თეოდორ რუზველტი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
თეოდორ რუზველტი
Theodore Roosevelt
თეოდორ რუზველტიTheodore Roosevelt
აშშ-ის 26-ე პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
14 სექტემბერი, 1901 – 4 მარტი, 1909
ვიცე-პრეზიდენტი   არავინ (1901-05),[1]
ჩარლზ ფერბენკსი (1905-09)
წინამორბედი უილიამ მაკ-კინლი
მემკვიდრე უილიამ ჰოვარდ ტაფტი

თანამდებობაზე ყოფნის დრო
4 მარტი, 1901 – 14 სექტემბერი, 1901
პრეზიდენტი უილიამ მაკ-კინლი
წინამორბედი გარეტ ჰობარტი
მემკვიდრე ჩარლზ ფერბენკსი

ნიუ-იორკის გუბერნატორი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
1 იანვარი, 1899 – 31 დეკემბერი, 1900

აშშ-ის სამხედრო-საზღვაო მდივნის მოადგილე
თანამდებობაზე ყოფნის დრო
1897 – 1898
პრეზიდენტი უილიამ მაკ-კინლი

ნიუ-იორკის პოლიციის უფროსი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
1895 – 1897

დაბადებული 27 ოქტომბერი, 1858
ნიუ-იორკი
გარდაცვლილი 6 იანვარი, 1919
ოისტერ ბეი, ნიუ-იორკი
პოლიტიკური პარტია რესპუბლიკური პარტია (1897–1912)
პროგრესული პარტია (1912–1916)
მეუღლე 1.ელის ჰატაუეი ლი რუზველტი
2. ედიტ რუზველტი
საქმიანობა პოლიტიკოსი, მწერალი, ისტორიკოსი, მკვლევარი
ხელმოწერა Theodore Roosevelt Signature2.svg

თეოდორ რუზველტი (ინგლ. Theodore Roosevelt; დ. 27 ოქტომბერი, 1858 — გ. 6 იანვარი, 1919) — ამერიკელი პოლიტიკური მოღვაწე, აშშ-ის 26-ე პრეზიდენტი და 25-ე ვიცე-პრეზიდენტი რესპუბლიკური პარტიიდან.

რუზველტი მდიდარ ოჯახში დაიბადა. იგი ავადმყოფი ბავშვი იყო, მას ასთმა ჰქონდა. ჯანმრთელობის პრობლემების გამო იგი ბავშვობის დიდ დროს სახლში ატარებდა და ბუნებისმეტყველებას სწავლობდა. ფიზიკური სისუსტის საპასუხოდ, მან დაძაბული რიტმით ცხოვრება დაიწყო. იგი სწავლობდა ჰარვარდში, სადაც იგი კრივის ჩემპიონატებში მონაწილეობდა, ასევე ინტერესი სამხედრო-საზღვაო საკითხების მიმართ გაუჩნდა. ჰარვარდის დამთავრებიდან ერთი წლის შემდეგ, 1881 წელს, იგი ნიუ-იორკის შტატის საკანონმდებლო ორგანოში აირჩიეს, რისი წევრიც 1884 წლამდე იყო. მისი პირველი ისტორიული წიგნი „The Naval War of 1812“ 1882 წელს გამოიცა, რამაც მას სერიოზული ისტორიკოსის რეპუტაცია შეუქმნა. იგი რამდენიმე წელი ბედლენდში ცხოვრობდა. ამის შემდეგ რუზველტი ნიუ-იორკში დაბრუნდა, სადაც პოლიციაში მუშაობდა და სახელი კორუფციასთან ბრძოლით გაითქვა. 1897 წელს იგი სამხედრო-საზღვაო მდივნის მოადგილედ დაინიშნა. როდესაც ამერიკა-ესპანეთის ომი დაიწყო იგი თანამდებობიდან გადადგა და საომარ მოქმედებებში პატარა პოლკს ხელმძღვანელობდა კუბაში, რისთვისაც ღირსების მედალი დაიმსახურა. ომის შემდეგ იგი ნიუ-იორკში დაბრუნდა და შტატის გუბერნატორი გახდა. 1900 წელს ის აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს.

1901 წელს პრეზიდენტი უილიამ მაკ-კინლი მოკლეს, ხოლო ახალი პრეზიდენტი 42 წლის რუზველტი გახდა. იგი აშშ-ის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა პიროვნება იყო, ვინც პრეზიდენტის თანამდებობა დაიკავა.[2] რუზველტმა სცადა რესპუბლიკური პარტიის პროგრესივიზმის მიმართულებით წაყვანა, მათ შორის ბიზნესის რეგულირების გაზრდა. მან მაკ-კინლის იმპერიალისტური პოლიტიკა გააგრძელა. მას ეკუთვნის გამოთქმა დიდი კეტის პოლიტიკა და „მსოფლიო პოლიციელი“. როგორც ბუნების მკვლევარი იგი ხელს უწყობდა კონსერვაციის მოძრაობას. რუზველტს დიდი წვლილი მიუძღვის პანამის არხის დასრულებაში. მან დიდი თეთრი ფლოტი მსოფლიოს გარშემო გაგზავნა აშშ-ის ძალის დემონსტრირების მიზნით. იგი რუსეთ-იაპონიის ომის დასრულებისთვის მოლაპარაკებებს მართავდა, რისთვისაც, 1906 წელს, ნობელის მშვიდობის პრემია დაიმსახურა.[3]

1908 წელს მან უარი თქვა მესამე ვადით პრეზიდენტობაზე და მხარი მისი კაბინეტის ომის მდივანს უილიამ ტაფტს დაუჭირა. პოსტის დატოვების შემდეგ იგი წავიდა საფარიში, აფრიკაში და იმოგზაურა ევროპაში. აშშ-ში დაბრუნების შემდეგ მასსა და უილიამ ტაფტს შორის განხეთქილება მოხდა. რუზველტმა წარუმატებლად სცადა რესპუბლიკელთა ნომინაციის მოპოვება 1912 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში. ამის შემდეგ მან პროგრესული პარტია დააფუძნა და არჩევნებში მონაწილეობა მისი სახელით მიიღო, სადაც მეორე ადგილი დაიკავა, დაამარცხა ტაფტი, მაგრამ დამარცხდა ვუდრო უილსონთან. იგი მესამე პარტიის ერთადერთი წარმომადგენელი იყო, ვინც არჩევნებში მეორე ადგილის დაკავება შეძლო. არჩევნების შემდეგ იგი სამხრეთ ამერიკის ექსპედიციაში წავიდა. მდინარეს, რომლითაც ის მოგზაურობდა ამჟამად მისი სახელი ჰქვია. მოგზაურიბის დროს რუზველტი მალარიით დაავადდა, რამაც მისი ჯანმრთელობა დააზარალა. იგი რამდენიმე წლის შემდეგ, 60 წლის ასაკში, გარდაიცვალა. მეცნიერების მიერ რუზველტი აშშ-ის ერთ-ერთ საუკეთესო პრეზიდენტადაა მიჩნეული.

თეოდორ რუზველტს, მისი კოლეგა, აშშ-ის 32-ე პრეზიდენტი ფრანკლინ დელანო რუზველტი შორეულ ნათესავად ეკუთვნოდა, ხოლო ფრანკლინის მეუღლე ელეონორა რუზველტი თეოდორის ძმისშვილი იყო.

სქოლიო[რედაქტირება]

  1. აშშ-ის კონსტიტუციის 25-ე შესწორების რატიფიკაციამდე (1967 წელი) ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა გამოთავისუფლების შემთხვევაში მომავალ არჩევნებამდე ვაკანტური რჩებოდა. Find Law for Legal Professionals - U.S. Constitution: Twenty-Fifth Amendment - Annotations
  2. 43 წლის ჯონ კენედი ყველაზე ახალგაზრდა პიროვნება იყო, ვინც პრეზიდენტად აირჩიეს. 1904 წლამდე (46 წლის) რუზველტი არჩეული პრეზიდენტი არ იყო.
  3. Frederick W. Marks III, Velvet on Iron: The Diplomacy of Theodore Roosevelt (1979); Greg Russell, "Theodore Roosevelt's Diplomacy and the Quest for Great Power Equilibrium in Asia," Presidential Studies Quarterly 2008 38(3): 433-455
Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: