ხულუტი

მდინარე ხრამის (თეთრიწყაროს რაიონი) ხეობა მონასტერ ფიტარეთის მიდამოებში მეტად ღრმაა, სანახავად ლამაზი და თან ძნელად გასასვლელი. ფეოდალური საქართველოს უკანასკნელ პერიოდში ეს მხარე ორბელიანების ერთ-ერთ შტოს, ყაფლანიშვილებს ეკუთვნოდათ. მათი ცხოვრების კვალი კარგად ჩანს სხვადასხვა ადგილას. დიდი მასშტაბის მშენებლობა უწარმოებიათ ხულუტის ციხეზე.
საინტერესოა ციხის აგების ისტორია, რომელსაც ალექსანდრე ორბელიანი გადმოგვცემს. შაჰ-აბასის ყორჩიბაშს, რომელსაც გამაჰმადიანებამდე ვახტანგი რქმევია, ყაფლანისათვის უთხოვია, ერთ-ერთი შვილი აღსაზრდელად მისთვის გაეგზავნა. ყაფლანს თხოვნა აუსრულებია და მისთვის მესამე შვილი, ორბელი გაუგზავნია. კარგა ხნის შემდეგ უკან დაბრუნებული ორბელისათვის ყორჩიბაშს მამასთან ფული და წერილი გამოუტანებია. წერილში რჯულგამოცვლილი ყორჩიბაში ითხოვდა, ქრისტიანობაზე გული არ შემცვლია და ამ ფულით ფიტარეთის პატარა ეკლესია შეამკეთო.
დიდი შიშიანობის გამო, ყაფლანს ეკლესიის ნაცვლად ამ ფულით ხულუტის ციხე აუშენებია. ეს რომ ყორჩიბაშს გაუგია. კიდევ გამოუგზავნია ფული, რაც უკვე მართლაც ეკლესიის საქმეს მოხმარებია.
ზემოაღნიშნულიდან ვიგებთ, რომ ხულუტის ციხე აუგია ყაფლან ორბელიანს XVII საუკუნის პირველ მესამედში. იგი არა მარტო ციხე, ციხე-დარბაზიც ყოფილა.
ციხე ძირითადად ორ მონაკვეთადაა გაყოფილი. თითოეულ მონაკვეთს კოშკები განსაზღვრავს, შუაში პატარა ეზოა.
ციხის კედლებში დიდი და პატარა ხუთი კოშკია ჩაქსოვილი. თითოეული მათგანი პირველ რიგში საცხოვრებელია, შემდეგ უკვე საბრძოლო.
კოშკებში გამოირჩევა ჩრდილო-დასავლეთისა. ფაქტიურად იგი კოშკურად გადაწყვეტილი სასახლეა, რომელსაც მთელ სიმაღლეზე კედელი ჰყოფს. თითოეული ნაწილი დაყოფილია სართულებად, მაგრამ რაკი შენობა ქანობზე დგას, მათი დონეებიც სხვადასხვაა. გამყოფ სქელ კედელში საფეხურებია მოწყობილი. კოშკის ჩრდილო ნაწილში ექვსი, სამხრეთ ნაწილში კი შვიდი საცხოვრებელი სართულია. ბოლო, ე. ი. მეშვიდე და მერვე სართულები საბრძოლოა, აღჭურვილია ნისკარტა ფორმის სალოდეებით. ზედა საცხოვრებელ სართულებს დიდი, თითქმის კედლის სიგრძის ფანჯრები აქვს. როგორც წესი, სართული ნათდება ორ-ორი ფანჯრით, მაგრამ არის გამონაკლისი, სადაც იგი სამი ან ოთხიცაა. საჭიროების მიხედვით მოთავსებულია ბუხრები და სამეურნეო დანიშნულების ნიშები.
აღწერილ კოშკს სიდიდით ჩამორჩება სამხრეთ-აღმოსავლეთის კოშკი. იგი პატარაა, მაგრამ კოხტა. მისი ოთხი სართულიდან სამი
საცხოვრებელია, მეოთხე კი - საბრძოლო. კოშკი მდინარეს დაჰყურებს საკმაოდ მაღალი კლდიდან. მასში მოხვედრა შეიძლება აღმართზე მიმავალი გვირაბით - თვით გვირაბში კი მოვხვდებით ერთსართულიანი საცხოვრებელი სადგომიდან, რომელიც რთულია და ეტყობა, გამანაწილებლის როლს ასრულებდა. აქედანვე შეიძლება მოხვდეთ ორ სხვა კოშკში, მდინარეზე ჩამავალ გვირაბში, საპირფარეშოში და სხვა. ამ სადგომსა და კოშკს შორის მოთავსებულია მოზრდილი წყალსაცავი. მათ ზემოთ ბანი იყო, კედლებში კი სათოფურებია ჩამწკრივებული.
იქვე, მარცხნივ არსებული მესამე კოშკი, კიდევ უფრო პატარაა. იგი ძირითადად აღმოსავლეთის კარის მისადგომებს იცავდა. აქვს პატარა კარი, კედლებში მოწყობილია სათოფურები, სარკმელი, და ბუხარი.
ჩრდილო-აღმოსავლეთის ცილინდრული კოშკიც ნაწილობრივ შესასვლელს იცავდა. ეზოს სივიწროვის გამო მასში მოხვედრა გაძნელებულია. სამივე სართულზე სათოფურებია განლაგებული, მეორე სართულზე კი სამი სალოდეცაა. ზემოთ სათოფურებით გაწყობილი ქონგურებიანი ბანია. ამ გალავნის საბრძოლო ბილიკებზე გასვლა კოშკის გვერდითა კარებიდან ხდებოდა.
ციხის მეხუთე და უკანასკნელი კოშკი მდებარეობს სამხრეთ-დასავლეთის კუთხეში. ისიც ნაწილობრივ ციხის მეორე შესასვლელს იცავს. ორ სართულს კამაროვანი გადახურვა აქვს. ზემოთ აქაც სალოდითა და სათოფურებით გაწყობილი ბანია. სათოფურები მეორე და მესამე სართულებშიცაა.
ციხის ეზოს სივიწროვის გამო საცხოვრებელი სახლი კოშკურადაა გადაწყვეტილი: ორი სართული საცხოვრებელია ბუხრებითა და ფანჯრებით, მათ ზევით სათოფურებიანი ბანია.
მთელი ციხე ძალიან მტკიცედაა ნაგები ადგილობრივი კლდის ქვით. იგი აღმართულია ღრმა ხეობის ვიწრო ყელში. მდინარის მარცხენა მხარეს, მთის ფერდობზე, კლდოვანი კონცხია. ხეობაში გამვლელი ამ კონცხს გზას ვერ აუქცევდა, რადგან მთა მაღალი და მიუდგომელია, ხოლო მოპირდაპირე მხარეს ბილიკის ადგილიც არ რჩება. ვინც ამ კონცხს სდარაჯობდა, ხეობის ბატონიც ის იყო. სწორედ ამიტომ აღუმართავთ ამ ადგილზე ციხე-სიმაგრე.
ხულუტის ციხე XVIII საუკუნის შუა წლებშიც იხსენიება რამდენჯერმე, როგორც საიმედო სიმაგრე.