადასხვა ტერიტორიას მოიცავდა და მისი საზღვრები არასდროს ემთხვეოდა ეთნიკურ აფხაზეთს, ე.ი. აფხაზური ტომებით დასახლებულ მიწებს. ადმინისტრაციული ცენტრი – სოხუმი.

სექციების სია

ბუნება[რედაქტირება]

რელიეფი[რედაქტირება]

გეომორფოლოგიურად აფხაზეთი ძირითადად მთაგორიანი ქვეყანაა. დაახლოებით 74% მთებსა და მთისწინეთს უჭირავს, დანარჩენი — ვაკედაბლობებს. მთიან ნაწილში სტრუქტურულ-დენუდაციური ქედები და მათ შორის მოქცეული ტექტონიკურ-ეროზიული ხეობები ჭარბობს. ქედებიდან უდიდესია ჩრდილო-დასავლეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთისკენ გადაჭიმული კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედი. ქედის მთავარი მწვერვალებია: აგეფსთა (3257 მ), ფსიში (3970 მ), ერწახვი (3910 მ), დომბაიულგენი (4046 მ), გვანდრა (3985 მ). ასევე კლუხორისა (2781 მ) და მარუხის (2746 მ) უღელტეხილები. ქედის ამგებელ კამბრიულისწინა კრისტალურ და პალეოზოურ მეტამორფულ ქანებზე ძველი და თანამედროვე მყინვარული ფორმებით მდიდარი ალპური რელიეფი სჭარბობს. მთავარი ქედი ციცაბოდ ეშვება მდინარეების საკენის, ჩხალთისა და ბზიფის ტექტონურ-ეროზიული ხეობებისაკენ. აფხაზეთის მთიანი შუა ნაწილი უჭირავს კავკასიონის გვერდით ქედებს: გაგრის, ბზიფის, კოდორისა და სვანეთ-აფხაზეთის ქედებს, რომლებსაც თავის მხრივ, მრავალი განშტოება აქვთ. გაგრის მერიდიანულ ქედზე, რომელიც მდინარეების გაგრიფშისა და ჟოეკვარის ხეობებს ბზიფის ხეობისაგან გამოყოფს, უხვადაა განვიტარებული რელიეფის კარსტული ფორმები. აფხაზეთის თითქმის ცენტრალური ნაწილი ბზიფის სუბგანედურ ქედს (მწვ. კაპიშისტრა 3156 მ) მდინარეების კოდორის, ხიფსთის, ააფსთის, გუმისთის, კელასურისა და ბზიფის აუზების წყალგამყოფს უჭირავს. ქედის დასავლეთ ნაწილი კირქვებითაა აგებული და რელიეფის კარსტული ფორმებით ხასიათდება, აღმოსავლეთი ნაწილი პორფირიტულია, ჭარბობს მთა-ხეობათა ეროზიული და გლაციალური ფორმები. აფხაზეთის შუა, მთიანი ზოლის აღმოსავლეთი ნაწილი მდინარეების კოდორისა და ენგურის ღრმა ხეობებს შორის აღმართულ კოდორისა და სვანეთ--აფხაზეთის ქედებს უჭირავს. მწვერვალი ხოჯალის (3309 მ) დასავლეთით მდებარე კოდორის ქედი შედარებით დაბალია და თანამედროვე მყინვარებს მოკლებული. მწვერვალ ხოჯალის ჩრდილო-აღმოსავლეთით აზიდული სვანეთ-აფხაზეთის ქედი კი გაცილებით მაღალია (მწვერვალები მოგუაშირხა - 3847 მ, ხარიხრა - 3710 მ) და მარადი თოვლითა და მყინვარებით არის დაფარული. ამ ქედის ყველაზე მოხერხებული უღელტეხილია ხიდა (2633 მ), რომელიც აფხაზეთს ზემო სვანეთთან აკავშირებს. სვანეთ-აფხაზეთის ქედი ტიპიური ალპური რელიეფით ხასიათდება, კოდორის ქედს კი უმეტესად ნაზი რელიეფი აქვს. აქ უკიდურეს დასავლეთ კირქვულ ნაწილში კარსტული რელიეფია განვითარებული.

მთიანი აფხაზეთი გამოირჩევა ზედაპირის ეროზიული დანაწევრების დიდი სიღრმით. გასწვრივი ტექტონურ-ეროზიული ხეობები შედარებით განიერი და დამრეცია, განივი კი ვიწრო და დახრილი. ბევრგანაა კანიონი და კლდეკარი. აფხაზეთის კავკასიონის სამხრეთ კალთაზე გადაჭიმულია რთული აგებულების მთისწინეთის ზოლი, რომელიც მკვეთრად დანაწევრებული გორაკ-ბორცვიანი, სერებიანი და ტაფობებიანი რელიეფით გამოირჩევა. გავრცელებულია რელიეფის ტექტონურ-ეროზიული, კარსტული და მეწყრული ფორმები, აგრეთვე ზღვიური და მდინარული ტერასები. მთისწინეთში გამოიყოფა კირქვებით აგებული კარსტული (გაგრის, ახალი ათონის, სოხუმის, წებელდის) და არაკარსტული, ზოგან დამეწყრილი (განთიადის, მიუსერის, ეშერის და სხვა) უბნები. მთისწინეთს შავი ზღვის სანაპიროს გასწვრივ აკრავს ალუვიური ვაკე-დაბლობები, რომლებიც ზღვისაგან დიუნებით არის გამოყოფილი. სოხუმის ჩრდილო-დასავლეთით ვაკე-დაბლობს მცირე ტერიტორია უჭირავს, სამხრეთ აღმოსავლეთით კი თანდათანობით განვითარდება (სამურზაყანოს დაბლობი). აფხაზეთის სანაპირო ზოლი სწორხაზოვანია. აღსანიშნავია სოხუმისა და გაგრის უბეები, ბიჭვინთისა და სოხუმის კონცხები.

გეოლოგიური აგებულება და სასარგებლო წიაღისეული[რედაქტირება]

აფხაზეთი მოიცავს კავკასიონის სამხრეთი ფერდობის ნაოჭა სისტემისა და საქართველოს ბელტის დასავლეთ ნაწილების სტრუქტურებს. აქ წარმოდგენილია კამბიულისწინა, პალეოზოური, მეზოზოური და კაინოზოური ასაკის ქანები. კამბიულისწინ მეტამორფოზული ქანები ტერიტორიულად ჩრდილოეთ ნაწილშია გაშიშვლებული. პალეოზოური ასაკის ქანები - მეტამორფული ფიქლები , გრანიტოიდები, იშვიათად მარმარილო - გაშიშლებულია აგრეთვე ჩრდილოეთ ნაწილში, კავკასიონზე. ეს ქანები ინტენსიურად დეფორმირებული და დაწყვეტილია. მდინარეების ბზიფისა და კოდორის სათავეები ძირითადად ძლიერ დანაოჭებული ქვედაიურული შავი თიხაფიქლებითა და შუაიურული ვულკანური ქანებითაა აგებული. შუაიურული ასაკისაა აგრეთვე ქალაქ ტყვარჩელის მიდამოები, მდინარეების ფსოუსა და ბზიფის აუზების ქვანახშირის შემცვლელი თიხები და ქვიშაქვები. ზედაიურული ასაკის ქანები უმთავრესად რიფული კირქვებით არის წარმოდგენილი და აფხაზეთის ცენტრალურ ნაწილშია გავრცელებული. აღმოსავლეთით კირქვებს ცვლის თაბაშირიანი ფერადი თიხები და ქვიშაქვები, ხოლო ჩრდილოეთით თიხები, ქვიშაქვები დათხელშრეებრივი კირქვები. აფხაზეთის სამხრეთ ნაწილში გავრცელებული ცარცული და პალეოცენურ-ეოცენური ქანები ძირითადად კირქვებით და მერგელებით არის წარმოდგენილი, ხოლო ოლიგოცენური და ნეოგენური ასაკის ნალექები - ქვიშაქვებით, თიხებით და კონგლომერატებით. ეს უკანასკნელი შედგება კავკასიონის ამგებელი ქანების გადანარეცხი მასალებისაგან. აფხაზეთის სამხრეთ ნაწილში ზედაიურული, ცარცული, პალეოგენური და ნეოგენური ასაკის ქანები სუსტად არის დანაოჭებული. აფხაზეთი გეოლოგიურ აგებულებაში მნიშვნელოვანი როლი უჭირავს მეზოზოური ასაკის მაგმურ ქანებს (კარდივაჩის, სანჩარის, ლაბის, კელასურისა და გორაფის გრანიტოიდები და დიორიტები; ზედაიურული ასაკის დიაბაზის შრეძარღვები).

აფხაზეთის წიაღისეულიდან აღსანიშნავია ტყვარჩელისა და ბზიფის ქვანახშირის საბადოები, მდინარე ბზიფის სათავეში ვერცხლისწყლის საბადო. ბევრგანაა ტყვიის, თუთიის, სპილენძისა და სხვა ლითონების მადანგამოვლინებები. არალითონური წიაღისეულიდან გვხვდება ძირითადად ბარიტი (ბზიფის, კოდორის, მოქვისა და ააფსთის ხეობებში) და თაბაშირი, ხოლო საშენი და შესამოსი მასალიდან კირქვა, სააგურე თიხა, სერპენტინიტი, დიაბაზი და დიორიტი. განსაკუთრებით უხვად არის სამკურნალო მინერალური წყლები-ნახშირორჟანგიანი მინერალური წყაროები მდინარეების კოდორის, საკენის, გვანდრის, ჩხალთის ბზიფის, ავადჰარისა და სხვა ხეობებში, ხოლო თერმული სამკურნალო წყლები ტყვარჩელის, სოხუმის, ახალი ათონისა და გაგრის მიდამოებში.

ჰავა[რედაქტირება]

აფხაზეთში ჰავის ტიპები სიმაღლებრივი ზონების სახითაა გავრცელებული: ზღვის ნოტიო სუბტროპიკული ჰავა თბილი ზამთრითა და ცხელი ზაფხულით (ზ. დ. 300-400 მ-მდე); ნოტიო ჰავა ზომიერად ცივი ზამთრითა და ხანგრძლივი თბილი ზაფხულით (300-400 მ--დან 1000-1100 მ-მდე); ნოტიო ჰავა ცივი ზამთრითა და ხანგრძლივი გრილი ზაფხულით (1000-1100 მ-იდან 2000-2100 მ-მდე); მაღალმთის ნოტიო და გრილი ჰავა (2000-2100 მ-იდან 2800-2900 მ-მდე) და მაღალმთის ნივალური ჰავა (2800-2900 მ ზევით). ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურა ვაკედაბლობზე 13.9-იდან 15°C-მდე მერყეობს, გორაკ-ბორცვიან მთისწინეთში არის 13-14°C, ხოლო მთებში, 2600 მ სიმაღლეზე, 0°C; აფხაზეთის კავკასიონის უფრო მაღალ მთებში -9, -10°C-მდე ეცემა. ყველაზე თბილი თვის (ივლისი-აგვისტო) საშუალო ტემპერატურა უმაღლეს მტებზე 0°C-ზე დაბალია, სოხუმში კი 24.5°C აღწევს. ყველაზე ცივი თვის საშუალო ტემპერატურა სანაპიროზე 6°C არემატება. 500-600 მ-მდე იანვრის საშუალო ტემპერატურა ყველგან 0 მაღალია, ამიტომ იგი სუბტროპიკულ სარტყელს მიეკუთვნება. ზემოთ ტემპერატურა კლებულობს და აფხაზეთის კავკასიონის თხემზე -18, -19°C-მდე ეცემა. ჰაერის აბსოლუტური მაქსიმალური ტემპერატურაა 40-იდან 10-15°C-მდე, აბსოლუტური მინიმალური შესაბამისად -13-დან -35°C-მდე. მკვეთრია ტემპერატურის რყევა მთათაშუა ქვაბულებში, სადაც აღნიშნება ტემპერატურული ინვერსიები. 500-600 მ სიმაღლეზე აქტიური სავეგეტაციო პერიოდის ხანგრძლივობა 200 დღემდე გრძელდება, ხოლო 10°C-ზე მაღალი ტემპერეტურათა ჯამი 3000-3500° აღწევს, რაც სავსებით საკმარისია ბუნებრივი და კულტურული სუბტროპიკული მცენარეებისათვის. აფხაზეთი მდიდარია ატმოსფერული ნალექებით, მაგრამ იგი არათანაბრადაა განაწილებული როგორც ცალკეულ რაიონებს შორის, ისე წლის სეზონების მიხედვით. სანაპირო ზოლში საშუალოდ წლიურად 1310 მმ-იდან 1500-1550 მმ-მდე ნალექი მოდის. მთისწინეთსა და მთებში ნალექების რაოდენობა მატულობს: დურიფში (250 მ) - 1980 მმ, გაგრის ქედზე (1644 მ) - 2280 მმ, ავადჰარარაში (1600 მ) - 2480 მმ; ბზიფისა და კოდორის ქედების სამხრეთ კალთებზე 3000 მმ აღემატება. შედარებით ნაკლები ნალექი მოდის მთათაშორის ქვაბულებში (1500-1800 მმ). ნალექების მაქსიმუმი ზამთარშია მინიმუმი ზაფხულში. ამ მხრივ იგი ხმელთაშუა ზღვის ჰავის ტიპს ემსგავსება, ზამთარში ნალექების მნიშვნელოვანი ნაწილი თოვლის სახით მოდის. თოვლის საფარის სისქე ზღვისპირა ზოლში 10 სმ, მთებში კი 2-4 მ-ზე მეტია.

შიგა წყლები[რედაქტირება]

აფხაზეთის მდინარეთა ქსელი ხშირია. მთავარი მდინარეები კოდორი, ბზიფი, ღალიძგა, გუმისთა მოქვი და სხვები მიეკუთვნებიან შავი ზღვის აუზს. სასაზღვრო მდინარეებია ენგური და ფსოუ. მდინარეებზე ბევრი წყალვარნილი და ჭორომია, ახასიათებთ სწრაფი დინება, შესართავებთან ქმნიან მცირე დელტებს. მთავარი მდინარეები შერეული საზრდოობისაა: ზ. დ. 2000 მ-მდე უმთავრესად წვიმის წყლით, ზემოთ - თოვლისა და ყინულის დნობის წყლით. მიწისქვეშა წყლებით საზრდოობის როლი დიდია კარსტულ ზონაში. დონეების მაქსიმუმი გაზაფხულზე და ზაფხულის დასაწყისშია, მინიმუმი - ზამთარში. დროგამოშვებით იცის წყალმოვარდნები. შედარებით მუდმივი დომით გამოირჩევიან კარსტული მიწისქვეშა მდინარეები. აფხაზეთში ბევრი ტბაა: რიწა, ადუედა, აძიჟი, დერიკვარაძიში, ყვარაში, პატარა რიწა, ამტყელი, ცისფერი ტბა და სხვა. ისინი მაღალ მთებშია განლაგებული, უმეტესად მყინვარული და კარსტული წარმოშობისაა. ზღვისპირა ვაკე დაბლობზე ლაგუნური (ინკითის, ბებესირის, პაპანწყვილის) და ნამდინარევი ტბებია. ზოგი ტბა დონისა და სარკის ფართობის მკვეთრი ცვლილებადობით ხასიათდება. ტბების ნაწილი მდიდარია იქთიოფაუნით. ზღვისპირა ვაკე-დაბლობზე არის ჭაობები, რომელთა ნაწილი ამოშრობილია ან ამოშრობის პროცესშია. აფხაზეთის მაღალმთიან ნაწილში 376 მყინვარია (ფართობი დაახლოებით 70 კმ²), რომელთაგან მხოლოდ ხუთია პირველი თანრიგის.

ნიადაგები[რედაქტირება]

აფხაზეთის ზღვისპირა ვაკედაბლობებზე ალუვიური და ჭაობიანი ნიადაგები ჭარბობს. ჭარბტენიან ვაკე-დაბლობებზე ჭაობიანი და ტორფიან-ჭაობიანი ნიადაგებია, რომლებიც ტიპიურად გამოხატულიაგალის რაიონის ზღვისპირაზოლში. უკეთ დრენირებულ დამრეც ვაკე-დაბლობებზე ეწერი და ალუვიური კარბონატული ნიადაგებია გაბატონებული. გორაკ-ბორცვიან მთისწინეთში ვულკანოგენური ქანების გამოფიტვის პროდუქტებზე, ყვითელმიწები და წითელმიწებია, კირქვებისა და მერგელების გამოფიტვის პროდუქტებზე - ნეშომპალა-კარბონატული ნიადაგები. ეს ნიადაგები ხელსაყრელია ჩაის, ციტრუსების, ვაზისა და სხვა კულტურებისათვის. აფხაზეთის ტერიტორიის დიდი ნაწილი ტყეების ნიადაგებს უკავიათ. ისინი ქვედა, კირქვებით აგებულ, ზონაში წარმოდგენილია ნეშომპალა-კარბონატული, ხოლო არაკირქვულ ზონაში - საშუალო და მცირე სისქის ტყის ყომრალი ნიადაგებით. ზედა ზონაში ტყის ზედა სარტყელის კორბონატული ან ღია და გაეწრებული ტყის ყომრალი ნიადაგებია. სუბალბურ ზონაში კორდიანი და კორდიან-ტორფიანი მთის მდელოს ნიადაგებია, ხოლო ალპური მდელოების ზონაში - პრიმიტიული, მცირე სისქის კორდიან-ტორფიანი მთის მდელოს ნიადაგები. მცირე უბნების სახით თითქმის ყველა ზონაში გვხვდება ძლიერ ჩამორეცხილი და სუსტად განვიტარებული ნიადაგები.

მცენარეული საფარი[რედაქტირება]

აფხაზეთში 2000-ზე მეტი სახეობის მცენარეა, მათ შორის 150 სახეობის ხე და ბუჩქოვანი მცენარე. მცენარეულობა მდიდარია ენდემებით და რელიქტებით გავრცელების მხრივ ქმნიან მკაფიოდ გამოხატულ სიმაღლებრივ ზონებს. ზღვისპირა დიუნურ ზოლში იზრდება ფსამოფილური მცენარეულობა: რძიანა, ლურჯი ნარი, ზღვის სალათა, ზღვის შროშანა, ისლი და სხვა. ურო ღრმად მათ ქსერომიფოტული ბუჩქნარები (ძეძვი, კუნელი, ზღმარტლი, მაყვალი) ენაცვლება. ბიჭვინთის კონცხი შემოსილია ქსერომორფული ბუჩქნარებიანი რელიქტური ბიჭვინთის ფიჭვისკორომებით, რომლებიც ნაკლებადაა გამოცხადებული. ტენიან ვაკე-დაბლობებზე და მდინარისპირა ჭალებში ჭარბობს მურყნარი, რომელშიც შერეულია თუთა, იფანი, რელიქტური ლაფანი და სხვა. ჭარბტენიან უბნებში იზრდება ლელი, ჭილი, ისლი, წყლის ბაია, ჭარბობს ზამბახი; აქა იქ გვხვდება ტორფიანი ჭაობებიც. გორაკ-ბორცვიანიმთისწინეთი და მთების ქვედა კალთები (600-700 მ-მდე) მეზოფილურ კოლხურ ტყეებს უჭირავს. მთავარი ჯიშებია მუხა, რცხილა, წავლი, წიფელი, იფანი, ცაცხვი, მურყანი. მდიდარია გარეული ხეხილით (ლეღვი, პანტა, მაჟალო, ხურმა, ზღმარტლი, ტყემალი). ქვეტყეში იზრდება მარადმწვანე (შქერი, წვავი, ბაძგი, ბზა) და ფოთოლმცვივანი (თხილი, იელი, მოცვი) ბუჩქოვანები. ნოტიო ხეობებში გვხვდება რელიქტური უთხოვარი, ხშირია ლეშამბო: ეკალღიჭი, სურო, ღვეტკეცი, უსურვაზი, ზღვისპირა ვაკე-დაბლობებისა და გორაკ-ბორცვიანი მთისწინეთების ბუნებრივი მცენარეულობა მკვეთრად სახეშეცვლილია, უმეტესად გაჩეხილია. ამჟამად ჭარბობს მეორეული დაჯგუფებები და კულტურული ნაკვეთები: ბაღები, ბოსტნები, ჩაისა და ციტრუსოვანთა პლანტაციები. აფხაზეთის ტერიტორიის დაახლოებით 55% ტყით არის შემოსილი. დაბალმთიან ზონაში გავრცელებულია წიფლნარი, მასთან ერთად იზრდება რცხილა, წაბლი, ცაცხვი, ნეკერჩხალი, სოჭი და სხვა. ქვე-ტყეში ხშირია ბზა, თაგვისარა, შქერი, წყავი და მოცვი. საშუალმთიან ზონაში შერეული ტყეებია გაბატონებული. აქ ტიპიურია წიფლნარ-სოჭნარი და წიფლნარ-ნაძვნარი, გვხვდება ნაძვნარ-სოჭნარიც. წიფლნარი ზოგან ტყის ზედა საზღვრამე ადის. მთის ტყეებს ზემოთ სუბალპური ტანბრეცილა ტყეების, ბუჩქნარებისა და მაღალბალახეულობის ზოლი აკრავს. სუბალპური ტყეები ძირითადად შედგება მთის ნეკერჩხლისა და არყის ტანბრეცილა ხეებისაგან. ბუჩქოვანებიდან იზრდება ღვია, მოცვი, დეკა, ასკილი, მაღალბალახეულში ნაირბალახი ჭარბობს. სუბალპური მაღალბალახეულობა ზემოთ თანდათანობით გადადის სუბალპურ მდელოებში, სადაც ფართოდაა გავრცელებული ანგელოზა, დეზურა, ტილჭირი, კატაბალახა, კენკეშა, თივაქასრა და სხვა. მაღალი ქედების თხემები (2200-2800) უჭირავს ალპურ მდელოებს, რომლებიც ქვედა ნაწილში ქმნიან მთლიან საფარს, ზემოთ კი - ცალკეულ „ხალიჩებს“. ძარბობს კობრეზია, ნაღველა, ქვატეხია, წივანა, ბაია, ბუჩქისძირა, აფხაზეთის კირქვიანი ქედების სუბალპური და ალპური მდელოები მდიდარია მცენარეტა ენდემური სახეობებით. მაღალმთის მდელოები წარმოადგენს საზაფხულო საძოვრებს. აფხაზეთი მდიდარია ძვირფასმერქნიანი, სამკურნალო ნაყოფის მომცემი, საკვებად ვარგისი, თაფლოვანი და მთრიმლავი მცენარეებით.

ცხოველთა სამყარო[რედაქტირება]

აფხაზეთის ტერიტორიაზე გვხვდება როგორც ბარისა და მთის ტყის, ისე მაღლმთის ცხოველტა სახეობები. სუბალპურ და ალპურ მდელოებზე ბინადრობს ჯიხვი და არჩვი, რიწის ტყეებში ცხოვრობს კავკასიური ირემი. მრავალგანაა შველი, გარეული ღორი. XX საუკუნის დასაწყისში მოისპო კავკასიური დომბა. ფართოდაა გავრცელებული მგელი, ტურა, მელა, მაჩვი, კვერნა (თეთრყელა და ყვითელყელა), დედოფალა; ზოგან გვხვდება წვავი, ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში - ევროპული წაულა. ტყეებში ბინადრობს მურა დათვი, ფოცხვერი და ტყის კატა. ახლო წარსულში იყო ამიერკავკასიური ჯიქიც. ბევრია კურდღელი, კავკასიური ციყვი, ალთაური ციყვი (აკლიმატიზებულია), ძილგუდა ტყის დათვი, ყვითელყელა თაგვი, ჩია თაგვი, ბუჩქნარისა და ჩვეულებრივი მემინდვრია, აკლიმატიზებულია ნუტრია. მრავალგანაა ცხვირნალა, მღამიობი, პონტური ზღარბი, თეთრმუცელა კბილთეთრა, დიდი კბილთეთრა და სხვა.

ფრინველებიდან მაღალ მთებში ბინადრობს კავკასიური შურთხი, კავასიური როჭო, მაღრანი, ალპური ჭკა, ბევრია მწყერი, ტყის ქათამი, ყურყუმელა, იხვი, თოლია, ყანჩა ოფოფი, ნამგალა, ძერა, ქორი, მიმინო, არწივი, ორბი, ბატკანძერი, ბუ, ზარნაშო, ყვავი, ყორანი, მოლაღური, სკვინჩა და სხვა.

ქვეწარმავლებიდან გვხდება ხვლიკი, ბოხმეჭა, სპილენძა, გრძელი მცურავი, კავკასიური გველგესლა, ჭაობის კუ და სხვა.

ამფიბიებიდან: გომბეშო, ტყის ბაყაყი, ვასაკა, ტრიტონი დასხვა.

მდინარეებსა და ტბებში არის კალმახი, კოლხური წვერა, კოლხური ღორჯო, მურწა, ლოქო, გამბუზია. ზოგ მდინარეში შავი ზღვიდან შედის რაგული, სვია, ატლანტური ზუთხი, ფორეჯი და სხვა.

ბევრია მწერი, მორიელი, ობობასნაირი, კიბოსნაირი, მოლუსკი და სხვა.

აფხაზეთში ფაუნისა და ფლორის დასაცავად შექმნილია რიწის, ბიჭვინთისა და მიუსერის ნაკრძალები.

ისტორია[რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : აფხაზეთის ისტორია.

აფხაზეთის ტერიტორიაზე ადამიანის ცხოვრების კვალი არქეოლოგიურად დადასტურებულია ქვედა პალეოლითის პერიოდიდან (იაშთხვას ნამოსახლარი).[1][2][3][4] უკვე ძვ. წ. IV ათასწლეულიდან აფხაზეთში განვითარებული იყო არა მხოლოდ მიწათმომქედება და მესაქონლეობა, არამედ მექსოველეობა, კერამიკის წარმოება, ქვის, სპილენძისა და ბრინჯაოს დამუშავება. ძვ. წ. II ათასწლეულიდან შემორჩენილია მრავალი დოლმენი.

ანტიკური ხანა[რედაქტირება]

ანტიკური ხანისა და შუა საუკუნეების მხარეები აფხაზეთში:
1. მთიანი აფხაზეთი (ძირითადი აფხაზეთი)
2. ზღვისპირა აფხაზეთი (ძვ. სამხრეთი ჰენიოხეთი)
3. შიდა ჰენიოხეთი (სანიგეთი)
4. ჯიქეთი (ძვ. ჩრდილო ჰენიოხეთი)
5. აბსილეთი (ძვ. კორახეთი)
6. მისიმიანეთი (ძვ. კოლაეთი)
7. აფხაზეთისა და ეგრისის სანაპირო მხარე „შუა სოფელი“

ანტიკური ეპოქის დასაწყისისათვის დასავლეთ საქართველოში ყალიბდება კოლხეთის სამეფო, რომელიც აფხაზეთის ტერიტორიასაც მოიცავს. ძვ. წ. VI-V საუკუნეებში აქაური დასახლებების ბაზაზე წარმოიქმნა ძველბერძნული ახალშენები: დიოსკურია, გიენოსი, ტრიგლიტი, პიტიუნტი და სხვები. ძვ. წ. I საუკუნეში კოლხეთის სამეფო დასუსტდა და დაიშალა. ამის შედეგად აფხაზეთის ტერიტორიაზე აფსილების, აბაზგების და სანიგების სამთავროები წარმოიქმნა, ხოლო მთიან ზონაში – მისიმიანთა სვანური გაერთიანება. III-IV საუკუნეებში ჩამოყალიბდა ლაზთა სამეფო, რომელმაც თავისი ძალაუფლების ქვეშ მთელ კოლხეთთან ერთად გააერთიანა აფხაზეთის ტერიტორიაც. V-VI საუკუნეებში აფხაზურმა ტომებმა დასავლეთით გადაინაცვლეს. ამ პერიოდში ლაზიკის საზღვარი თანამედროვე სოჭის ჩრდილოეთით გადიოდა.

შუასაუკუნეები[რედაქტირება]

VIII საუკუნეში ჩამოყალიბდა აფხაზეთის სამთავრო, რომელმაც გააერთიანა მთელი დასავლეთ საქართველო. ახალ პოლიტიკურ ერთეულს „აფხაზთა სამეფო“ ეწოდებოდა და დედაქალაქი ქუთაისში ჰქონდა. IX-X საუკუნეებში აფხაზეთი ერთიანი ქართული სამეფოს შემადგენლობაში შედიოდა საერისთავოს სახით. საქართველოს სამეფო-სამთავროებად დაშლის შემდეგ, XVII საუკუნის დასაწყისში შეიქმნა აფხაზეთის დამოუკიდებელი სამთავრო, რომელიც XVII–XVIII საუკუნეებში ფორმალურად იმერეთის სამეფოში შედიოდა.

რუსეთის იმპერიის მმართველობა[რედაქტირება]

სოხუმის სამხედრო განყოფილება[რედაქტირება]

1810 წელს აფხაზეთის მთავარმა რუსეთის მფარველობა მიიღო. 1864 წელს რუსეთის მთავრობამ აფხაზეთის სამთავრო გააუქმა და შეიქმნა სოხუმის სამხედრო განყოფილება უწოდა.

სოხუმის ოლქი[რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : სოხუმის ოლქი.

ახალი და უახლესი პერიოდები[რედაქტირება]

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა[რედაქტირება]

1918 წლის 13 სექტემბრს მიღებული "საქართველოს ეროვნულ საბჭოში ეროვნულ უმცირესობათა წარმომადგენლობის შესახებ" კანონის თანახმად, აფხაზებს ეროვნული უმცირესობის წარმომადგენლებისთვის გათვალისწინებული 26 ადგილიდან ჰქონდათ 3 ადგილი[5].

1918-21 წლებში აფხაზეთი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შემადგენლობაში შევიდა ავტონომიის სტატუსით. ეს აისახა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების მიერ 1921 წლის თებერვალს მიღებულ საქართველოს კონსტიტუციაში, რომელიც ეხება ქვეყნის ეროვნულ-სახელმწიფოებრივ მოწყობას. კერძოდ, კონსტიტუციის მეთერთმეტე თავის 107–ე მუხლში ნათქვამია:

ვიკიციტატა
„თავი 11. ავტონომიური მმართველობა

მუხლი 107.

საქართველოს რესპუბლიკის განუყოფელ ნაწილებს – აფხაზეთს/სოხუმის ოლქი/, სამუსლიმანო საქართველოს (ბათომის მხარე) და ზაქათალას/ზაქათალის ოლქი/, ენიჭებათ ადგილობრივ საქმეებში ავტონომიური მმართველობა.

მუხლი 108.

წინა მუხლში მოხსენებულ ავტონომიურ მმრთველობათა დებულებანი შემუშავებული იქნება ცალკე კანონით.[6]

1921 წლის 25 თებერვალს საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ანექსიის გამო ავტონომიურ მხარეების შესახებ დებულებების შემუშავება ცალკე კანონის სახით შეუძლებელი გახდა.

აფხაზეთი საქართველოსთან ერთად გახდა საბჭოთა კავშირის შემადგენელი ნაწილი.[7] [8]

საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა[რედაქტირება]

აფხაზეთის სსრ-ს დროშა (1921).
აფხაზეთის ასსრ-სდროშა (1978).

1921 წლის 4 მარტს შეიქმნა საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა აფხაზეთი; 16 დეკემბერს აფხაზეთის სსრ-მ მიიღო ე.წ. ხელშეკრულებითი რესპუბლიკის სტატუსი და, ფაქტობრივად, შევიდა საქართველოს შემადგენლობაში. 1925 წელს მიღებულ იქნა აფხაზეთის სსრ კონსტიტუცია. ამ ე.წ. კონსტიტუციის ამოქმედება საბჭოთა რეჟიმის პირობებშიც კი არ მომხდარა. აფხაზეთის საბჭოების მესამე ყრილობამ გადაწყვიტა, დაესრულებინა წარმოდგენილი კონსტიტუციის პროექტი და შესაბამისობაში მოეყვანა საქართველოს სსრ და ამიერკავკასიის სოციალისტური ფედერაციული საბჭოთა რესპუბლიკების კონსტიტუციებთან. კონსტიტუციის ტექსტი, რომელიც განხილულ იქნა აფხაზეთის საბჭოების მესამე ყრილობის მიერ, არ გამოქვეყნებულა. 1925 წლის კონსტიტუციის მიხედვით, აფხაზეთის სსრ მოსახლე ყველა ეროვნებისათვის უზრუნველყოფილი იყო მშობლიური ენის თავისუფალი განვითარებისა და გამოყენების უფლება როგორც თავის ეროვნულ-კულტურულ, ისე საერთო-სახელმწიფო დაწესებულებებში, აფხაზეთის სსრ სახელმწიფო დაწესებულებათა ენად კი აღიარებული იყო რუსული ენა[5].

1931 წელს საქართველოსა და აფხაზეთის საბჭოების ყრილობის გადაწყვეტილებით აფხაზეთი იქცა ავტონომიად საქართველოს სსრ შემადგენლობაში[5].

აფხაზეთის, როგორც ავტონომიური რესპუბლიკის სამართლებრივი მდგომარეობა ფიქსირებული იქნა სსრ კავშირის 1936 წლის, საქართველოს სსრ 1937 წლისა და აფხაზეთის ასსრ 1937 წლის კონსტიტუციებში, შემდეგ კი სსრ კავშირის 1977 წლის, საქართველოს სსრ 1978 წლისა და აფხაზეთის ასსრ 1978 წლის კონსტიტუციებში[5].

აფხაზური სეპარატიზმი საბჭოთა წლებში იძენს ორგანიზებულ ხასიათს. ქართულ-აფხაზური ურთიერთობების ერთ-ერთი სერიოზული გამწვავება ემთხვევა სსრკ-ის ახალი 1978 წლის კონსტიტუციის მიღების პერიოდს და მისი საბაბი ხდება აფხაზეთის სტატუსის საკითხი; 1985 წლიდან დაწყებული "პერესტროიკის" შემდეგ საქართველოში დაიწყო ღია ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობას საქართველოს დამოუკიდებლობისათვის, რასაც მკვეთრად დაუპირისპირდა ჯერ საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობა. ამან, თავის მხრივ, აფხაზთა სეპარატისტული მოძრაობის გააქტიურება გამოიწვია[5].

სსრკ-ს დაშლის შემდგომ[რედაქტირება]

1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმის შედეგების საფუძველზე საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ჩატარდა თავისუფალი არჩევნები. 1991 წლის 9 აპრილს უზენაესმა საბჭომ 1918 წლის 26 მაისის საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე მიიღო დეკლარაცია საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის შესახებ. საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე საქართველო იყო პირველი რესპუბლიკა, რომელმაც გამოაცხადა დამოუკიდებლობა. ამან კიდევ უფრო გააძლიერა რუსული აგრესია. ამ აგრესიის მეტ-ნაკლებად შეკავებისა და გამოსავალის პოვნის მიზნით, ქართული მხარე მნიშვნელოვან დათმობაზე წავიდა: 1991 წლის 9 ივლისს მიღებულ იქნა აფხაზეთის ახალი საარჩევნო კანონი. ამ კანონის მიხედვით აფხაზეთის ასსრ უმაღლეს საბჭოში უმრავლესობა დაეთმო უმცირესობას:

  • მოსახლეობის 47 % (ქართველები) პარლამენტში წარმოდგენილ იქნა 26 დეპუტატით;
  • 17 % (აფხაზები) – 28 დეპუტატით;
  • დანარჩენი (სხვადასხვა ეთნიკური მოსახლეობა) – 11 დეპუტატით;

ამავე კანონით განისაზღვრა, რომ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე უნდა ყოფილიყო აფხაზი, რომელსაც ეყოლებოდა ორი მოადგილე – ერთი ქართველი და ერთი სხვა ეროვნების; მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარედ კი დაინიშნებოდა ქართველი. ამ დათმობების მიუხედავად, აფხაზეთის ასსრ ხელმძღვანელობა უამრავ არაკანონიერ ქმედებას ახორციელებდა, იღებდა ანტიკონსტიტუციურ სამართლებრივ აქტებს. განსაკუთრებით აღსანიშნავია აფხაზეთის ასსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის დადგენილება, რომლის თანახმადაც, აფხაზეთის ტერიტორიაზე იურიდიული ძალის არმქონედ და გაუქმებულად გამოცხადდა საქართველოს კანონები. სეპარატისტული "კანონშემოქმედებითი" საქმიანობის უკანასკნელი გამოვლინება იყო 1992 წლის 23 ივლისს აფხაზეთის ასსრ უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც შეწყდა აფხაზეთის ასსრ 1978 წლის კონსტიტუციის მოქმედება და აღდგენილ იქნა აფხაზეთის სსრ 1925 წლის კონსტიტუცია.

სტატუსი[რედაქტირება]

აფხაზეთს, ცხინვალის რეგიონთან ერთად, საქართველოს კანონმდებლობით, მინიჭებული აქვს ოკუპირებული ტერიტორიის სტატუსი.

ხელისუფლება და ადმინისტრაციული დაყოფა[რედაქტირება]

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა[რედაქტირება]

დღევანდელი აფხაზეთი ავტონომიური რესპუბლიკაა საქართველოს შემადგენლობაში, რომელიც მოიცავს გაგრის, გალის, გუდაუთის, გულრიფშის, ოჩამჩირის და სოხუმის მუნიციპალიტეტების ტერიტორიას. 1993 წლიდან აფხაზეთის მთელი ტერიტორია (2008 წლამდე კოდორის ხეობის გამოკლებით) სეპარატისტული რეჟიმის კონტროლქვეშაა.

მარიონეტული დე ფაქტო მთავრობა[რედაქტირება]

სეპარატისტთა შეიარაღებული ძალები[რედაქტირება]

დემოგრაფია[რედაქტირება]

ეთნიკური შემადგენლობა[რედაქტირება]

რელიგია[რედაქტირება]

[9]

ეკონომიკა[რედაქტირება]

კულტურა[რედაქტირება]

ღირსშესანიშნაობანი[რედაქტირება]

აფხაზეთის ისტორიული ძეგლები

ქალაქი სოხუმი:

ოჩამჩირის მუნიციპალიტეტი:

გუდაუთის მუნიციპალიტეტი:

გაგრის მუნიციპალიტეტი:

გულრიფშის მუნიციპალიტეტი:

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. Бердзенишвили Н. З., Новые данные о палеолите Абхазии, «დ. გულიას სახ. აფხაზეთის ენის, ლიტერატურისა და ისტორიის ინსტიტუტის შრომები», 1959, ტ. 30
  2. Замятник Ц. П., Палеолит Абхазии, «Труды Института абхазской культуры», 1937 в. 10
  3. Коробков И. И., Итоги патилетних исследований Яштухского палеолитического местонахождения, «Советская археологиа», 1957, № 4
  4. თუშაბრამიშვილი დ., ქსე, ტ. 5, გვ. 65-66, თბ., 1980
  5. 5.0 5.1 5.2 5.3 5.4 აფხაზეთი – მოკლე ისტორია - Parliament.ge
  6. *საქართველოს კონსტიტუცია (pdf). არსრული ვერსია - საკვანძო მუხლები. არასამთავრობო ორგანიზაცია ”საქართველოს დეპუტატთა კლუბი-28 ოქტომბერი”.;
  7. Автандил Ментешашвили, Исторические предпосылки современного сепаратизма в Грузии // Грузино-Абхазские отношения, Тбилиси, 1998 (ტექსტი)
  8. Автандил Ментешашвили, Исторические предпосылки современного сепаратизма в Грузии // Грузино-Абхазские отношения, Тбилиси, 1998 (დოკუმენტები)
  9. Александр Крылов. ЕДИНАЯ ВЕРА АБХАЗСКИХ "ХРИСТИАН" И "МУСУЛЬМАН". Особенности религиозного сознания в современной Абхазии, Credo.Ru 17-03-2004

ლიტერატურა[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]