ივანიშვილი ბიძინა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
Jump to navigation Jump to search
ივანიშვილი ბიძინა

ივანიშვილი ბიძინა გრიგოლის ძე (დ. 18. II. 1956, სოფ. ჭორვილა, საჩხერის მუნიციპალიტეტი), საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე, ბიზნესმენი, ქველმოქმედი. 1980 დაამთავრა თსუ-ის საინჟ.-ეკონ. ფაკ-ტი. 1986 დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია მოსკოვის შრომისა და სოც. პრობლემების ინ-ტში. 2006 საქართვ. განათლების სამინისტროს სწავლულ ექსპერტთა საბჭომ საქართვ. ეკონომიკის, მეცნიერების, კულტურის, ხელოვნებისა და სულიერების აღორძინებაში განსაკუთრებული დამსახურებისათვის მიანიჭა საპატიო დოქტორის წოდება.

2012 წ. 21 აპრილს ი-მა დააფუძნა პარტია "ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო", სათავეში ჩაუდგა თავისსავე შექმნილ ოპოზიციურ პარტიათა კოალიციას, რ-მაც 2012 საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა. 2012 წ. 25 ოქტომბერს იგი არჩეულ იქნა საქართვ. პრემიერ-მინისტრად. ამ პერიოდში ამოქმედდა საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწ. პროგრამა (უფასო გახდა გადაუდებელი ოპერაციები და მშობიარობა), დაიწყო თვითმმართველობის სისტემის რეფორმა და შემუშავდა სოფლის გადარჩენის პროექტი; პრიორიტეტებად იქნა დასახული ქვეყანაში სიტყვის თავისუფლების აღდგენა და დამკვიდრება; ბიზნესის გათავისუფლება სახელმწ. წნეხისაგან; დემოკრ. ინ-ტების ქმედითობის გაძლიერება და ევროინტეგრაციაზე ორიენტირებული საგარეო პოლიტიკის გატარება. 2013 წ. 20 ნოემბერს ი-მა წინასწარ გაკეთებული განცხადების საფუძველზე საკუთარი სურვილით დატოვა პრემიერ-მინისტრის პოსტი და სამოქალაქო სექტორს დაუბრუნდა, რითაც უნიკალური პოლიტ. პრეცედენტი შეიქმნა ქვეყნის სწორი მიმართულებით განვითარებისათვის. 2018 დაბრუნდა პოლიტიკაში და არჩეულ იქნა პარტია "ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარედ. 2021 წლის 11 იანვარს გააკეთა განცხადება „ქართული ოცნების" თავმჯდომარის თანამდებობის დატოვებისა და პოლიტიკიდან წასვლის შესახებ.

1995 ი-მა მეუღლე ე. ხვედელიძესთან ერთად დააარსა «საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი "ქართუ"» რ-ის ერთადერთი დონორია ი-ის ოჯახი. ფონდის მეშვეობით მან განახორციელა ქვეყნის მოდერნიზაციაზე ორიენტირებული მრავალი პროექტი, კერძოდ, ხელოვნების დარგში – კაპიტ. სარეკონსტრუქციო სამუშაოები ჩაუტარდა თბილ. შოთა რუსთაველის, ზ. ფალიაშვილის სახ. ოპერისა და ბალეტის, კ. მარჯანიშვილის, მ. თუმანიშვილის სახ. კინომსახიობთა, ა. გრიბოედოვის, ვ. აბაშიძის სახ. მუსიკისა და დრამის, ნ. დუმბაძის სახ. მოზარდ მაყურებელთა და რ. გაბრიაძის სახ. მარიონეტების თეატრებს, თბილ. საკონცერტო დარბაზისა და ჯ. კახიძის სახ. მუს.-კულტ. ცენტრს. მიმდინარეობს ბათუმის, ზუგდიდის, ოზურგეთის და თბილ. სომხური თეატრების რეაბილიტაცია. აღდგენილ იქნა ს. ჯანაშიას სახ. ეროვნ. მუზეუმი, გ. ბააზოვის სახ. ებრაელთა მუზეუმი, ა. წერეთლის, ი. ჭავჭავაძის, ვ. მაიაკოვსკის სახ. მუზეუმები. წლების განმავლობაში ფონდი ახორციელებს ზემოხსენებული თეატრებისა და მუზეუმების პერსონალის ფინანს. მხარდაჭერის პროგრამას. საერთაშ. აუქციონებზე ფონდმა შეიძინა ნ. ფიროსმანაშვილის ფერწერული ტილოები და საჩუქრად გადასცა ეროვნ. მუზეუმს. დაარსების დღიდან "ქართუ" მატერ. დახმარებას უწევს საქართვ. ლიტ-რის, ხელოვნებისა და კულტურის გამოჩენილ მოღვაწეებს;

კულტ. მემკვიდრეობის დაცვის დარგში – ქვეყნის მასშტაბით რეაბილიტაცია ჩაუტარდა 700-ზე მეტ კულტ. მემკვიდრეობის ძეგლს. ეტაპობრივად ხორციელდება "ქართუს" მიერ დაგეგმილი ყველა ისტ.-კულტ. ძეგლის აღდგენა. მისივე სახსრებით თბილისში აშენდა სამების საკათედრო ტაძარი;

სპორტის დარგში – ქვეყნის მასშტაბით მოეწყო 13 სარაგბო საწვრთნელი ბაზა და სტადიონი. მრავალი წლის განმავლობაში ფინანსდება სპორტის სხვადასხვა პოპულარული სახეობები (ჭიდაობა, ძიუდო, სამბო, ტაიკვანდო, კარატე, კრივი, ტანვარჯიში, ჭადრაკი, წყალბურთი, ხელბურთი, ჩოგბურთი, ფეხბურთი, Fფარიკაობა და სროლა). ფონდი მატერ. დახმარებას უწევს საქართვ. რაგბის კავშირსა და რაგბის ეროვნ. ნაკრებს. ფულადი დახმარება ეძლევათ ქართვ. ოლიმპიელ ჩემპიონებს, მსოფლიო და ევრ. ჩემპიონატების ოქროს მედალოსნებსა და ვეტერან სპორტსმენებს. 2015 მისივე შემწეობით დაფინანსდა თბილ. ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მოსამზადებელი სამუშაოები;

ბიძინა ივანიშვილი

სოფლის მეურნეობის დარგში – 1992 ი-მა საქართველოს საჩუქრად გადასცა 400 ტრაქტორი სრული სახნავ-სათესი აღჭურვილობით. მომდევნო წლებში "ქართუმ" განახორციელა მასშტაბური პროექტი ქართ. ადგილ. ჯიშების გადარჩენისათვის; ამ მიზნით სოფლებში – ჯიღაურასა და წილკანში შექმნილმა აგრარ. მეურნეობებმა ააღორძინა ქართ. ვაზის 440 და ხეხილოვანი კულტურების ათეულობით ენდემური ჯიში. ასევე საზღვარგარეთიდან შემოიტანა ვაზისა და ხეხილის უცხ. პერსპექტიული ჯიშები, მოხდა მათი აპრობირება ქვეყნის რეგიონებში და ადაპტირებული ჯიშების შეთავაზება ადგილ. ფერმერებისთვის. კერძოდ, ჯიღაურას ბაზის დახმარებით შეიქმნა რამდენიმე სტანდ. სანერგე მეურნეობა, რ-ებმაც უსასყიდლოდ მიიღეს ნერგები, საძირე და საკვირტე მასალა. ასევე აღდგენილია და გენეტიკურ ბანკში დაცულია ერთწლოვანი კულტურების 100-მდე ჯიში-პოპულაცია. გამართულია ელიტური კარტოფილის სანერგე მასალის წარმოების სრული სისტემა. ამ ბაზებიდან სანერგე და სათესლე მასალა წლების განმავლობაში უსასყიდლოდ გადაეცემოდა ფერმერებს (სანერგე მეურნეობის მოწყობის მიზნით), ხოლო ასობით ტონა მოწეული ყურძენი, სხვადასხვა ხილი და ბოსტნეული – მოხუცებულთა და უპატრონო ბავშვთა სახლებს. 2013–14 ფონდმა დააფინანსა უპრეცედენტო მასშტაბის სოფლის გადარჩენის სახელმწ. პროგრამა; მედიცინისა და ჯანმრთელობის დაცვის დარგში – საჩხერეში აშენდა თანამედროვე სამედ. ცენტრი, რ-იც გადაეცა სახელმწიფოს. დაბა ურეკსა და ხარაგაულის მუნიციპ-ის სოფ. ბორითში მოეწყო და აგრეთვე სახელმწიფოს გადაეცა გადაუდებელი სამედ. დახმარების ცენტრები. ჩაუტარდა რემონტი და აპარატურით აღიჭურვა თბილ. რესპ. საავადმყოფო. საყოველთაო სახელმწ. დაზღვევის ამოქმედებამდე, ფონდ "ქართუს" მიერ მრავალი წლის განმავლობაში ხორციელდებოდა საჩხერის მუნიციპ-ის მოსახლეობის უფასო დაზღვევის პროგრამა, რ-შიც ჩართული იყო რეგიონის 50 ათასზე მეტი მაცხოვრებელი. ფონდის დაფინანსებით ასეულობით ადამიანი გაიგზავნა საზღვარგარეთ რთული ოპერაციების ჩასატარებლად;

ინფრასტრუქტურის დარგში – ფონდის მატერიალური დახმარებით დაიგო ასობით კმ საავტ. გზა, ქვეყნის მასშტაბით განხორციელდა ინფრასტრუქტურული პროექტები, შეიქმნა საჩხერის მუნიციპ-ის ინფრასტრუქტურა, გადაიხურა (12652 საცხოვრ. სახლი), გარემონტდა და აშენდა ასობით საცხოვ. სახლი, მოხდა მუნიციპ-ის სოფლების სრული გაზიფიცირება. ფონდის დაფინანსებით ხორციელდება საქართვ. ინტერნეტიზაციის დაჩქარების პროექტი, რ-ის მიზანია ინტერნეტის ხელმისაწვდომობა მთელი ქვეყნის მოსახლეობისთვის. ფონდს სოლიდური წვლილი შეაქვს ქართ. ჯარისა და პოლიციის რეფორმის დაფინანსებასა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნაში; ტურიზმის ხელშეწყობის დარგში – აშენდა ბათუმის დელფინარიუმი, ზღვისპირა რეგიონში მოეწყო თემატური პარკები, მ. შ. ქართ. ხუროთმოძღვრული ძეგლების მინიატიურების პარკი; გურიისა და აჭარის საზღვართან ფონდის მიერ აშენდა გასართობი ცენტრი "ციცინათელა", ხოლო ბაკურიანში – ახ. სათხილამურო კომპლექსი "დიდველი". გურიის რეგიონში აშენდა და შემდეგ სახელმწ გადაეცა ულტრათანამედროვე საკონცერტო დარბაზი "ბლექსი არენა"("Black Sea Arena"), რ-იც გათვლილია 10 ათას მაყურებელზე. დარბაზი დიდი საერთაშ. კონცერტებისა და ღონისძიებების ჩატარების შესაძლებლობას იძლევა; ეკოლოგიის დარგში – ფონდის პროგრამებით შენარჩუნდა და აღორძინდა რამდენიმე ბოტანიკური ბაღი, რეაბილიტაცია ჩაუტარდა ლაგოდეხის, ვაშლოვნისა და თუშეთის ეროვნ. პარკების ინფრასტრუქტურას, კეთილმოეწყო ბუნების ძეგლი – ყუმისთავის მღვიმე. ფონდ "ქართუს" მიერ განხორციელდა რაჭაში 1991 წლის მიწისძვრით, კახეთში 2012 წლის სეტყვით და თბილისში 2015 წლის 13 ივნისის წყალდიდობით დაზარალებული მოსახლეობის დახმარება;

მეცნიერებისა და განათლების დარგში – ფონდის დაფინანსებით აშენდა, კაპიტ. შეკეთდა და კომპიუტერებით აღიჭურვა ასობით საჯარო სკოლა. გარემონტდა და ტექნიკურად აღიჭურვა თსუ-ის I კორპუსი, თბილ. სახელმწ. კონსერვატორია, სამხატვრო აკადემიის სასწ. კორპუსი, პარლამენტის ეროვნ. ბიბლიოთეკის მე-3 კორპუსი, დაარსდა თბილ. ფრანგული სკოლა. ფონდი ფინანს. დახმარებას უწევს საქართვ. მეცნ. ეროვნ. აკადემიას.

2016 ფონდმა დაიწყო ახ. მასშტაბური სამეცნ.-საგანმან. პროექტის განხორციელება – ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობა. გეგმის მიხედვით, ქუთაისში შენდება 50 ათას სტუდენტზე გათვლილი, თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი, მაღალი საერთაშ. სტანდარტების მრავალპროფილიანი უნ-ტი. ფონდის დაფინანსებით თბილისში ხორციელდება მეგაპროექტი, რ-იც ითვალისწინებს დიღმის ჭალების ტერიტორიაზე სამეცნ.-კვლ. ცენტრისა და ადრონული ამაჩქარებლის აგებას. მრავალმხრივი დანიშნულების ცენტრი განახორციელებს სასწ.-საგანმან. საქმიანობას, ასევე ფუნდამენტურ და გამოყენებით სამეცნ. კვლევებს შემდეგი მიმართულებებით: ფიზიკა, ბიოლოგია, ქიმია, ინჟინერია, კომპიუტერული მეცნიერებები, მედიცინა და სხვ. სამეცნ.-ტექ. ცენტრი აღჭურვილი იქნება ულტრათანამედროვე ლაბორატორიებით, მ. შ. კრისტალების ცენტრით, ბიოფიზიკის, იზოტოპების, დაბალი ტემპერატურის ლაბორატორიებით და სხვ. აღნიშნული ინ-ტი ხელს შეუწყობს ახალგაზრდა სამეცნ. თაობის აღზრდას და თანამედროვე საერთაშ. ექსპერიმენტებში ქართვ. მეცნიერების ჩართულობას. ცენტრს ასევე ექნება მნიშვნელოვანი სამედ. პოტენციალი – მის ბაზაზე შესაძლებელი გახდება ადრონული თერაპიის მეშვეობით მძიმე ონკოლოგიური დაავადების მქონე პაციენტების მკურნალობა. ახ. თაობების განათლებისა და დემოკრ. ინსტიტუციების გაძლიერების მიზნით ფონდ "ქართუს" დახმარებით ამოქმედდა ორგანიზაცია "მოქალაქე", რ-ის პროექტებში ჩართულია ათასობით ნიჭიერი მოსწავლე და სტუდენტი.


ლიტ.: ბიძინა ივანიშვილი: საქმით ნათქვამი, თბ., 2012.