მსხვილი რქოსანი საქონელი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ძროხა

მსხვილი რქოსანი საქონელი — შინაური წყვილჩლიქოსანი მცოხნავი ცხოველები ღრურქიანების ოჯახისა. მათ განეკუთვნება კამეჩი, იაკი და ჩვეულებრივ ძროხის გვარში (Bos) შემავალი მსხვილი რქოსანი საქონლის ყველა შინაური ჯიში. მსხვილი რქოსანი საქონელი (Bos taurus) მხოლოდ შინაური ფორმით გვხვდება. მისიწინაპარია ტური (Bos primigenius), რომლის მიშიაურება დაახლოებით 8 ათასი წლის წინათ დაიწყო, თვითონ კი XVII საუკუნის დასაწყისში ამოწყდა.

მსხვილი რქოსანი საქონელს იყენებენ რძის, ხორცის, ტყავის, სასაკლაოს სხვა პროდუქციის, გამწევი ძალისა და ნაკელის მისაღებად. სპეციალიზებული მეხორცული ჯიშები მერძეულთან შედარებით სწრაფად სუქდება, იძლევა დიდ საკლავ წონას და უკეთესი ხარისხის ხორცს. 1,5 — 2 წლის მოზარდეულის წონა საშუალოდ 400-500 კგ აღწევს. სანაშენე წიგნში ჩაწერილი მერძეული ფურების საშუალო წლიური მონაწველია 3500-6000 კგ რძე, რომლის ცხიმიანობაა 3,6-4%. რეკორდული მონაწველია: დღიური — 82,2 კგ, წლიური — 20 000 კგ, მთელი სიცოცხლის მანძილზე — 120 247 კგ. ლაქტაცია გრძელდება საშუალოდ 280-320 დღე, მერძეულ ფურს იყენებენ 12-13 წლის განმავლობაში.

სხვადასხვა ჯიშის ზრდასრული ფურების ცოცხალი მასაა 200-600 კგ. უდიდესია 1000 კგ-ზე მეტი; კურების — 300-900 კგ, უდიდესია — 1600 კგ. დეკეულს დაგრილებაზე უშვებენ 16-22, ხოლო კუროს 14-18 თვისას, მაკეობა გრძელდება საშუალოდ 285 დღე. ფური ერთნაყოფიანია, ტყუპი იშვიათია (2%). სხვადასხვა ქვეყნის კლიმატური ზონისათვის გამოყვანილია მსხვილი რქოსანი საქონლის ბევრი ჯიში. საქართველოში უმთავრესად გავრცელებულია კავკასიური წაბლა, სტეპის წითელი, შვიცური და შავჭრელი, აგრეთვე ენდემური ჯიში: წითელი მეგრული, ადგილობრივი ჯიში — ქართული მთის საქონელი და სხვა.

ლიტერატურა[რედაქტირება]