indoeTis okeane

ანდამანის ზღვა მოუსონის ზღვა
არაბეთის ზღვა თანამეგობრობის ზღვა
არაფურის ზღვა კოსმონავტთა ზღვა
დეივისის ზღვა წითელი ზღვა
ლაკადივის ზღვა ტიმორის ზღვა

 

ინდოეთის ოკეანე - (ინგ. Indian Ocean) (რუს. Индийский океан)

ფართობითა და სიღრმით მესამე ოკეანე დედამიწის ოკეანეებს შორის, რომელიც ფარავს მისი წყლის ზედაპირის 20%-ს. მისი ფართობია 76,174 მილიონი კმ2, მოცულობა 282,65 მილიონი კმ3. ოკეანის უღრმესი წერტილი ზონდის ღარშია (7729 მ).

ჩრდილოეთით ეკვრის აზიას, დასავლეთით აფრიკას, აღმოსავლეთით ავსტრალიას; სამხრეთით ესაზღვრება ანტარქტიდას. საზღვარი ატლანტის ოკეანესთან გადის აღმოსავლეთ გრძედის 20° მერიდიანზე; წყნარ ოკეანესთან აღმოსავლეთ გრძედის 146°55 მერიდიანზე. ინდოეთის ოკეანის უკიდურესი ჩრდილოეთი წერტილი  არის სპარსეთის ყურეში, ჩრდილოეთ განედის დაახლოებით 30° მერიდიანზე. ინდოეთის ოკეანის სიგანეა დაახლოებით 10 000 კმ ავსტრალიისა და აფრიკის სამხრეთ წერტილებს შორის.

ეტიმოლოგია

ძველი ბერძნები ოკეანის მათთვის ცნობილ ნაწილს მოსაზღვრე ზღვებთან და ყურეებთან ერთად ერიტრეის ზღვას უწოდებდნენ (ძველბერძნულად Ἐρυθρά θάλασσα წითელი, ხოლო ძველ რუსულ წყაროებში იხსენიებენ, როგორც Чермное море - ჩერმნოე, წითელი, მეწამული ზღვა საეკლესიო-სლავური კალკა ბერძნულიდან). თანდათანობით ეს სახელწოდება მხოლოდ უახლოესი ზღვისთვის შემორჩა, ოკეანემ კი სახელი ინდოეთისგან მიიღო, რომელიც იმ დროისთვის ოკეანის ნაპირებზე არსებული ქვეყნებიდან ყველაზე ცნობილი იყო თავისი სიმდიდრით. ასე მაგალითად, ალექსანდრე მაკედონელი ჩვენი წელთაღრიცხვის IV საუკუნეში მას ინდიკონ პელაგოსს ინდოეთის ზღვას უწოდებს. არაბებში ის ცნობილია, როგორც ბარ-ელ-ჰინდი ინდოეთის ოკეანე. XVI საუკუნიდან დამკვიდრდა რომაელი მეცნიერის პლინიუს უფროსის მიერ, ჯერ კიდევ I საუკუნეში შემოტანილი დასახელება ოკეანუს ინდიკუსი ინდოეთის ოკეანე.

ფიზიკურ-გეოგრაფიული დახასიათება

ზოგადი მონაცემები

ინდოეთის ოკეანის უმეტესი ნაწილი მდებარეობს კიბოს ტროპიკიდან სამხრეთით, ჩრდილოეთიდან ევრაზიას, დასავლეთიდან აფრიკას, აღმოსავლეთიდან ავსტრალიასა და სამხრეთიდან ანტარქტიდას შორის. ატლანტის ოკეანესთან საზღვარი გადის აგულიასის კონცხის (Cape Agulhas) მერიდიანზე (აღმოსავლეთ გრძედის 20° ანტარქტიდის (დედოფალი მოდის მიწის Dronning Maud Land) სანაპირომდე). წყნარ ოკეანესთან საზღვარი გადის: ავსტრალიის სამხრეთით ბასის სრუტის აღმოსავლეთ საზღვარზე კუნძულ ტასმანიამდე, შემდეგ აღმოსავლეთ გრძედის 146°55 მერიდიანის გასწვრივ ანტარქტიდამდე; ავსტრალიიდან ჩრდილოეთით ანდამანის ზღვასა და მალაქის სრუტეს შორის, შემდეგ კუნძულ სუმატრას სამხრეთ-დასავლეთი ნაპირის გასწვრივ, ზონდის სრუტეზე, კუნძულ იავას სამხრეთ სანაპიროზე, ბალისა და სავუს ზღვების სამხრეთ საზღვრებზე, არაფურის ზღვის ჩრდილოეთ საზღვარზე, მიუყვება ახალი გვინეის სამხრეთ-დასავლეთ სანაპიროს ტორესის სრუტის დასავლეთ საზღვრამდე. ზოგჯერ ოკეანის სამხრეთ ნაწილს, რომლის ჩრდილოეთი საზღვარი სამხრეთ განედის 35° მერიდიანიდან (წყლისა და ატმოსფეროს ცირკულაციის ნიშნის მიხედვით), სამხრეთ განედის 60° მერიდიანამდეა (ფსკერის რელიეფის მიხედვით), სამხრეთის ოკეანეს მიაკუთვნებენ ხოლმე.

ზღვები, ყურეები, კუნძულები

ინდოეთის ოკეანის ზღვების, ყურეებისა, კუნძულების ფართობია 11,68 მილიონი კმ2 (ოკეანის საერთო ფართობის 15%), მოცულობა 26,84 მილიონი კმ3 (9,5%). სანაპიროს გასწვრივ (საათის ისრის მიმართულებით) განლაგებული ზღვები და ძირითადი ყურეებია: წითელი ზღვა, არაბეთის ზღვა (ადენის ყურე, ომანის ყურე, სპარსეთის ყურე), ლაკადივის ზღვა, ბენგალის ყურე, ანდამანის ზღვა, ტიმორის ზღვა, არაფურის ზღვა (კარპენტარიუმის ყურე), ავსტრალიის დიდი ყურე, მოუსონის ზღვა, დეივისის ზღვა, თანამეგობრობის ზღვა, კოსმონავტების ზღვა (ბოლო ოთხს ხშირად სამხრეთის ოკეანეს მიაკუთვნებენ ხოლმე).

ზოგიერთი კუნძული, მაგალითად, მადაგასკარი, სოკოტრა, მალდივის კუნძულები, უძველესი მატერიკების ფრაგმენტებია, სხვები – ანდამანისა და ნიკობარის კუნძულები ან შობის კუნძული – ვულკანური წარმოშობისაა. ინდოეთის ოკეანის ყველაზე დიდი კუნძულია მადაგასკარი (590 ათასი კმ2). უმსხვილესი კუნძულები და არქიპელაგებია: ტასმანია, შრი-ლანკა, კერგელენის არქიპელაგი, ანდამანის კუნძულები, მელვილი, მასკარენის კუნძულები (რეიუნიონი, მავრიტანია), კენგურუ, ნიასი, მენტავაის კუნძულები (სიბერუტი), სოკოტრა, გრუტ-აილენდი, კომორის კუნძულები, ტივის კუნძულები (ბატერსტი), ზანზიბარი, სიმიოლუე (სიმალური – Pulau Simeulue), ფიურნოს კუნძულები (ფლინდერსი), ნიკობარის კუნძულები, ქეშმი, კინგი, ბაჰრეინი, სეიშელის კუნძულები, მალდივის კუნძულები, ჩაგოსის არქიპელაგი.

ოკეანის ფორმირების ისტორია

ადრეიურულ პერიოდში დაიწყო სუპერკონტინენტ გონდვანას დაშლა. ამის შედეგად წარმოიქმნა აფრიკა არაბეთით, ინდოსტანი და ანტარქტიდა ავსტრალიით. პროცესი დასრულდა იურული და ცარცული პერიოდების მიჯნაზე (140-130 მილიონი წლის წინ) და დაიწყო თანამედროვე ინდოეთის ოკეანის ახალგაზრდა ქვაბულის წარმოქმნა. ცარცულ პერიოდში ოკეანის ფსკერი იზრდებოდა ინდოსტანის ჩრდილოეთისკენ გადაადგილებისა და წყნარი და თეტისის ოკეანეების ფართობის შემცირების ხარჯზე. გვიანდელი ცარცულ პერიოდში დაიწყო ერთიანი ავსტრალიურ-ანტარქტიკული მატერიკის გაყოფა. ამავე დრის, ახალი რიფტული ზონის წარმოქმნის შედეგად არაბეთის ფილა ჩამოშორდა აფრიკის ფილას და წარმოიშვა წითელი ზღვა და ადენის ყურე. კაინოზოური ერის დასაწყისში ინდოეთის ოკეანის ზრდა წყნარი ოკეანის მიმართულებით შეჩერდა, მაგრამ გაგრძელდა გაფართოვება თეტისის ზღვის მხარეს. ეოცენის ბოლოს და ოლიგოცენის დასაწყისში მოხდა ინდოსტანის შეჯახება აზიის კონტინენტთან.

ტექტონური ფილების მოძრაობა დღესაც გრძელდება. ამ მოძრაობის ღერძია აფრიკულ-ანტარქტიკული ქედის, ცენტრალური ინდოეთის ქედისა და ავსტრალიურ-ანტარქტიკული ამაღლების შუაოკეანური რიფტული ზონები. ავსტრალიის ფილა აგრძელებს ჩრდილოეთით მოძრაობას წელიწადში 5-7 სმ სიჩქარით. იმავე მიმართულებით, წელიწადში 3-6 სმ სიჩქარით აგრძელებს მოძრაობას ინდოეთის ფილაც. არაბეთის ფილა მოძრაობს ჩრდილო-აღმოსავლეთით წელიწადში 1-3 სწ სიჩქარით. გრძელდება აფრიკის ფილისგან აღმოსავლეთ აფრიკული რიფტული ზონის საზღვარზე სომალის ფილის ჩამოშორება, რომელიც მოძრაობს ჩრდილო-აღმოსავლეთის მიმართულებით, წელიწადში 1-2 სმ სიჩქარით. 2004 წლის 26 დეკემბერს ინდოეთის ოკეანეში კუნძულ სიმიოლუესთან, რომელიც მდებარეობს კუნძულ სუმატრას (ინდონეზია) ჩრდილო-დასავლეთ ნაპირთან, მოხდა დაკვირვებების ისტორიაში ყველაზე ძლიერი მიწისძვრა 9,3 მაგნიტუდით. მისი მიზეზი იყო დედამიწის ქერქის 1200 კმ-ის წანაცვლება (სხვა შეფასებებით 1600 კმ-ის) 15 მეტრით სუბდუქციის ზონის გასწვრივ, რის შედეგადაც ინდოსტანის ფილამ წაინაცვლა ბირმის ფილის ქვეშ. მიწისძვრამ გამოიწვია ცუნამი, რომელსაც უდიდესი ნგრევა და უამრავის მსხვერპლი მოჰყვა (300 ათასამდე ადამიანი).

გეოლოგიური აგებულება და ფსკერის რელიეფი.

შუაოკეანური ქედები

შუაოკეანური ქედები ინდოეთის ოკეანის ფსკერს სამ – აფრიკულ, ინდო-ავსტრალიურ და ანტარქტიკულ სექტორად ყოფს. გამოყოფენ ხუთ შუაოკეანურ ქედს: დასავლეთ ინდოეთის, არაბეთ-ინდოეთის, ცენტრალური ინდოეთის, აღმოსავლეთ ინდოეთის ქედებს და ავსტრალია-ანტარქტიდის ამაღლებას. დასავლეთ ინდოეთის ქედი განლაგებულია ოკეანის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში. მისთვის დამახასიათებელია წყალქვეშა ვულკანიზმი, სეისმურობა, რიფტოგენური ტიპის ქერქი და ღერძული ზონის რიფტული სტრუქტურა. მას კვეთს სუბმერიდიამული განშლადობის რამდენიმე ოკეანური ნაპრალი. კუნძულ როდრიგესის რაიონში (მასკარენის არქიპელაგი) არსებობს ე. წ. სამმაგი შეერთება, სადაც ქედების სისტემა იყოფა არაბეთ-ინდოეთის ქედად ჩრდილოეთისკენ და ცენტრალური ინდოეთის ქედად – სამხრეთ-დასავლეთისკენ. არაბეთ-ინდოეთის ქედი შედგენილია ულტრა-ძირითადი ქანებისგან, გამოვლენილია რიგი სუბმერიდიანული განშლადობის მკვეთი ნაპრალებისა, რომლებსაც უკავშირდება ძალიან ღრმა ღრმულები (ოკეანური ტროგები), რომელთა სიღრმე 6,4 კმ-ს აღწევს. ქედის ჩრდილოეთ ნაწილს კვეთს ყველაზე მძლავრი – ოუენის ნაპრალი, რომლის გასწვრივაც ქედის ჩრდილოეთ მონაკვეთი 250 კმ-ით გადაადგილდა ჩრდილოეთის მიმართულებით. შემდეგ, რიფტული ზონა გრძელდება დასავლეთის მიმართულებით ადენის ყურეში და წითელ ზღვაში ჩრდილო-ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებით. აქ რიფტული ზონა შედგენილია ვულკანური ფერფლიანი კარბონატული დანალექებით, წითელი ზღვის რიფტულ ზონაში აღმოჩენილია ევაპორიტებისა და ლითონის შემცველი ლამის სიზრქე, რომლებიც დაკავშირებულია მძლავრ ცხელ (70°C-დე) და ძალიან მლაშე (350‰-დე) იუვენილური წყლებით.

სამმაგი შეერთებიდან სამხრეთ-დასავლეთის მიმართულებით გადაჭიმულია ცენტრალური ინდოეთის ქედი, რომელსაც აქვს კარგად გამოხატული რიფტული და ფლანგური ზონები. ის მთავრდება ამსტერდამის ვულკანურ პლატოს სამხრეთ ნაწილში კუნძულებთან სენ-პოლსა და ამსტერდამთან. ამ პლატოდან აღმოსავლეთ-სამხრეთ-აღმოსავლეთი მიმართულებით მდებარეობს ავსტრალია-ანტარქტიდის ამაღლება, რომელსაც ფართო, სუსტად დანაწევრებული თაღის ფორმა აქვს. აღმოსავლეთ ნაწილში ამაღლება მერიდიანული ნაპრალების სერიით დანაწევრებულია რიგ სეგმენტებად, რომლებიც გადაწეულია ერთმანეთის მიმართ მერიდიანული მიმართულებით.

ოკეანის აფრიკის სეგმენტი

აფრიკის წყალქვეშა კიდეს აქვს ვიწრო შელფი და მკაფიოდ გამოკვეთილი მატერიკული კალთა განაპირა პლატოებით და მატერიკის ძირით. აფრიკის კონტინენტი სამხრეთ ნაწილში წარმოქმნის სამხრეთის გამოწეულ შვერილებს: აგულიასის მარჩხობს, მოზამბიკისა და მადაგასკარის ქედებს, რომლებიც დედამიწის მატერიკული ტიპის ქერქით არის ნაშენები. მატერიკის ძირი სომალისა და კენიის სანაპიროების გასწვრივ წარმოქმნის სამხრეთის მიმართულებით გაფართოებულ დამრეც ვაკეს, რომელიც გრძელდება მოზამბიკის სრუტეში და გარს ერტყმის მადაგასკარს აღმოსავლეთის მხრიდან. სექტორის აღმოსავლეთში გადის მასკარენის ქედი, რომლის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს სეიშელის კუნძულები.

ოკეანის სარეცლის ზედაპირი ამ სექტორში, განსაკუთრებით შუაოკეანური ქედების გასწვრივ, დანაწევრებულია მრავალრიცხოვანი სერებით და ღარდაფებით, რომლებიც სუბმერიდიანული მიმართულების ნაპრალების ზონებთან არის დაკავშირებული. დიდი რაოდენობით გვხვდება წყალქვეშა ვულკანური მთები, რომელთა უმრავლესობაზე მარჯნის ზედნაშენებია ატოლებისა და მარჯნის წყალქვეშა რიფების სახით. მთიან ამაღლებებს შორის არის ოკეანის სარეცლის ქვაბულები ბორცვიანი და მთიანი რელიეფით: აგულიასი, მოზამბიკის, მადაგასკარის, მასკარენისა და სომალის. სომალისა და მასკარენის ქვაბულებში ფორმირებულია ფართო და ბრტყელი აბისალური ვაკეები, რომლებიც იღებს ტერიგენული და ბიოგენური დანალექი მასალების მნიშვნელოვან მოცულობებს. მოზამბიკის ქვაბულში მდებარეობს მდინარე ზამბეზის წყალქვეშა ხეობა ნარიყის კონუსების სისტემით.

ოკეანის ინდოეთ-ავსტრალიის სეგმენტი

ინდოეთ-ავსტრალიის სეგმენტს უჭირავს ინდოეთის ოკეანის ფართობის ნახევარი. მერიდიანული მიმართულებით დასავლეთით გადის მალდივის ქედი, რომლის ზედაპირის მწვერვალზე მდებარეობს ლაკადივის, მალდივისა და ჩაგოსის კუნძულები. ქედი ნაშენია კონტინენტური ტიპის ქერქით. არაბეთისა და ინდოსტანის სანაპიროების გასწვრივ გადაჭიმულია ძალიან ვიწრო შელფი, მატერიკის ვიწრო და ციცაბო ფერდობი და მატერიკის ძალიან ფართო ძირი, რომელიც, ძირითადად, მდინარეების ინდისა და განგის მღვრიე ნაკადების ნარიყის ორი გიგანტური კონუსით არის წარმოქმნილი. ამ ორ მდინარიდან თითოეულს ყოველწლიურად ოკეანეში ჩააქვს 400 მილიონი ტონა ნატეხი მასალა. ინდის კონუსი არაბეთის ქვაბულის საზღვრებიდან შორის არის გამოწეული. და მხოლოდ ამ ქვაბულის სამხრეთი ნაწილი უკავია სწორ აბისალურ ვაკეს ცალკეული წყალქვეშა მთებით.

აღმოსავლეთ გრძედის თითქმის ზუსტად 90° მერიდიანზე, ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ 4000 კმ-ზეა გადაჭიმული აღმოსავლეთ ინდოეთის ოკეანური ლოდური ქედი. მალდივისა და აღმოსავლეთ ინდოეთის ქედებს შორის მდებარეობს ცენტრალური ქვაბული – ინდოეთის ოკეანის ყველაზე ღრმა ქვაბული. მისი ჩრდილოეთი ნაწილი უჭირავს ბენგალის (მდინარე განგიდან ჩამოტანილი) ნარიყის კონუსს, რომლის სამხრეთ საზღვარსაც ეკვრის აბისალური ვაკე. ქვაბულის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს ლანკის მომცრო ქედი და ათანასე ნიკიტინის წყალქვეშა მთა. აღმოსავლეთ ინდოეთის ქედიდან სამხრეთით მდებარეობს ქოქოსისა და დასავლეთ ავსტრალიური ქვაბულები, რომლებიც ერთმანეთისგან გამოყოფილია ლოდური სუბგანედურად ორიენტირებული ქოქოსის ამაღლებით მასზე მოთავსებული ქოქოსისა და შობის კუნძულებით. ქოქოსის ქვაბულის ჩრდილოეთ ნაწილში არის ბრტყელი აბისალური ვაკე. სამხრეთიდან ის შემოსაზღვრულია დასავლეთ ავსტრალიის ამაღლებით, რომელიც ციცაბოდ წყდება სამხრეთით, ჩრდილოეთით კი დამრეცად ეშვება ქვაბულის ფსკერის ქვეშ. დასავლეთ ავსტრალიის ამაღლება სამხრეთიდან შემოსაზღვრულია ციცაბო ბექით, რომელიც დაკავშირებულია დიამანტინის რღვევის ზონასთან. რღვევის ზონაში ერთმანეთს ეხამება ღრმა და ვიწრო გრაბენები (გერმანულად Graben თხრილი) (ყველაზე მნიშვნელოვანია ობი და დიამატინა) და მრავალრიცხოვანი ვიწრო ჰორსტები (გერმანულად Horst ბუდე). ინდოეთის ოკეანის გარდამავალი რეგიონი წარმოდგენილია ანდამანის ღარით და ზონდის წყალღრმა ღარით, რომელშიც დაფიქსირებულია ინდოეთის ოკეანის მაქსიმალური სიღრმე (7209 მ). ზონდის კუნძულთა რკალის გარე ქედია მენტავაის წყალქვეშა ქედი და მისი გაგრძელება ანდამანისა და ნიკობარის კუნძულების სახით.

ავსტრალიის მატერიკის წყალქვეშა კიდე

ავსტრალიის კონტინენტის ჩრდილოეთი ნაწილი შემოჯარულია სახულის ფართო შელფით, რომელზედაც მრავლად არის ნაშენები მარჯნის სტრუქტურები. სამხრეთისკენ ეს შელფი ვიწროვდება და კვლავ ფართოვდება სამხრეთ ავსტრალიის სანაპიროსთან. მატერიკის კალთა ნაშენებია კიდური პლატოებით (მათ შორის ყველაზე მოზრდილია ექსმუტისა და ნატურალისტეის პლატოები). დასავლეთ ავსტრალიის ქვაბულში მდებარეობს ზენიტის, კიუვიეს და სხვა ამაღლებები, რომლებიც კონტინენტური სტრუქტურის მქონე ნაკვეთებია. ავსტრალიის სამხრეთის წყალქვეშა კიდესა და ავსტრალია-ანტარქტიდის ამაღლებას შორის განლაგებულია მომცრო სამხრეთ ავსტრალიის ქვაბული, რომელიც ბრტყელ აბისალურ ვაკეს წარმოადგენს.

ოკეანის ანტარქტიკული სეგმენტი

ანტარქტიკული სეგმენტი შემოსაზღვრულია დასავლეთ ინდოეთისა და ცენტრალური ინდოეთის ქედებით, სამხრეთიდან კი ანტარქტიდის ნაპირებით. ტექტონური და გლაციოლოგიური ფაქტორების ზემოქმედებით ანტარქტიდის შელფი ზედმეტად ჩაღრმავებულია. მატერიკის ფართო კალთას სერავს მსხვილი და ფართო კანიონები, რომლითაც ხორციელდება გადაცივებული წყლების ჩადინება შელფიდან აბისალურ ღრმულებში. ანტარქტიდის მატერიკული ძირი გამოირჩევა ფაშარი დანალექების დიდი ფართობით და მნიშვნელოვანი (1,5 კმ-მდე) სისქით.

ანტარქტიკული მატერიკის უდიდესი შვერილია კერგელენის პლატო, ასევე კუნძულების პრინც-ედუარდისა და კროზეს ვულკანური ამაღლება, რომელიც ყოფს ანტარქტიკულ სექტორს სამ ქვაბულად. დასავლეთით განლაგებულია აფრიკა-ანტარქტიკის ქვაბული, რომელიც სანახევროდ ატლანტის ოკეანეში მდებარეობს. მისი ფსკერის უმეტესი ნაწილი ბრტყელ აბისალურ ვაკეს წარმოადგენს. მისგან ჩრდილოეთით მდებარე კროზეს ქვაბული გამოირჩევა ფსკერის მსხვილგორაკებიანი რელიეფით. ავსტრალია-ანტარქტიდის ქვაბული, რომელიც კერგელენიდან აღმოსავლეთით მდებარეობს, სამხრეთ ნაწილში ბრტყელ ვაკეს წარმოადგენს, ჩრდილოეთში კი – აბისალურ გორაკებს.

ფსკერზე დანალექები

ინდოეთის ოკეანეში ჭარბობს ფორამინიფერულ-კოკოლითური კირქვის დანალექი ქანები, რომელსაც ფსკერის ფართობის ნახევარზე მეტი უკავია. ბიოგენური (მათ შორის მარჯნის) კირქვის დანალექების ფართო გავრცელება აიხსნება ინდოეთის ოკეანის უმეტესი ნაწილის ტროპიკულ და ეკვატორულ სარტყლებში განლაგებით, ასევე ოკეანური ქვაბულების შედარებით მცირე სიღრმით. მრავალრიცხოვანი მთიანი ამაღლებები ასევე ხელს უწყობს კირქვის დანალექების წარმოქმნას. ზოგიერთი ქვაბულის ღრმა წყლის ნაწილებში (მაგალითად, ცენტრალურის, დასავლეთ ავსტრალიის) დევს წყალღრმა წითელი თიხები. ეკვატორულ სარტყელში დამახასიათებელია რადიოლარიული შლამი. ოკეანის სამხრეთ, ცივ ნაწილში, სადაც განსაკუთრებით ხელსაყრელი პირობებია დიატომური ფლორის განვითარებისთვის, წარმოდგენილია კაჟბადიანი დიატომური დანალექები. ანტარქტიკულ ნაპირთან ილექება აისბერგული ნალექები. ინდოეთის ოკეანის ფსკერზე საკმაოდ გავრცელებულია რკინამანგანუმიანი კონკრეციები, რომლებიც, ძირითადად წითელი თიხებისა და რადიოლარიული შლამის არეებისთვის არის დამახასიათებელი.

კლიმატი

აღნიშნულ რეგიონში აღინიშნება ოთხი კლიმატური სარტყელი, რომლებიც პარალელების გასწვრივ არის გადაფენილი. ინდოეთის ოკეანის ჩრდილოეთ ნაწილში აზიის კონტინენტის ზეგავლენით დამყარებულია მუსონური კლიმატი ხშირი ციკლონებით, რომლებიც სანაპიროების მიმართულებით გადაადგილდება. მაღალი ატმოსფერული წნევა ზამთარში აზიის თავზე იწვევს ჩრდილო-აღმოსავლეთის მუსონის წარმოქმნას. ზაფხულში ის იცვლება ნოტიო სამხრეთ-დასავლეთის მუსონით, რომელსაც მოაქვს ჰაერი ოკეანის სამხრეთ რაიონებიდან. ზაფხულის მუსონის პერიოდში ხშირია 7 ბალზე ძლიერი ქარი (40% განმეორებადობით). ზაფხულში ოკეანის თავზე ტემპერატურაა 28-32°C, ზამთარში – 18-22°C-მდე მცირდება.

სამხრეთ ტროპიკებში გაბატონებულია სამხრეთ-აღმოსავლეთის პასატი, რომელიც ზამთარში ჩრდილოეთ განედის 10°-ზე ჩრდილოეთით არ ვრცელდება. საშუალო წლიური ტემპერატურა აღწევს 25°C-ს. სამხრეთ განედის 40-45° პარალელების ზონისთვის მთელი წლის განმავლობაში დამახასიათებელია ჰაერის მასების დასავლეთის მიმართულებით გადატანა, რაც განსაკუთრებით ძლიერია ზომიერ განედებში, სადაც შტორმული ამინდის განმეორებადობა 30-40%-ს შეადგენს. ოკეანის შუა ნაწილში შტორმული ამინდი ტროპიკულ გრიგალებს უკავშირდება. ზამთარში ისინი, შესაძლოა, სამხრეთის ტროპიკულ ზონაშიც წარმოიშვას. ყველაზე ხშირად გრიგალი წარმოიქმნება ოკეანის დასავლეთ ნაწილში (8-მდე წელიწადში), მადაგასკარისა და მასკარენის კუნძულების რაიონებში. სუბტროპიკულ და ზომიერ განედებში ზაფხულში ტემპერატურა 10-22°C-ს აღწევს, ზამთარში 6-17°C-ს. 45 გრადუსიან პარალელზე და მის სამხრეთით დამახასიათებელია ძლიერი ქარები. აქ ზამთარში ტემპერატურა მერყეობს -16°C-დან 6°C-მდე, ხოლო ზაფხულში -4°C-დან 10°C-მდე.

ნალექების მაქსიმალური რაოდენობა (2,5 ათასი მმ) მოდის ეკვატორული ზონის აღმოსავლეთ რეგიონში. აქვე აღინიშნება გადიდებული ღრუბლიანობა (5 ბალზე მეტი). უმცირესი რაოდენობის ნალექები აღინიშნება სამხრეთ ნახევარსფეროს ტროპიკულ რაიონებში, განსაკუთრებით – აღმოსავლეთ ნაწილში. ჩრდილოეთ ნახევარსფეროში წელიწადის უმეტეს დროს მზიანი ამინდი დამახასიათებელია არაბეთის ზღვისთვის. ღრუბლიანობის მაქსიმუმი აღინიშნება ანტარქტიკულ წყლებში.

ზედაპირული წყლების ცირკულაცია

ოკეანის ჩრდილოეთ ნაწილში აღინიშნება დინებების სეზონური ცვლა, რაც მუსონური ცირკულაციით არის განპირობებული. ზამთარში მყარდება სამხრეთ-დასავლეთის მუსონური დინება, რომელიც ბენგალის ყურეში იწყება. ჩრდილოეთ განედის 10°-ის სამხრეთით ეს დინება გადადის დასავლეთის დინებაში და გადაკვეთს ოკეანეს ნიკობარის კუნძულებიდან აღმოსავლეთ აფრიკის ნაპირებამდე. შემდეგ ის განტოტდება: ერთი შტო მიდის ჩრდილოეთით, წითელ ზღვაში, მეორე სამხრეთით, სამხრეთ განედის 10° მერიდიანამდე და უხვევს აღმოსავლეთისკენ, სადაც საწყისს აძლევს ეკვატორულ უკუდინებას. ეს უკანასკნელი გადაკვეთს ოკეანეს და სუმატრას ნაპირებთან მას გამოეყოფა განშტოება, რომელიც ადამანის ზღვისკენ მიემართება, ხოლო ძირითადი ნაწილი მცირე ზონდის კუნძულებსა და ავსტრალიას შორის ჩაედინება წყნარ ოკეანეში. ზაფხულში სამხრეთ-აღმოსავლეთი მუსონი უზრუნველყოფს ზედაპირული წყლების მთელი მასის გადაადგილებას აღმოსავლეთის მიმართულებით და ეკვატორული უკუდინება ქრება. ზაფხულის მუსონური დინება იწყება აფრიკის ნაპირებთან სომალის მძლავრი დინებით, რომელსაც ადენის ყურის რაიონში უერთდება დინება წითელი ზღვიდან. ბენგალის ყურეში ზაფხულის მუსონური დინება იყოფა ჩრდილოეთ და სამხრეთ დინებებად. ეს უკანასკნელი ჩაედინება სამხრეთის პასატურ დინებაში.

სამხრეთ ნახევარსფეროში დინებებს მუდმივი ხასიათი აქვს, სეზონური ცვლილებების გარეშე. პასატებით გამოწვეული სამხრეთის პასატური დინება კვეთავს ოკეანეს აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით მადაგასკარისკენ. ზამთრის პერიოდში (სამხრეთ ნახევარსფეროსთვის) ის ძლიერდება წყნარი ოკეანის წყლებით დამატებითი კვების ხარჯზე, რომლებიც მიეწოდება ავსტრალიის ჩრდილოეთ ნაპირის გასწვრივ. მადაგასკართან სამხრეთის პასატური დინება განტოტდება და დასაბამს აძლევს ეკვატორის უკუდინებას, ასევე მოზამბიკისა და მადაგასკარის დინებებს. მადაგასკარიდან სამხრეთ-დასავლეთით ერთმანეთთან შეერთებით ისინი ქმნიან აგულიასის თბილ დინებას. ამ დინების სამხრეთი ნაწილი მიემართება ატლანტის ოკეანეში, ნაწილი კი ჩაედინება დასავლეთის ქარების დინებაში. ავსტრალიის მისადგომებთან ამ უკანასკნელს გამოეყოფა და ჩრდილოეთისკენ მიემართება დასავლეთ ავსტრალიის ცივი დინება. არაბეთის ზღვაში, ბენგალისა და ავსტრალიის დიდ ყურეებში, ატლანტიკის განაპირა წყლებში მოქმედებს ადგილობრივი მიმოქცევა (წრებრუნვა).

ინდოეთის ოკეანის ჩრდილოეთ ნაწილისთვის უპირატესად დამახასიათებელია ნახევარ დღეღამური მოქცევები. ღია ოკეანეში მოქცევის ამპლიტუდა არ არის დიდი და საშუალოდ 1 მ-ს შეადგენს. ანტარქტიკულ და სუბანტარქტიკულ ზონებში მოქცევების ამპლიტუდა მცირდება აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ 1,6 მ-დან 0,5 მ-მდე, ხოლო ნაპირებთან იზრდება 2-4 მ-მდე. მაქსიმალური ამპლიტუდები აღინიშნება კუნძულებს შორის, წყალმარჩხ ყურეებში. ბენგალის ყურეში მოქცევის სიდიდეა 4,2-5,2 მ, მუმბაის ახლოს 5,7 მ, იაგონგთან 7 მ, ჩრდილო-დასავლეთ ავსტრალიასთან 6 მ, დარვინის პორტში 8 მ. დანარჩენ რაიონებში მოქცევის სიდიდე დაახლოებით 1-3 მეტრია.

ინდოეთის ოკეანის წყლის ბალანსი (ოკეანეების ატლასის მონაცემების მიხედვით, 1980 წ.)

შემომავალი წყლის რაოდენობა წელიწადში, ათასი კმ3 გამავალი წყლის რაოდენობა წელიწადში, ათასი კმ3
ატლანტის ოკეანიდან აფრიკა-ავსტრალიის ჭრილის გავლით (აღმოსავლეთ გრძედის 20°) დასავლეთის ქარების დინებით (ანტარქტიკული ცირკუმპოლარული დინებით) 4976 ატლანტის ოკეანეში აფრიკა-ავსტრალიის ჭრილის გავლით (აღმოსავლეთ გრძედის 20°) სანაპირო ანტარქტიკული დინებით, სიღრმული და ფსკერული წყლებით 1692
წყნარი ოკეანიდან ინდონეზიის ზღვების სრუტეებით 67 წყნარი ოკეანეში ავსტრალია-ანტარქტიდის ჭრილის გავლით (აღმოსავლეთ გრძედის 147°) დასავლეთის ქარების დინებით (ანტარქტიკული ცირკუმპოლარული დინებით) 5370
წყნარი ოკეანიდან ავსტრალია-ანტარქტიდის ჭრილის გავლით (აღმოსავლეთ გრძედის 147°) სანაპირო ანტარქტიკული დინებით, სიღრმული და ფსკერული წყლებით 2019 აორთქლება 108
ნალექები 100    
მდინარის ჩამონადენი 6    
მიწისქვეშა ჩამონადენი 1    
არქტიკული ყინულის დნობიდან შემოსული 1    
სულ 7170 სულ 7170

 

ტემპერატურა, წყლის სიმლაშე

ინდოეთის ოკეანის ეკვატორულ ზონაში, ოკეანის როგორც დასავლეთ ასევე აღმოსავლეთ ნაწილში ზედაპირული წყლების ტემპერატურა მთელი წლის განმავლობაში დაახლოებით 28°C-ია. წითელ და არაბეთის ზღვებში ზამთრის ტემპერატურა მცირდება 20-25°C-დე, ზაფხულში კი წითელ ზღვაში აღინიშნება მაქსიმალური ტემპერატურები მთელი ინდოეთის ოკეანისთვის 30-31°C-მდე. ზამთარში წყლის მაღალი ტემპერატურა (29°C-მდე) დამახასიათებელია ჩრდილო-დასავლეთ ავსტრალიის ნაპირებისთვის. სამხრეთ ნახევარსფეროში იმავე განედებში ოკეანის აღმოსავლეთ ნაწილში წყლის ტემპერატურა ზამთარში და ზაფხულში 1-2°-ით დაბალია, ვიდრე დასავლეთ ნაწილში. წყლის ტემპერატურა 0°C ზაფხულის პერიოდში აღინიშნება სამხრეთ განედის 60° მერიდიანიდან სამხრეთით. ყინულის წარმოქმნა ამ რაიონებში აპრილში იწყება და ნაპირის უძრავი ყინულის სისქე ზამთრის მიწურულს 1-1,5 მ-ს აღწევს. დნობა იწყება დეკემბერ-იანვარში, მარტისთვის კი ხდება წყლების სრული გაწმენდა ნაპირის უძრავი ყინულისგან. ინდოეთის ოკეანის სამხრეთ ნაწილში გავრცელებულია აისბერგები, რომელიც ზოგჯერ სამხრეთ განედის 40°-ზე ჩრდილოეთითაც კი აღწევს.

ზედაპირული წყლების მაქსიმალური სიმლაშე აღინიშნება სპარსეთის ყურეში და წითელ ზღვაში, სადაც ის 40-41‰-ს აღწევს. სიმლაშე დიდია (36‰-ზე მეტი), ასევე სამხრეთის ტროპიკულ სარტყელშიც, განსაკუთრებით აღმოსავლეთ რაიონებში, ხოლო ჩრდილოეთ ნახევარსფეროში, ასევე არაბეთის ზღვაში. მის მეზობელ, ბენგალის ყურეში, განგის, ბრახმაპუტრისა და ირავედის ერთობლივი ზეგავლენით, რომელთა ჩამონადენი ამტკნარებს წყალს, სიმლაშე მცირდება 30-34‰-მდე. გაზრდილი სიმლაშე შეესაბამება მაქსიმალური აორთქლების და მინიმალური რაოდენობის ატმოსფერული ნალექების ზონებს. დაქვეითებული სიმლაშე (34‰-ზე ნაკლები) დამახასიათებელია არქტიკული წყლებისთვის, სადაც იგრძნობა მყინვარების ფშატალას გამამტკნარებელი მოქმედენა. სიმლაშის სეზონური სხვაობა მნიშვნელოვანია მხოლოდ ანტარქტიკულ და ეკვატორულ ზონებში. ზამთარში მუსონურ დინებას გადააქვს გამტკნარებული წყლები ოკეანის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილიდან და წარმოქმნის დაბალია სიმლაშის ენას ჩრდილოეთ განედის 5° მერიდიანის გასწვრივ. ზაფხულში ეს ენა ქრება. არქტიკულ წყლებში ზამთრის პერიოდში სიმლაშე ოდნავ იზრდება ყინულის წარმოქმნის პროცესში წყლის გამლაშების ხარჯზე. ოკეანის ზედაპირიდან სიღრმისკენ სიმლაშე კლებულობს. ფსკერის წყალის სიმლაშე ეკვატორიდან არქტიკულ განედებამდე 34,7-34,8‰ ფარგლებშია.

წყლის მასები

ინდოეთის ოკეანის წყალი წყლის რამდენიმე მასად იყოფა. ოკეანის იმ ნაწილში, რომელიც სამხრეთ განედის 40° პარალელის ჩრდილოეთით არის განლაგებული, გამოყოფენ ცენტრალურ და ეკვატორულ, ზედაპირულ და ზედაპირქვეშა, და მათ ქვეშ დაფენილ (1000 მ-ზე ღრმად) სიღრმული წყლის მასებს. ჩრდილოეთით, სამხრეთ განედის 15-20°-დე გავრცელებულია ცენტრალური წყლის მასა. ტემპერატურა იცვლება სიღრმის მიხედვით 20-25°C-დან 7-8°C-მდე, სიმლაშე 34,6-35,5‰. სამხრეთ განედის 10-15° პარალელის ჩრდილოეთით ზედაპირული ფენებს შეადგენს ეკვატორული წყლის მასები, რომლის ტემპერატურაა 4-18 °C სა სიმლაშე 34,9-35,3‰. წყლის ეს მასები გამოირჩევა ჰორიზონტალური და ვერტიკალური გადაადგილების მნიშვნელოვანი სიჩქარით. ოკეანის სამხრეთ ნაწილში გამოიყოფა სუბანტარქტიკული (ტემპერატურა 5-15 °C, სიმლაშე 34 ‰-მდე) და ანტარქტიკული (ტემპერატურა 0-დან −1°C-მდე, სიმლაშე, ყინულების დნობის გამო მცირდება 32‰-მდე). სიღრმული წყლის მასები შემდეგნაირად არის დაყოფილი: ძალიან ცივი ცირკულაციური, რომელიც წარმოიქმნება არქტიკული წყლის მასების დაშვებით და ცირკულაციური წყლების მოდინებით ატლანტის ოკეანიდან; სამხრეთ ინდოეთის, რომლის ფორმირება წარმოებს სუბარქტიკული წლის მასების დაშვების შედეგად; ჩრდილოეთ ინდოეთის, რომელსაც წარმოქმნის წითელი ზღვიდან და ომანის ყურიდან გამომდინარე წყლის მკვრივი მასები. 3,5-4 ათასი მეტრის სიღრმის ქვევით გავრცელებულია ფსკერული წყლის მასები, რომლების წარმოიქმნება ანტარქტიკული გადაცივებული და წითელი ზღვისა და სპარსეთის ყურის მკვრივი მლაშე წყლებით.

ფლორა და ფაუნა

იხ. ასევე კატეგორია: ინდოეთის ოკეანის ფაუნა

ინდოეთის ოკეანის ფლორა და ფაუნა არაჩვეულებრივად მრავალფეროვანია. ტროპიკული რეგიონი გამოირჩევა პლანქტონის სიმდიდრით. განსაკუთრებით უხვად არის წარმოდგენილი ერთუჯრედიანი წყალმცენარე ტრიქოდესმიუმი (ციანობაქტერია), რომლის გამოც წყლის ზედაპირული ფენა ძლიერ ამღვრეულია და იცვლის თავის შეფერილობას. ინდოეთის ოკეანის პლანქტონს განასხვავებს ღამით მანათობელი ორგანიზმების დიდი რაოდენობა. ესენია: პერიდინეები, მედუზების ზოგიერთი ფორმები, სავარცხლურები, გარსიანები. უხვად გვხვდება კაშკაშა შეფერილობის სიფონოფორები, მათ შორის შხამიანი ფიზალიები. ზომიერ და არქტიკულ წყლებში პლანქტონის მთავარი წარმომადგენელია კოპეპოდები (ნიჩაბფეხიანი კიბოსნაირები), კრილი (ზღვის წვრილი კიბოების რიგი), დიატომური წყალმცენარეები. ინდოეთის ოკეანის ყველაზე მრავალრიცხოვანი თევზებია კორიფენები, თინუსი, ნოთოთენიები და სხვადასხვაგვარი ზვიგენები. ქვეწარმავლებიდან წარმოდგენილია გიგანტური ზღვის კუების რამდენიმე სახეობა, ზღვის გველები, ძუძუმწოვრებიდან – ვეშაპისნაირნი (უკბილო და ლურჯი ვეშაპები, კაშალოტები, დელფინები), სელაპები, ზღვის სპილოები. ვეშაპისნაირთა უმრავლესობა ცხოვრობს ზომიერ და გარე პოლარულ რეგიონებში, სადაც, წყლების ინტენსიური შერევის გამო იქმნება პლანქტონური ორგანიზმების განვითარებისთვის ხელსაყრელი პირობები. ფრინველები წარმოდგენილია ალბატროსებით და ფრეგატებით, ასევე პინგვინების რამდენიმე სახეობით, რომლებიც სახლობენ სამხრეთ აფრიკის, ანტარქტიდის სანაპიროებზე და ოკეანის ზომიერ სარტყელში მდებარე კუნძულებზე. ინდოეთის ოკეანის მცენარეთა სამყარო წარმოდგენილია წაბლა (სარგასები, ტურბინარიები) და მწვანე (კაულერპა) წყალმცენარეებით. ძლიერად არის განვითარებული, ასევე, კირქვიანი წყალმცენარეები ლიტოტამნია და ჰალიმედა, რომლებიც, მარჯნებთან ერთად მონაწილეობენ რიფების ნაგებობების შენებაში. რიფის წარმომქმნელი ორგანიზმების ცხოველმოქმედების პროცესში იქმნება მარჯნის პლატფორმები, რომლებიც ზოგჯერ რამდენიმე კილომეტრის სიგანისაა. ინდოეთის ოკეანის სანაპირო ზონისთვის ტიპობრივია ფიტოცენოზი, რომელის მანგრის ბარდებით არის წარმოქმნილი. ასეთი ბარდები განსაკუთრებით დამახასიათებელია მდინარეთა შესართავებისთვის და საკმაო დიდი ადგილი უჭირავს სამხრეთ-აღმოსავლეთ აფრიკაში, დასავლეთ მადაგასკარზე, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში და სხვა რაიონებში. ზომიერი და ანტარქტიკის მიმდებარე წყლებისთვის ყველაზე მეტად დამახასიათებელია ძოწეულა (წითელი) და წაბლა წყალმცენარეები, უმთავრესად, ფუკუსებისა და ლამინარიების ჯგუფებიდან, ასევე პორფირები და ჰელიდიუმი. სამხრეთ ნახევარსფეროს პოლარულის მიმდებარე რეგიონებში გვხვდება გიგანტური მაკროცისტისები.

ზოობენტოსი წარმოდგენილია მრავალგვარი მოლუსკებით, კირქვისა და კაჟმიწა ღრუბლებით, კანეკლიანებით (ზღვის ზღარბები, ზღვის ვარსკვლავები, ოფიურები (გველკუდები), ჰოლოთურიები), მრავალრიცხოვანი კიბოსნაირები, ჰიდროიდულნი, ხავსცხოველები (ბრიოზოები). ტროპიკულ ზონაში ფართოდ არის გავრცელებული მარჯნის პოლიპები.

ეკოლოგიური პრობლემები

ინდოეთის ოკეანეში ადამიანის სამეურნეო საქმიანობამ გამოიწვია მისი წყლების დაბინძურება და ბიომრავალფეროვნების გაღარიბება. XX საუკუნის დასაწყისში ვეშაპების ზოგიერთი სახეობა თითქმის მთლიანად გადაშენების პირას იყო მისული, სხვა კაშალოტები და სეივალები კიდევ შენარჩუნდა, მაგრამ მათი რაოდენობა ძალიან შემცირდა. 1985-1986 წლების სეზონიდან ვეშაპების რეწვის საერთაშორისო კომისიამ სრული მორატორიუმი შემოიღო ვეშაპების ნებისმიერი სახის კომერციულ რეწვაზე. 2010 წლის ივნისში ვეშაპების რეწვის საერთაშორისო კომისიის 62-ე სხდომაზე იაპონიის, ისლანდიის და დანიის ზეწოლით მორატორიუმი არ იქნა გაგრძელებული. სახეობების გადაშენებისა და გაქრობის სიმბოლოდ გადაიქცა მავრიტანული დრონტი (დოდო), რომელიც 1651 წლისთვის უკვე განადგურებული იყო კუნძულ მავრიტანიაზე. მისი გადაშენების შემდეგ ადამიანებს პირველად გაუჩნდათ მოსაზრება, რომ მათ სხვა ცხოველების გადაშენებაც შეუძლიათ გამოიწვიონ.

ოკეანისთვის დიდი საფრთხის შემცველია წყლის დაბინძურება ნავთობით და ნავთობპროდუქტებით (ძირითადი დამბინძურებლები), მძიმე ლითონებით და ატომური მრეწველობის ნარჩენებით. ოკეანეზე გადის ნავთობის ტანკერების გზები, რომლებსაც ნავთობი გადააქვთ სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან. ნებისმიერმა მსხვილმა ავარიამ შესაძლოა გამოიწვიოს ეკოლოგიური კატასტროფა და მრავალი ცხოველის, ფრინველისა და მცენარის დაღუპვა.

ინდოეთის ოკეანის სახელმწიფოები

ინდოეთის ოკეანის საზღვრების გასწვრივ მდებარე სახელმწიფოები (საათის ისრის მიმართულებით): სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, მოზამბიკი, ტანზანია, კენია, სომალი, ჯიბუტი, ერითრეა, სუდანი, ეგვიპტე, ისრაელი, იორდანია, საუდის არაბეთი, იემენი, ომანი, არაბეთის გაერთიანებული საამიროები, კატარი, ქუვეითი, ერაყი, ირანი, პაკისტანი, ინდოეთი, ბანგლადეში, მნიანმარი (ბირმა), ტაილანდი, მალაიზია, ინდონეზია, აღმოსავლეთ ტიმორი, ავსტრალია. ინდოეთის ოკეანეში მდებარეობს კუნძული-სახელმწიფოები და იმ სახელმწიფოთა სამფლობელოები, რომლებიც არ არის რეგიონში განლაგებული: ბაჰრეინი, ბრიტანეთის ტერიტორია ინდოეთის ოკეანეში (დიდი ბრიტანეთი), კომორის კუნძულები, მავრიტანია, მადაგასკარი, მაიოტა (საფრანგეთი), მალდივები, რეიუნიონი (საფრანგეთი), სეიშელის კუნძულები, საფრანგეთის სამხრეთი და ანტარქტიკული ტერიტორიები (საფრანგეთი), შრი-ლანკა.

გამოკვლევათა ისტორია

ინდოეთის ოკეანის ნაპირები უძველესი ხალხების განსახლებისა და მდინარეებზე პირველი ცივილიზაციების წარმოქმნის ერთ-ერთი რაიონია. უძველეს წარსულში ადამიანები ზურგქარის მუსონების დროს იალქნებით ცურვისთვის იყენებდნენ ჯონქისა და კატამარანის ტიპის გემებს და მოგზაურობდნენ ინდოეთიდან აღმოსავლეთ აფრიკაში და უკან. ეგვიპტელებს ჩვენს წელთაღრიცხვამდე 3500 წლის წინ გაცხოველებული საზღვაო ვაჭრობა ჰქონდათ არაბეთის ნახევარკუნძულის, ინდოეთისა და აღმოსავლეთ აფრიკის ქვეყნებთან. მესოპოტამიის ქვეყნები ჩვენს წელთაღრიცხვამდე 3000 წლის წინ ახორციელებდნენ საზღვაო გადასვლებს არაბეთსა და ინდოეთში. ბერძენი ისტორიკოსი ჰეროდოტეს სიტყვებით, ჩვენს წელთაღრიცხვამდე VI საუკუნიდან მოყოლებული ფინიკიელები აწარმოებდნენ საზღვაო ლაშქრობებს წითელი ზღვიდან ინდოეთის ოკეანის გავლით ინდოეთსა და აფრიკის გარშემო. ჩვენს წელთაღრიცხვამდე VI-V საუკუნეებში სპარსელ ვაჭრებს საზღვაო ვაჭრობა ჰქონდათ მდინარე ინდის შესართავიდან აფრიკის აღმოსავლეთი სანაპიროს გასწვრივ. ჩვენს წელთაღრიცხვამდე 325 წელს, ალექსანდრე მაკედონელის ინდოეთის ლაშქრობის დასრულების შემდეგ ბერძნებმა უდიდესი ფლოტით, ხუთ ათასი კაციანი ეკიპაჟით, რთულ შტორმულ პირობებში განახორციელეს მრავალთვიანი ცურვა ინდისა და ევფრატის შესართავებს შორის. IV-VI საუკუნეებში ბიზანტიელი ვაჭრები აღწევდნენ აღმოსავლეთით ინდოეთში, ხოლო სამხრეთით ეთიოპიასა და არაბეთში. VII საუკუნიდან დაწყებული, არაბი ზღვაოსნებმა დაიწყეს ინდოეთის ოკეანის ინტენსიური კვლევა. მათ შესანიშნავად შეისწავლეს აღმოსავლეთ აფრიკის, დასავლეთ და აღმოსავლეთ ინდოეთის, კუნძულების სოკოტრის, იავას და ცეილონის სანაპიროები, მოინახულეს ლაკადივისა და მალდივის კუნძულები, კუნძულები სულავესი, ტიმორი და სხვები.

XIII საუკუნის ბოლოს ვენეციელმა მოგზაურმა მარკო პოლომ ჩინეთიდან დაბრუნებისას უკანა გზაზე იმოგზაურა ინდოეთის ოკეანეში მალაქის სრუტიდან ორმუზის სრუტემდე და მოინახულა სუმატრა, ინდოეთი, ცეილონი. მოგზაურობა აღწერილია წიგნში მსოფლიოს მრავალფეროვნების შესახებ, რომელმაც მნიშვნელოვანი გავლენა იქონია შუასაუკუნეების ევროპის ზღვით მოგზაურებზე, კარტოგრაფებსა და მწერლებზე. ჩინური ჯონქები ლაშქრობდნენ ინდოეთის ოკეანის აზიური ნაპირების გასწვრივ და აღწევდნენ აფრიკის აღმოსავლეთ ნაპირებს (მაგალითად, ჯენ ხეს შვიდი მოგზაურობა 1405-1433 წლებში). ექსპედიციამ პორტუგალიელი ზღვით მოგზაურის ვასკო და გამას მეთაურობით, სამხრეთიდან შემოუარა აფრიკას, გაიარა კონტინენტის აღმოსავლეთი ნაპირის გასწვრივ და 1498 წელს მიაღწია ინდოეთს. 1642 წელს ჰოლანდიურმა ოსტ-ინდოეთის კომპანიამ მოაწყო ექსპედიცია ორი ხომალდით, რომელსაც მეთაურობდა კაპიტანი ტასმანი. ამ ექსპედიციის შედეგად გამოკვლეული იქნა  ინდოეთის ოკეანის ცენტრალური ნაწილი და დადგინდა, რომ ავსტრალია მატერიკია. 1772 წელს ბრიტანულმა ექსპედიციამ ჯეიმს კუკის მეთაურობით შეაღწია ინდოეთის ოკეანის სამხრეთ ნაწილში სამხრეთ განედის 71° პარალელამდე და დიდძალი სამეცნიერო მასალა მოიპოვა ჰიდრომეტეოროლოგიასა და ოკეანოგრაფიაში.

1872-1876 წლებში გაიმართა პირველი სამეცნიერო ოკეანური ექსპედიცია ინგლისურ იალქნიან-ორთქლის კორვეტით ჩელენჯერი, მიღებული იქნა ახალი მონაცემები ოკეანის წყლების შემადგენლობის, მცენარეთა და ცხოველთა სამყაროს, ფსკერის რელიეფისა და გრუნტების შესახებ, შედგენილ იქნა ოკეანის სიღრმეების პირველი რუკა და შეგროვდა ღრმა წყლის ცხოველთა პირველი კოლექცია. 1886-1889 წლებში რუსულ იალქნიან-ხრახნიანი კორვეტით ვიტიაზი დედამიწის გარშემო წარმოებულმა ექსპედიციამ მეცნიერ-ოკეანოგრაფის ს. ო. მაკაროვის ხელმძღვანელობით მასშტაბური კვლევითი სამუშაო ჩაატარა ინდოეთის ოკეანეში. ინდოეთის ოკეანის კვლევაში დიდი წვლილი შეიტანეს ექსპედიციებმა გერმანული ხომალდებით ვალდივია (1898-1899) და გაუსი (1901-1903), ინგლისური ხომალდით დისქავერი II (1931-1951), საბჭოთა საექსპედიციო ხომალდით ობი (1956-1958) და სხვ. 1960-1965 წლებში იუნესკოსთან არსებული მთავრობათშორისი ოკეანოგრაფიული კომისიის ეგიდით განხორციელდა ინდოეთის ოკეანის საერთაშორისო ექსპედიცია. ის ყველაზე დიდი იყო იმ ექსპედიციებს შორის, რომლებსაც ოდესმე უმუშავიათ ინდოეთის ოკეანეში. ოკეანოგრაფიული სამუშაოების პროგრამა მოიცავდა დაკვირვებას თითქმის მთელ ოკეანეზე, რასაც ხელს უწყობდა კვლევებში თითქმის 20 ქვეყნის მეცნიერთა მონაწილეობა. მათ შორის იყვნენ საბჭოთა და უცხო ქვეყნების მეცნიერები კვლევით ხომალდებზე ვიტიაზი, ა. ი. ვოეიკოვი, ი. მ. შოკალსკი, არამაგნიტურ საკვლევ შხუნაზე ზარია (სსრ კავშირი), ნატალი (სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა), დიამანტინა (ავსტრალია), კისტნა და ვარუნა (ინდოეთი), ზულფიკვარი (პაკისტანი). შედეგად შეგროვდა ახალი, ფასეული მონაცემები ინდოეთის ოკეანის ჰიდროლოგიაში, ჰიდროქიმიაში, მეტეოროლოგიაში, გეოლოგიაში, გეოფიზიკაში და ბიოლოგიაში[21]. 1972 წლიდან ამერიკულ ხომალდზე გლომარ ჩელენჯერი წარმოებდა რეგულარული სიღრმული ბურღვა, დიდ სიღრმეებზე წყლის მასების გადაადგილების შემსწავლელი სამუშაოები, ბიოლოგიური კვლევები.

ბოლო ათწლეულებში მრავალჯერ ჩატარდა ოკეანის გაზომვა კოსმოსური თანამგზავრების მეშვეობით. ამის შედეგად 1994 წელს გეოფიზიკური მონაცემების ამერიკის ეროვნულმა ცენტრმა გამოსცა ოკეანეთა ბატიმეტრული ატლასი რუკების 3-4 კმ გარჩევითობით და სიღრმეების ±100 მ სიზუსტით.

2014 წელს ინდოეთის ოკეანის სამხრეთ ნაწილში წარმოებდა მასშტაბური საძიებო სამუშაოები ავიაკომპანია Malaysia Airlines სამგზავრო თვითმფრინავის ბოინგ-777-ის კატასტროფის გამო. ძიების რაიონში ჩატარდა ზღვის ფსკერის დაწვრილებითი კარტოგრაფირება, რის შედეგადაც აღმოჩენილია ახალი წყალქვეშა მთები, ქედები და ვულკანები[24].

ეკონომიკური მნიშვნელობა

თევზჭერა და საზღვაო რეწვა

ინდოეთის ოკეანის მნიშვნელობა თევზის რეწვისთვის არ არის დიდი: ნათევზავები აქ მთელი მოცულობის მხოლოდ 5%-ს შეადგენს აქაური წყლების მთავარი სარეწი თევზებია თინუსი, სარდინი, ქაფშია (ქამსა), ასევე ზვიგენის, ბარაკუდას, სკაროსის რამდენიმე სახეობა; აქვე იჭერენ კრევეტებს, ასთაკვებს (ომარებს, ზღვის კიბოებს) და ლანგუსტებს. ვეშაპების რეწვა, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ ძალიან ინტენსიურად მიმდინარეობდა სამხრეთის რაიონებში სწრაფად მცირდება ზოგიერთი სახეობის ვეშაპის თითქმის სრული განადგურების გამო. ავსტრალიის ჩრდილო-დასავლეთ ნაპირზე, შრი-ლანკასა და ბაჰრეინის კუნძულებზე წარმოებს მარგალიტისა და სადაფის მოპოვება.

სატრანსპორტო გზები

ინდოეთის ოკეანის უმნიშვნელოვანესი სატრანსპორტო გზებია მარშრუტები სპარსეთის ყურიდან ევროპაში, ჩრდილოეთ ამერიკაში, იაპონიასა და ჩინეთში, ასევე ადენის ყურიდან ინდოეთში, ინდონეზიაში, ავსტრალიაში, იაპონიასა და ჩინეთში. ინდოეთის სრუტის ძირითადი სანაოსნო სრუტეებია: მოზამბიკის, ბაბ-ელ-მანდების, ორმუზის, ზონდის. ინდოეთის ოკეანე ხელოვნური სუეცის არხით უერთდება ატლანტის ოკეანის ხმელთაშუა ზღვას. სუეცის არხში და წითელ ზღვაში ხვდება ერთმანეთს და აქედან იყრება ინდოეთის ოკეანის ტვირთების ყველა მთავარი ნაკადი. დიდი პორტებია: დურბანი, მაპუტუ (გატანა: მადანი, ნახშირი, ბამბა, მინერალური ნედლეული, ნავთობი, აზბესტი, ჩაი, შაქრის ნედლეული, აკაჟუს თხილი, შეტანა: მანქანები და მოწყობილობები, სამრეწველო საქონელი, სურსათი), დარ-ეს-სალამი (გატანა: ბამბა, ყავა, სიზალი (საფეიქრო აგავა), ალმასები, ოქრო, ნავთობპროდუქტები, აკაჟუს თხილი, მიხაკი, ჩაი, ხორცი, ტყავი, შეტანა: სამრეწველო საქონელი, სურსათი, ქიმიკატები); ჯიდა, სალალა, დუბაი, ბენდერ-აბასი, ბასრა (გატანა: ნავთობი, მარცვლეული, ფინიკი, ბამბა, ტყავი, შეტანა: მანქანები, ხე-ტყე, ტექსტილი, შაქარი, ჩაი), ყარაჩი (გატანა: ბამბა, ქსოვილები, მატყლი, ტყავი, ფეხსაცმელი, ხალიჩები, ბრინჯი, თევზი, შეტანა: ნახშირი, კოქსი, ნავთობპროდუქტები, მინერალური სასუქი, მოწყობილობები, ლითონები, მარცვლეული, სურსათი, ქაღალდი, ჯუთი, ჩაი, შაქარი), მუმბაი (გატანა: მანგანუმის და რკინის მადანი, ნავთობპროდუქტები, შაქარი, მატყლი, ტყავი, ბამბა, ქსოვილები, შეტანა: ნავთობი, ნახშირი, თუჯი, მოწყობილობები, მარცვლეული, ქიმიკალიები, სამრეწველო საქონელი), კოლომბო, ჩენაი (რკინის მადანი, ნახშირი, გრანიტი, სასუქები, ნავთობპროდუქტები, კონტეინერები, ავტომანქანები), კალკუტა (გატანა: ნახშირი, რკინის და სპილენძის მადანი, ჩაი, შეტანა: სამრეწველო საქონელი, მარცვლეული, სურსათი, მოწყობილობები), ჩიტაგონგი (ტანსაცმელი, ჯუთი, ტყავი, ჩაი, ქიმიური ნივთიერებები), იაგონგი (გატანა: ბრინჯი, მყარი მერქანი, ფერადი ლითონები, კოპტონი, პარკოსნები, კაუჩუკი, ძვირფასი ქვები, შეტანა: ნახშირი, მანქანები, სურსათი, ქსოვილები), პერტ-ფრიმანტლი (გატანა: მადნეული, თიხამიწა, ნახშირი, კოქსი, კაუსტიკური სოდა, ფოსფორის ნედლეული, შეტანა: ნავთობი, მოწყობილობები).

სასარგებლო წიაღისეული

ინდოეთის ოკეანის უმნიშვნელოვანესი სასარგებლო წიაღისეულია ნავთობი და ბუნებრივი გაზი. მათი საბადოები არის სპარსეთისა და სუეცის ყურეების შელფებში, ბასის სრუტეში, ინდოსტანის ნახევარკუნძულის შელფში. ინდოეთის, მოზამბიკის, ტანზანიის, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის, კუნძულების მადაგასკარისა და შრი-ლანკას სანაპიროებზე წარმოების ილმენიტის, მონაციტის, რუტილის, ტიტანიტისა და ცირკონიუმის მოპოვება. ინდოეთისა და ავსტრალიის ნაპირებთან არის ბარიტისა და ფოსფორიტის ბუდობები, ხოლო ინდონეზიის, ტაილანდისა და მალაიზიის შელფურ ზონებში საწარმოო მასშტაბებში წარმოებს კასიტერიტისა და ილმენიტის საბადოების ექსპლუატაცია.

რეკრეაციული რესურსები

ინდოეთის ოკეანის ძირთადი რეკრეაციული ზონებია: წითელი ზღვა, ტაილანდის დასავლეთ სანაპირო, მალაიზიისა და ინდონეზიის კუნძულები, კუნძული შრი-ლანკა, ინდოეთის სანაპირო ქალაქების აგლომერაციის რაიონი, კუნძულ მადაგასკარის აღმოსავლეთ სანაპირო, სეიშელისა და მალდივის კუნძულები. ტურისტების უდიდესი ნაკადის მქონე ქვეყნებში (მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის 2010 წლის მონაცემების მიხედვით), ინდოეთის ოკეანის რეგიონში გამოირჩევა: მალაიზია (25 მილიონი მნახველი წელიწადში), ტაილანდი (16 მილიონი), ეგვიპტე (14 მილიონი), საუდის არაბეთი (11 მილიონი), სამხრეთ აფრიკა (8 მილიონი), არაბეთის ემირატები (7 მილიონი), ინდონეზია (7 მილიონი), ავსტრალია (6 მილიონი), ინდოეთი (6 მილიონი), კატარი (1,6 მილიონი), ომანი (1,5 მილიონი).