საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით, 30 ივნისს, თბილისის საკონცერტო დარბაზში გაიმართა ნატო მეტონიძის, ნიკოლოზ რაჭველის და დავით დოიაშვილის საქველმოქმედო კონცერტი სახელწოდებით - ”INTROსპექცია - ამბავი ჩვენზე”.
12 წლის შემდეგ ნატო მეტონიძე მსმენელის წინაშე ახალი სოლო-პროგრამით წარდგა. პროექტში - ”INTROსპექცია - ამბავი ჩვენზე” - ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად, მონაწილეობა მიიღეს მუსიკისა და დრამის თეატრის მსახიობებმა. დადგმა რეჟისორ დავით დოიაშვილს ეკუთვნის. კონცერტის მუსიკალური ხელმძღვანელი ნიკოლოზ რაჭველი; სპეციალურად წარმოდგენისთვის მომზადდა დეკორაცია, შეიკერა კოსტიუმები. პროგრამაში იყო ნიკოლოზ რაჭველის საავტორო მუსიკა და მის მიერ შექმნილი ახალი საორკესტრო ვერსიები ცნობილ ქართველ კომპოზიტორთა მუსიკალურ თემებსა და სიმღერებზე.
თბილისის საკონცერტო დარბაზში მომღერალმა მსმენელს მუსიკის ენით 60-იანი წლების თბილისის შესახებ მოუთხრო და ამ ეპოქასთან დაკავშირებული განცდები გაახსენა.
ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი დაესწრო.