საქართველო

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სიტყვას „საქართველო“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ საქართველო (მრავალმნიშვნელოვანი).
საქართველო
Қырҭтәыла
თარგი:ქვეყნის მონაცემები Қырҭтәыла
დევიზი: ძალა ერთობაშია
ჰიმნი: თავისუფლება
ჰიმნის მოსმენა
დედაქალაქი
(და უდიდესი ქალაქი)
თბილისი
41°43′ ჩ. გ. 44°47′ ა. გ. / 41.717° ჩ. გ. 44.783° ა. გ. / 41.717; 44.783
ოფიციალური ენა ქართული
აფხაზური 1 [1]
მთავრობა ნახევრადსაპრეზიდენტო რესპუბლიკა
 -  პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
 -  პრ.-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
ფართობი
 -  სულ 69 700 კმ2 (121-ე)
მოსახლეობა
 -  2015 წლის შეფასებით 3 729 500[2]
4 019 500 3 
 -  2014 წლის აღწერა 3 729 635 2 
 -  სიმჭიდროვე 65,18 2 კაცი/კმ2
57,6 3 კაცი/კმ2 (132-ე)
მშპ (მუპ) 2012 შეფასებით
 -  სულ $ 26 348 მლრდ[3] (109-ე)
 -  ერთ მოსახლეზე $ 5 929[3] 
აგი (2012) Increase2.svg 0,745[4]
 (მაღალი) (72-ე)
ვალუტა Sign of Georgian Lari (5).png ლარი 4 (GEL)
დროის სარტყელი UTC+4[5]
ქვეყნის კოდი GEO
Internet TLD .ge
სატელეფონო კოდი 995

1აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ასევე აფხაზური ენა.
2მოსახლეობის რიცხვში და სიმჭიდროვეში არ შედის აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ნაწილი, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ვერ აკონტროლებს.
3დაახლოებითი მონაცემები აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ჩათვლით.
4აფხაზეთსა და სამაჩაბლოში ასევე მიმოქცევაშია რუსული რუბლი.

საქართველო (აფხ. Қырҭтәыла) — სახელმწიფო ევრაზიაში, კავკასიაში, შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე. ესაზღვრება ჩრდილოეთიდან რუსეთი, სამხრეთიდან თურქეთი და სომხეთი, და სამხრეთ-აღმოსავლეთიდან აზერბაიჯანი. ტრანსკონტინენტური ქვეყანა სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისა და დასავლეთ აზიის გასაყარზე მდებარეობს, თუმცა სოციოპოლიტიკურად და კულტურულად ევროპის ნაწილია.

თანამედროვე საქართველოს ტერიტორია მუდმივად დასახლებული იყო ადრეული ქვის ხანიდან მოყოლებული. კლასიკურ ანტიკურ ხანაში აყვავდა ადრეული ქართული სახელმწიფოები კოლხეთი და იბერია, რამაც დასაბამი მისცა საერთო ქართულ კულტურასა და სახელმწიფოებრიობას. ქრისტიანობა გაბატონდა ადრეული III საუკუნიდან; ქვეყანა გაერთიანებული მონარქია გახდა 1008 წელს. თუმცა მას შემდეგ საქართველომ აღორძინებისა და დაცემის რამდენიმე პერიოდი განვლო, სანამ XVI საუკუნეში რამდენიმე მცირე პოლიტიკურ ერთეულად დაიშლებოდა. იმპერიულმა რუსეთმა ქართული მიწები ნაწილ-ნაწილ დაიპყრო 1801-1866 წლებში. რუსეთის რევოლუციის შემდგომ აღდგენილი დამოუკიდებელი ქვეყანა — საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-21) ბოლშევიკების მსხვერპლი გახდა და 1922 წლიდან საბჭოთა კავშირის ნაწილად იქცა.

საქართველომ დამოუკიდებლობა 1991 წელს კვლავ მოიპოვა. სამოქალაქო ომისა და მკაცრი ეკონომიკური კრიზისით გამოწვეული ქაოსური პერიოდის შემდეგ ქვეყანა შედარებით სტაბილური გახდა 1990-იანი წლების ბოლოს. 2003 წელს მომხდარი ვარდების (უსისხლო) რევოლუციით ქვეყნის სათავეში მოვიდა ახალი, პროდასავლური, რეფორმისტული მთავრობა. ახალი მთავრობის მისწრაფება ქვეყნის ნატოში გაწევრიანებასა და გამოყოფილი ტერიტორიების დაბრუნებისკენ რუსეთთან ურთიერთობას მკვეთრად აუარესებს. პარალელურად მიმდინარე სწრაფმა ეკონომიკურმა განვითარებამ ქვეყანა მნიშვნელოვანი ევრაზიული ენერგეტიკული პროექტების ეპიცენტრი გახადა.

საქართველო წარმომადგენლობითი დემოკრატიაა, ორგანიზებული როგორც უნიტარული, ნახევრად-საპრეზიდენტო რესპუბლიკა. ქვეყანა ამჟამად რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციის წევრია, მათ შორის გაეროს, ევროპის საბჭოს, სუამის, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციისა და შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის. საქართველო ასევე მიისწრაფვის ევროპის კავშირში ინტეგრაციასა და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებას.

სექციების სია

სახელწოდება[რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : საქართველოს სახელწოდება.

ქვეყნის სახელწოდება „საქართველო“ მომდინარეობს „ქართ“ ძირისაგან, რაც უძველეს სატომო სახელს „ქართუ, კარდუ, ხალდუ“-ს უკავშირდება. 1918-1921 წლებში იწოდებოდა „საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკად“, 1990-1995 წლებში — „საქართველოს რესპუბლიკად“. ქვეყნის საერთაშორისო კოდია GE.

გეოგრაფია[რედაქტირება]

საქართველოს ფიზიკური რუკა
Searchtool-80%.png მთავარი სტატია : საქართველოს გეოგრაფია.

საქართველო ევროპისა და აზიის გასაყარზე, კერძოდ, კავკასიაში მდებარეობს. დასავლეთიდან მას ესაზღვრება შავი ზღვა, ჩრდილოეთით — რუსეთის ფედერაცია, სამხრეთ-აღმოსავლეთით — აზერბაიჯანი, სამხრეთით — სომხეთი და თურქეთი.

საქართველო იმ უძველეს სატრანსპორტო გზაჯვარედინზე მდებარეობს, რომელიც აკავშირებდა და აკავშირებს ჩრდილოეთისა და სამხრეთის, დასავლეთისა და აღმოსავლეთის ქვეყნებს. სწორედ მასზე გადიოდა ევროპა-აზიის დამაკავშირებელი სატრანსპორტო მაგისტრალი - ძველი აბრეშუმის გზა.

საქართველო შავი ზღვით უკავშირდება შავიზღვისპირეთის ქვეყნებს, ხოლო ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებით - ხმელთაშუა ზღვის აუზის ქვეყნებს; გიბრალტარის სრუტით შესაძლებელია კავშირი მთელს მსოფლიოსთან, მდინარე დუნაის მეშვეობით კი - აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპის ქვეყნებთან.

საქართველო ჩ.გ. 41°07' და 43°35' და ა.გ. 40°04' და 46°44'-ს შორის მდებარეობს.

ფიზიკურ-გეოგრაფიული მდებარეობა[რედაქტირება]

გეოტექტონიკური თვალსაზრისით, საქართველოს ალპურ-ჰიმალაური დანაოჭების ვრცელ სარტყელში ცენტრალური მდებარეობა უკავია. იგი იწყება ატლანტის ოკეანის სანაპიროებიდან და მოიცავს ხმელთაშუა და შავი ზღვების მიმდებარე მთიან ნაწილებს, წინა აზიასა და ჰიმალაის მთიანეთს.

ცნობილია, რომ სუბტროპიკულ და ზომიერ კლიმატურ სარტყლებს შორის საზღვარი მიუყვება კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედს, რის გამოც საქართველო მდებარეობს სუბტროპიკულ კლიმატური სარტყლის უკიდურეს ჩრდილო ნაწილში.

საქართველოში ჩამოყალიბებულია სუბტროპიკული კლიმატური სარტყლის ჰავის თითქმის ყველა ტიპი — ნოტიო სუბტროპიკული, ზომიერად ნოტიო, ზომიერად მშრალი და მშრალი-კონტინენტური. ეს განპირობებულია მისი სუბტროპიკულ და ზომიერ კლიმატური სარტყლების მიჯნაზე მდებარეობით, ასევე ბუნებრივი ბარიერების — კავკასიონისა და სამხრეთ მთიანეთის არსებობითა და შავი ზღვის გავლენით.

ეკონომიკურ-გეოგრაფიული მდებარეობა[რედაქტირება]

ეკონომიკურ-გეოგრაფიული თვალსაზრისით, საქართველო ევროპისა და აზიის შესაყარზე მდებარეობს და ოდითგან დასავლეთისა და აღმოსავლეთის ცივილიზაციების დამაკავშირებელ ხიდს წარმოადგენდა, შავიზღვისპირა მდებარეობა კი მას დიდ უპირატესობას ანიჭებს სამხრეთ კავკასიის სხვა სახელმწიფოებთან, აზერბაიჯანთან და სომხეთთან შედარებით.

საქართველოს ევროპასა და აზიას შორის მდებარეობის შესახებ რამდენიმე მოსაზრება არსებობს:

საქართველოს სატრანსპორტო-გეოგრაფიული მდებარეობა ამჟამად მეტად ხელსაყრელია. საბჭოთა კავშირში ყოფნისას იგი სატრანსპორტო „ჩიხში“ იყო და მსოფლიოს ქვეყნებთან ურთიერთობა მხოლოდ მოსკოვის გავლით ხორციელდებოდა. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ქვეყანამ პრაქტიკულად სატრანსპორტო გზაჯვარედინის ფუნქცია შეიძინა.

  • ტერიტორია: ქვეყნის ფართობი შეადგენს 69 700 კვ. კმ-ს, საზღვრების სიგრძე — 1 771 კმ-ს, მათ შორის სახმელეთო — 1 461 კმ (სომხეთი 164, აზერბაიჯანი 322, რუსეთი 723, თურქეთი 252) და საზღვაო — 310 კმ.
  • ბუნება: ქვეყნის ტერიტორია ძირითადად მთებს უკავია, ბუნება მრავალფეროვანია — სუბტროპიკებიდან კავკასიონის მყინვარებამდე; უმაღლესი მწვერვალია მთა შხარა 5 068 მ, უდაბლესი წერტილი — შავი ზღვა (0 მ); სახნავ-სათესი მიწა — 16%, საძოვრები — 25%, ტყეები — 34%. მთავარი მდინარეები — მტკვარი და რიონი.

საწვავი

ლითონები

საშენი და სხვა მასალა

მინერალური წყლები და სხვა

საქართველოს საზღვრები[რედაქტირება]

სახმელეთო საზღვარი საქართველოს ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, დაბა ლესელიძესთან იწყება. შემდგომ იგი მიუყვება ფსოუს, რომელიც სათავეს მთა აგეფსთასთან იღებს. საქართველოს ჩრდილო საზღვარი ძირითადად ემთხვევა კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედს. მთა ვაციკფარსიდან მთა შავიკლდემდე საქართველოს საზღვარი გადის წყალგამყოფი ქედის ჩრდილოეთით მთა მყინვარწვერზე და გვერდით ქედზე. აღმოსავლეთ საზღვარი იწყება მთა ტინოვროსოდან, ეშვება ალაზნის ველზე, მიუყვება მდინარე ალაზანს, ვიდრე 1 კმ არ დარჩება მინგეჩაურის წყალსაცავთან მდინარის შეერთებამდე. საქართველოს სამხრეთი საზღვარი იწყება შავ ზღვასთან, სოფელ სარფის მიდამოებში. იგი ჯერ მიუყვება, შემდეგ კი კვეთს ლაზისტანის ქედის ჩრდილო დაბოლოებას, მიუყვება შავშეთის და კვლავ კვეთს არსიანის ქედს, ჯავახეთ-სომხეთის ვულკანურ მთიანეთს, ლოქის ქედს, მდინარე მტკვარს და ივრის ზეგანს.

ფლორა და ფაუნა[რედაქტირება]

ცხვრის ფარა ჩრდილო-აღმოსავლეთ საქართველოში

საქართველოს მცენარეთა სამყარო (ფლორა) მდიდარი და მრავალფეროვანია. იგი დაახლოებით 13 300 სახეობას ითვლის, მათ შორის 4 225 თესლოვან მცენარეთა რიცხვს მიეკუთვნება, 75 — გვიმრისებურს, 600 — ხავსებს, 650 — მღიერებს, 5 000 — სოკოვნებსა და 2 000 — წყალმცენარეებს.

საქართველოს ცხოველთა სამყარო (ფაუნა) საკმაოდ მრავალფეროვანია. აქ ცნობილია ძუძუმწოვრების 100-მდე, ფრინველების 330-ზე მეტი, ქვეწარმავლების 48, ამფიბიების 11, თევზების 160-მდე და უხერხემლო ცხოველების ათასობით სახეობა.

სახელმწიფო[რედაქტირება]

საქართველოს გზები

საქართველო შერეული ტიპის, ნახევრადსაპრეზიდენტო რესპუბლიკაა. სახელმწიფოს მეთაურია პრეზიდენტი, რომელიც ირჩევა 5 წლის ვადით პირდაპირი წესით. აღმასრულებელ ხელისუფლებას ახორციელებს მთავრობა, რომელსაც ხელმძღვანელობს პრემიერ-მინისტრი. ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოა ერთპალატიანი პარლამენტი (150 წევრი), რომელიც ოთხ წელიწადში ერთხელ ირჩევა პროპორციული და მაჟორიტარული სისტემით. ამჟამად მმართველობის ტიპს წარმოადგენს გარდამავალი რესპუბლიკა. 2013 წლის საკონსტიტუციო ცვლილებებით საბოლოოდ დასრულდება და გაფორმდება საქართველოს გარდაქმნა ნახევრად საპრეზიდენტო რესპუბლიკიდან საპარლამენტო რესპუბლიკად.

  • დედაქალაქი: თბილისი.
  • სახელმწიფო ენა: ქართული, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში — აგრეთვე აფხაზური.
  • ეროვნული დღესასწაული: 26 მაისი (1918), სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დღე (1991 წლის 9 აპრილს, საბჭოთა იმპერიის 70-წლიანი მმართველობის შემდეგ, იმავე წლის 31 მარტის საყოველთაო-სახალხო რეფერენდუმის შედეგების საფუძველზე, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ მიიღო საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი).
  • ძირითადი პოლიტიკური პარტიები (ანბანურ რიგზე):
პოლიტიკური მოძრაობა „ახალი მემარჯვენეები“ — თავმჯდომარე ფიქრია ჩიხრაძე;
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილი;
პოლიტიკური მოძრაობა „ეროვნული ფორუმი“ — თავმჯდომარე კახაბერ შარტავა;
პოლიტიკური მოძრაობა „თავისუფლება“ — თავმჯდომარე მალხაზ გორგასლიძე;
მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს — თავმჯდომარე გოგი თოფაძე;
პოლიტიკური მოძრაობა „საქართველოს გზა“ — თავმჯდომარე თეიმურაზ მურვანიძე;
საქართველოს კონსერვატიული პარტია — თავმჯდომარე ზვიად ძიძიგური;
დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო — თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე;
საქართველოს მწვანეთა პარტია — თავმჯდომარე გიორგი გაჩეჩილაძე;
საქართველოს ლეიბორისტული პარტია — თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი;
საქართველოს რესპუბლიკური პარტია — თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე;
ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო - თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი;
ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა — თავმჯდომარე გიორგი თარგამაძე;
ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატები — თავმჯდომარე ირაკლი ალასანია

ტერიტორიული მოწყობა[რედაქტირება]

დღევანდელი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით საქართველოში 2 ავტონომიური რესპუბლიკა, 76 მუნიციპალიტეტი და 12 თვითმმართველი ქალაქია [6],დედაქალაქი თბილისია. კონსტიტუციის თანახმად ქვეყნის სახელმწიფო-ტერიტორიული მოწყობა უნდა განისაზღვროს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ცენტრალური ხელისუფლების იურისდიქციის აღდგენის შემდეგ.

საქართველოს რეგიონები

რეგიონი დედაქალაქი
1 აფხაზეთი სოხუმი
2 სამეგრელოს და ზემო სვანეთის ზუგდიდი
3 გურია ოზურგეთი
4 აჭარა ბათუმი
5 რაჭა-ლეჩხუმის
და ქვემო სვანეთი
ამბროლაური
6 იმერეთი ქუთაისი
7 სამცხე-ჯავახეთი ახალციხე
8 შიდა ქართლი გორი
9 მცხეთა-მთიანეთი მცხეთა
10 ქვემო ქართლი რუსთავი
11 კახეთი თელავი
12 თბილისი თბილისი

დემოგრაფია[რედაქტირება]

ცნობილი ქართველები
Searchtool-80%.png მთავარი სტატია : საქართველოს დემოგრაფია.

მოსახლეობის რაოდენობის დადგენა მოსახლეობის საყოველთაო აღწერის საშუალებით ხდება. XX საუკუნეში საქართველოში 6 ასეთი აღწერა ჩატარდა (პირველი - 1926 წელ, უკანასკნელი 1989 წელს). დამოუკიდებელ საქართველოში მოსახლეობის პირველი აღწერა 2002 წლის იანვარს ჩატარდა.

1989 წლის აღწერით საქართველოს მოსახლეობა 5 443 000 კაცი იყო, 2002 წლისათვის კი 4 601 500. როგორც ჩანს, 13 წლის განმავლობაში საქართველოს მოსახლეობა ერთი მეხუთედით შემცირდა. ბოლო პერიოდში საქართველოში მომხდარმა რთულმა პოლიტიკურმა მოვლენებმა და მძიმე სოციალურ-ეკონომიკურმა კრიზისმა გამოიწვია საქართველოს მოსახლეობის საგრძნობი ნაწილის გასვლა ქვეყნის ფარგლებს გარეთ. ამასთან მკვეთრად იკლო შობადობამ, იმატა სიკვდილიანობამ და საბოლოოდ ქვეყანა მძიმე დემოგრაფიულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. რაც შეეხება საკუთრივ ქართველებს, მათი რაოდენობა საქართველოში 1989 წელს 3 787 000 კაცს უდრიდა, რაც მთელი საქართველოს მოსახლეობის 70,1%-ს შეადგენდა. 2002 წელს კი ქართევლების რაოდენობა 3 661 000 უდრიდა, ანუ მთელი მოსახლეობის 83,8% იყო. ქართველების რაოდენობა 1989 წლიდან 2002 წლამდე მხოლოდ 4%-ით შემცირდა ანუ საქართველოს მოსახლეობის კლება ძირითადად სხვა ეროვნებების ხარჯზე მოხდა. 2002 წლის შემდეგ მდგომარეობა შედარებით გამოსწორდა და მოსახლეობის მატება დაიწყო. 2014 წლის აღწერის წინასწარი მონაცემების მიხედვით, საქართველოს ტერიტორიაზე (გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა) მოსახლეობა დაახლოებით 3 729 635 ადამიანს შეადგენს. მოსახლეობის 57.4% ქალაქში ცხოვრობს.

ქალაქების მოსახლეობა

თბილისი
თბილისი
ქუთაისი
ქუთაისი
ბათუმი
ბათუმი

ქალაქი მხარე მოსახლეობა ქალაქი მხარე მოსახლეობა

რუსთავი
რუსთავი
ზუგდიდი
ზუგდიდი
გორი
გორი

1 თბილისი თბილისი 1 118 000 10 ხაშური შიდა ქართლი 28 560
2 ქუთაისი იმერეთი 186 300 11 სენაკი სამეგრელო-ზემო სვანეთი 28 082
3 ბათუმი აჭარა 180 000 12 ზესტაფონი იმერეთი 24 200
4 რუსთავი ქვემო ქართლი 124 908 13 თელავი კახეთი 21 800
5 ზუგდიდი სამეგრელო-ზემო სვანეთი 75 550 14 მარნეული ქვემო ქართლი 20 100
6 გორი შიდა ქართლი 54 700 15 ჭიათურა იმერეთი 20 000
7 ფოთი სამეგრელო-ზემო სვანეთი 47 150 16 ოზურგეთი გურია 18 700
8 სოხუმი აფხაზეთი 43 700 17 ქობულეთი აჭარა 18 450
9 სამტრედია იმერეთი 29 700 18 ახალციხე სამცხე-ჯავახეთი 18 500


კულტურა[რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : საქართველოს კულტურა.
  • არქიტექტურა: ქალაქი-მუზეუმი მცხეთა, გელათის სამონასტრო კომპლექსი, თბილისის ისტორიული ცენტრი, უფლისციხის და ვარძიის კლდეში ნაკვეთი კომპლექსები, დავით გარეჯის და შიო მღვიმის კომპლექსები; ბაგრატის ტაძარი; ზემო სვანეთი;
  • ლიტერატურა: ქართული ეპოსი — ვეფხისტყაოსანი (შოთა რუსთაველი, XIII ს.).
  • თეატრი: ფალიაშვილის სახ. ოპერისა და ბალეტის (თბილისი, 1851), რუსთაველის სახ. დრამატული (თბილისი, 1821), მარჯანიშვილის სახ. დრამატული (თბილისი, 1928).
  • კულტურის თავისებურებები: პოლიფონიური სიმღერა, ორიგინალური დამწერლობა.

არქიტექტურა[რედაქტირება]

ქართული არქიტექტურა დიდი მრავალფეროვნებითა და თავისებურებით გამოირჩევა. საქართველოს ყოველ კუთხეს თავისი დამახასიათებელი არქიტექტურული სტილი ჰქონდა და საცხოვრებელი სახლებიც მხარეების მიხედვით მკვეთრად განსხვავდებოდა ერთმანეთისაგან. ეს განსხვავება ახლა თანდათან მცირდება: საქართველოს ყველა რაიონში ფართოდ გავრცელდა ევროპული სტილი. მიუხედავად ამისა, განსხვავება მთისა და ბარის რაიონებს, დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს შორის მაინც საგრძნობია.

აღმოსავლეთ საქართველოს სოფლები უფრო კომპაქტურია და მჭიდროდაა დასახლებული. ეზოები აქ პატარაა და ამიტომ დასამუშავებელი მიწები სოფლის გარეთაა. დასავლეთ საქართველოში საკარმიდამო ნაკვეთები გაცილებით დიდია და საცხოვრებელი და სამეურნეო ნაგებობებიც ერთადაა.

საცხოვრებელი სახლები სხვადასხვა ეთნოგრაფიულ პროვინციებში მეტად განსხვავებულია. სვანეთსა და აღმოსავლეთ კავკასიონის კუთხეებში (თუშეთში, ფშავ-ხევსურეთში) უმეტესად ქვისა და ფიქლის ციხე-სახლებია. ამასთან განსხვავება საკმაოდაა სვანური და თუშურ-ხევსურული კოშკების არქიტექტურაშიც. ამავე რეგიონებში გვხვდება 2-4 სართულიანი ჩარდახიანი სახლები, აგრეთვე ერთსართულიანი ქვითკირის სახლები მიწის ბრტყელი სახურავით (ძირითადად ფშავ ხევსურეთში). ფიქლით აშენებული სახლები, როგორც წესი, მშრალი (დუღაბის გარეშე) წყობისაა.

აღმოსავლეთ საქართველოს ბარისა და მთისწინეთის ზონაში საცხოვრებელი სახლი ძირითადად დარბაზის ტიპისა იყო. ქვითა და აგურით აშენებული ერთსართულიან ნაგებობას საფეხურებრივ-გვირგვინისებური გუმბათის მსგავსი გადახურვა ჰქონდა, რომელიც ბოლოვდებოდა ერდოთი - კვამლისა და სინათლისათვის დატოვებული ხვრელით. დარბაზის გარდა, აღმოსავლეთ საქართველოს ბარის ზოგიერთ რაიონში განსაკუთრებით სამცხე-ჯავახეთში გაცრცელებული იყო მიწური სახლები — მიწის სიღრმეში გამოკვეთილი ქვისკედლებიანი და მიწის სახურავიანი ნაგებობები.

დასავლეთ საქართველოში მაღალი ტენიანობისა და ჭაობიანობის გამო უმეტესად აშენებდნენ ერთ ან ორსართულიან ხის სახლებს, რომლებიც ხიმინჯებზე იდგა და ყავრის ორფერდა ან ოთხფერდა სახურავი ჰქონდა. სამეგრელოსა და აფხაზეთში ფართოდ იყო გავრცელებული მოწნული, ჩალით დახურული სახლების ტიპი — ფაცხა.

XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან საქართველოში ახალი არქიტექტურული სტილი დამკვიდრდა: ორსართულიანი, რამდენიმეოთახიანი, ფანჯრებიანი და ხისიატაკიანი სახლები, რომლებშიც ღია კერიის ნაცვლად ბუხრები იყო ამოშენებული. აღმოსავლეთ საქართველოში სახლები ძირითადად ქვითა და აგურით შენდებოდა, დასავლეთ საქართველოში კი - ხით. გადასახურავად ძირითადად კრამიტი გამოიყენებოდა, გურია-სამეგრელოში კი ყავარი. სახლის მნიშვნელოვანი ელემენტი გახდა ხის აივანი.

XX საუკუნის მეორე ნახევრიდან ტრადიციულმა არქიტექტურამ ადგილი თანამედროვე ევროპულ სტილს დაუთმო. ამჟამად ძირითად საშენ მასალად გამოიყენება აგური, ცემენტის ბლოკები, რკინა-ბეტონი და თუნუქი. განსხვავებაც სხვადასხვა კუთხეში აშენებულ სახლებს შორის მინიმუმამდე დავიდა.

სამზარეულო და სუფრის ტრადიციები[რედაქტირება]

ქართული ტრადიციული სამზარეულო ერთ-ერთი უმდიდრესია მთელ მსოფლიოში. ეროვნული ტანსამცლსაგან განსხვავებით, ქართული სამზარეულო არა მარტო შენარჩუნებული იქნა, არამედ ფართოდ გავრცელდა საქართველოს ფარგლებს გარეთაც.

წარსულში საქართველოს ცალკეული კუთხეების სამზარეულოებს შორის საგრძონი განსხვავება შეინიშნებოდა. ამჟამად ეს განსხვავება თითქმის აღარ არის და ნებისმიერ კუთხეში ფართოდ გავრცელდა ის კერძები, რომლებიც ადრე დამახასიათებელი არ იყო.

აღმოსავლეთ საქართველოს ბარის რაიონებში ძირითადად ხორბლის პურს აცხობდნენ (შოთი, ლავაში), მთაში კი — ქერის ხმიადებს. დასავლეთ საქართველოში ხორბლის მაგივრობას სიმინდი ასრულებდა და ამიტომ მოსახლეობის ძირითადი საკვებიც მჭადი (იმერეთი, გურია) ან ღომი (სამეგრელო, აფხაზეთი) იყო. დასავლეთ საქართველოში ძირითადად სულგუნი და იმერული ყველია მიღებული, აღმოსავლეთ საქართველოში კი — გუდის ყველი.

ქვეყნის დასავლეთ ნაწილში ფართოდ არის გავრცელებული მრავალფეროვანი მცენარეული საკვები, რომლებიც ნიგვზითა და სანელებლებითაა შეზავებული (სხვადასხვა ფხალეული). აღმოსავლეთ საქართველოს მოსახლეობის კვების რაციონში კი ხორცს უფრო დიდი ადგილი უკავია.

როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში ფართოდ გავრცელებულია ლობიო, ხაჭაპური, ხინკალი, თევზეული, მწნილი და სხვადასხვა საწებლები. მთავარი სასმელი საქართველოს თითქმის ყველა კუთხეში ღვინოა. მხოლოდ მაღალმთიან პროვინციებში, სადაც ვენახები არ არის, ღვინოს არაყი და ლუდი ცვლის.

ქართული სუფრის ტრადიციები მკაცრ წესრიგს ემორჩილება. თამადა და სადღეგრძელოები სუფრის აუცილებელი ელემენტებია საქართველოს ნებისმიერი კუთხისათვის. სადღესასწაულო სუფრა ასევე წარმოუდგენელია სიმღერის, ცეკვისა თუ ხუმრობების გარეშე. სადღეგრძელოების თანმიმდევრობა თამადაზეა დამოკიდებული, თუმცა გარკვეული ტრადიციები ჩამოყალიბებულია და განსხვავებებიც შეინიშნება სხვადასხვა პროვინციებს შორის. გურიაში მაგალითად, პირველი სადღეგრძელო მშვიდობისაა, კახეთში კი ოჯახის ჭერს დალოცავენ ხოლმე. აღმოსავლეთ საქართველოში ბოლო სადღეგრძელო საყველაწმინდოა, თუშეთსა და ფშავ-ხევსურეთში კი სუფრაზე განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ წინაპრებისა და გარდაცვლილთა მოგონების სადღეგრძელოებს.

განათლება[რედაქტირება]

შოთა რუსთაველი

უნივერსიტეტები, სასწავლო დაწესებულებები და განათლების ცენტრები:

ეკონომიკა[რედაქტირება]

საქართველოს ეკონომიკა
ვალუტა ლარი (GEL)
ფისკალური წელი კალენდარული წელი
სავაჭრო ორგანიზაციები WTO და სუამი
სტატისტიკა
მშპ რანგი 126-ე (2005) [3]
მშპ (მუპ) $26,63 მილიარდი (2012)
მშპ ზრდა 6,2% (2012)Economic growth and its main components
მშპ/სულზე $6 000 (2012)
მშპ სექტორით მრეწველობა (17,3%), კომერცია (17,3%), ტრანსპორტი და კომუნიკაცია (10,6%), სოფლის მეურნეობა (9,3%), მშენებლობა (6,2%) (2011).
ინფლაცია -0,9% (2012)
ღარიბი მოსახლეობა 11,6% (2014) [4]
სამუშაო ძალა 1,959 მილიონი (2011)
სამუშაო ძალა პროფესიით სოფ. მეურნეობა (52,2%), მომსახურება (41,3%), მომსახურება (6,5%) (2011).
უმუშევრობა 12,4% (2014) [5]
მთავარი მრეწველობა ფოლადი, ავიაცია, მანქანათხელსაწყოები, ელექტროხელსაწყოები, მაღაროები (მანგანუმი და სპილენძი), ქიმიური, ხე-ტყე, ღვინო
სავაჭრო პარტნიორები
ექსპორტი $3,305 მილიარდი (2012)
მთავარი პარტნიორები აზერბაიჯანი 26,4%, სომხეთი 11,0%, აშშ 9,5%, უკრაინა 7,0%, თურქეთი 6,0%, კანადა 4,4% (2012)
იმპორტი $6,628 მილიარდი (2012)
მთავარი პარტნიორები თურქეთი 17,8%, აზერბაიჯანი 8,1%, უკრაინა 7,6%, ჩინეთი 7,2%, გერმანია 6,9%, რუსეთი 6,0%, (2012)
საჯარო ფინანსები
სახელმწიფო ვალი მშპ-ს 29,0% (2011)
შემოსავლები $6,870 მილიარდი (2011)
გასავლები $7,081 მილიარდი (2011)
ეკონომიკური დახმარება ODA $626,0 მლნ (2010)
რედ.
Searchtool-80%.png მთავარი სტატია : საქართველოს ეკონომიკა.

დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან დღემდე გრძელდება საბაზრო რეფორმები. ეკონომიკის მთავარი დარგებია სოფლის მეურნეობა (ჩაი, ციტრუსი, ხილი, თამბაქო, ღვინო), მანქანათმშენებლობა, მეტალურგია, ჰიდრორესურსები. დიდი ყურადღება ეთმობა საკურორტო-ტურისტული კომპლექსის აღდგენას, რომელიც ადრე ყოველწლიურად 2 მლნ ადამიანს ემსახურებოდა. სოფლის მეურნეობის პროდუქცია (ყურძენი, ჩაი, ციტრუსები); მთავარი სავაჭრო პარტნიორებია რუსეთი (18 %), თურქეთი (14 %), აზერბაიჯანი (12 %) და აშშ (6 %). • ერთობლივი ეროვნული პროდუქტი: სტრუქტურა (%) — სოფლის მეურნეობა 32; 1 სულ მოსახლეზე — 860 $. • ვალუტა — ქართული ლარი (GEL).

დამატებითი ინფორმაცია: ქართული კომპანიები და ორგანიზაციები

საბანკო-საფინანსო და დაზღვევის სისტემები[რედაქტირება]

დიდი მამულიშვილი, ილია ჭავჭავაძე, საადგილმამულო სათავადაზნაურო ბანკის ხელმძღვანელობის პერიოდში, ჯერ კიდევ 1883 წლიდან გაზეთ „ივერიაში“ აქვეყნებს, ხსენებული ორგანიზაციის, საზოგადოებრივი მუშაობისა და ღვაწლის შემაჯამებელ ოქმებს (რუბრიკაში — შინაური მიმოხილვა). ეს უკანასკნელი კი საფუძველი ხდება პირველი ქართული საბანკო-საფინანსო ინსტიტუტის — პირველი საჯარო წარდგინებისა. ილია მიზანმიმართულად მუშაობდა საბანკო მომსახურების კულტურის საქართველოში დამკვიდრების საკითხებზე. ასსზე მეტი წლის შემდეგ, XX საუკუნის 90-იან წლებში, დამოუკიდებლობის დაბრუნებიდან — დღემდე, საქართველოს საბანკო — საფინანსო ჯგუფები, მათი მოღვაწეობა და მიღწევები წარმოადგენს კიდევ ერთ, უმნიშვნელოვანეს ეროვნულ ფასეულობას სტაბილური, სახელმწიფოებრივი განვითარების გზაზე.

დღეს საქართველოს ეკონომიკის სექტორში მუშაობს რამდენიმე ძლიერი კომერციული ბანკი და ბანკების ასოციაცია:

არასაბანკო საკრედიტო-სადეპოზიტო ორგანიზაციები და საფინანსო-საკრედიტო მხარდაჭერის პროგრამები:

დაზღვევის სისტემა:

სახელმწიფო ინსტიტუტები:

შეიარაღებული ძალები[რედაქტირება]

2007 წლის მონაცემებით ქვეყნის შეიარაღებულ ძალებში ირიცხებოდა 37 000-მდე სამხედრო მოსამსახურე. სახმელეთო ჯარები (35 000), სამხედრო-საჰაერო ძალები (1 300), სამხედრო-საზღვაო ძალები (400). რეზერვში ირიცხებოდა 60 000 ადამიანი. შეიარაღებაში იმყოფებოდა 235-მდე ტანკი, 250-მდე საბრძოლო შეჯავშნული მანქანა, 240-ზე მეტი საველე არტილერიის ქვემეხი, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა და ნაღმსატყორცნი, 80-მდე საზენიტო სარაკეტო კომპლექსი, 15 თვითმფრინავი და 50 შვეულმფრენი, (ასევე 40 ერთეული უპილოტო საფრენი აპარატი), 25 საპატრულო კატარღა და მცირე ხომალდი. შეიარაღებული ძალების დაკომპლექტება ხდება შერეული პრინციპით — სავალდებულო გაწვევით და კონტრაქტის საფუძველზე. 2007 წელს თავდაცვის სამინისტროს საქართველოს ბიუჯეტიდან გამოეყო დაახლოებით 1 მლრდ. დოლარი.

ისტორია[რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : საქართველოს ისტორია.

უახლესი ისტორია[რედაქტირება]

დამოუკიდებლობის აღდგენა[რედაქტირება]

საქართველოს ისტორია
საქართველოს გერბი

ეს სტატია არის ნაწილი სერიისა
უძველესი ისტორია
დიაოხის სამეფო
კოლხეთის სამეფო
იბერიის სამეფო
ლაზიკა-ეგრისის სამეფო
ძველი და ახალი ისტორია
ქართლის საერისმთავრო
კახეთის სამთავრო
კახეთ-ჰერეთის სამეფო
ტაო-კლარჯეთის სამეფო
აფხაზთა სამეფო
ჰერეთის სამეფო
ქართლის სამეფო
კახეთის სამეფო
იმერეთის სამეფო
გურიის სამთავრო
სამეგრელოს (ოდიშის) სამთავრო
აფხაზეთის სამთავრო
ქართლ-კახეთის სამეფო
სამცხე-საათაბაგო
ერთიანი ქართული სახელმწიფო
რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში
უახლესი ისტორია
საქართველოს დრ
საქართველოს სსრ
საქართველოს რესპუბლიკა
საქართველო

საქართველოს დროშა საქართველოს პორტალი
  •  •  

1990 წლის 28 ოქტომბერს საქართველოში ჩატარდა პირველი მრავალპარტიული, დემოკრატიული საპარლამენტო არჩევნები, სადაც დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა ეროვნული პოლიტიკური პარტიებისა და ორგანიზაციების მემარჯვენე საარჩევნო ბლოკმა „მრგვალი მაგიდა — თავისუფალი საქართველო“ (სპიკერი: ზვიად გამსახურდია). იმავე წლის 14 ნოემბერს, საქართველოს ახლადარჩეული უზენაესი საბჭოს პირველ სესიაზე უზენაესი საბჭოს თავმჯდომარედ ერთხმად იქნა არჩეული ბ-ნი ზვიად კ. გამსახურდია (1939—1993). იმავე სესიაზე რესპუბლიკას ეწოდა „საქართველოს რესპუბლიკა“, დამტკიცებულ იქნა ახალი სახელმწიფო სიმბოლიკა და სრული სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენამდე გამოცხადდა გარდამავალი პერიოდი.

1991 წლის 31 მარტს საქართველოში ჩატარდა საყოველთაო-სახალხო რეფერენდუმი, რომლის ერთადერთ კითხვას: „გსურთ თუ არა საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე?“ დადებითი პასუხი გასცა ქვეყნის საარჩევნო ხმის უფლების მქონე მოსახლეობის 98%-მა, მათ შორის აფხაზებმაც. რეფერენდუმის შედეგების საფუძველზე, 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ მიიღო „საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი“. იმავე დღეს აშშ-ის კონგრესმა საგანგებო რეზოლუციით ლეგიტიმურად ცნო 31 მარტის რეფერენდუმის შედეგები, რაც წარმოადგენდა საქართველოს დამოუკიდებლობის დე-ფაქტო ცნობას.

სამხედრო გადატრიალება[რედაქტირება]

1991 წლის 26 მაისის პირველ საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა ზვიად გამსახურდიამ. რადიკალური ოპოზიციის მოქმედების შედეგად, 1991 წლის 22 დეკემბრიდან თბილისში დაიწყო სამხედრო გადატრიალება, რაც დასრულდა 1992 წლის 6 იანვარს პრეზიდენტ გამსახურდიას სამშობლოდან გაძევებით. ხელისუფლების სათავეში მოექცა სამხედრო საბჭო, რომელმაც იმავე წლის მარტში ძალაუფლება გადასცა ე. წ. „სახელმწიფო საბჭო“-ს (თავმჯდომარე: ე. შევარდნაძე).

ქვეყანაში დამყარდა ედუარდ შევარდნაძის რეჟიმი, რომლის 12-წლიანი მმართველობა აღინიშნა ადამიანის უფლებებისა და ძირითად თავისუფლებათა უხეში და მასობრივი დარღვევებით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის რღვევით, ქვეყნის ტერიტორიაზე რუსეთის საოკუპაციო სამხედრო ბაზების დაკანონებით და ა. შ. პირველი პრეზიდენტის და მის მხარდამჭერთა წინააღმდეგ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, ციხეებში აღმოჩნდა რამდენიმე ათეული პოლიტიკური პატიმარი.

საქართველოში ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ახალი მძლავრი ტალღის აგორებამ 1988 წელს, შემდეგ კი საქართველოს მიერ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის გამოცხადებამ მძაფრი რეაქცია გამოიწვია მის ავტონომიურ წარმონაქმნებში, რასაც შედეგად მოჰყვა სამოქალაქო შეიარაღებული დაპირისპირება (1989-1993) და სეპარატისტული რეჟიმების ჩამოყალიბება აფხაზეთსა და ე. წ. სამხრეთ ოსეთში (შიდა ქართლში). 1993 წლის სექტემბერში სამშობლოში დაბრუნებულმა ზვიად გამსახურდიამ (ჩეჩნეთის დედაქალაქიდან იგი სამეგრელოში ჩაფრინდა) სცადა აფხაზეთის გადარჩენა და კანონიერი ხელისუფლების აღდგენა, მაგრამ ე. შევარდნაძემ მოიწვია რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სამხედრო ხომალდები ადმირალ ბალტინის მეთაურობით და დახმარების შემთხვევაში რუსეთს აღუთქვა საქართველოს დსთ-ში შეყვანა. ამან გადაწყვიტა კანონიერი პრეზიდენტისა და მისი ხელისუფლების ბედი. სამეგრელოს მაღალმთიან, ტყიან მასივში გახიზნული პრეზიდენტი გაურკვეველ ვითარებაში დაიღუპა 1993 წლის 31 დეკემბერს.

ვარდების რევოლუცია — შევარდნაძის გადადგომა[რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : ვარდების რევოლუცია.

2003 წლის 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების გაყალბების მიზეზით გამოწვეულ საერთო-სახალხო მღელვარების ფონზე, იმდროინდელმა ოპოზიციამ, მიხეილ სააკაშვილის მეთაურობით მოახდინა „ვარდების რევოლუცია“, რამაც 2003 წლის 23 ნოემბრის შევარდნაძის გადადგომა გამოწვია.

საპროტესტო მოძრაობა[რედაქტირება]

2007 წლის ნოემბერში გამართული საპროტესტო მიტინგი პარლამენტის წინ.

2007 წლის 25 სექტემბერს, საქართველოს ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა სკანდალური განცხადებები გააკეთა. მან განაცხადა იმის შესახებ, თუ რა დანაშაულები ჩაიდინა მიხეილ სააკაშვილმა მისი მინისტრობის დროს, რასაც ოქრუაშვილის დაპატიმრება მოჰყვა 2007 წლის 27 სექტემბერს; ოქრუაშვილი მის მიერ შექმნილი პარტიის — „ერთიანი საქართველოსთვის“ ოფისში დააკავეს. ექს-მინისტრს თანამდებობის ბოროტად გამოყენება და ფულის გამოძალვაში დასდეს ბრალი. ამის შემდეგ აგორდა ოპოზიციური წინააღმდეგობის ტალღა, ოპოზიციის გაერთიანება ლოზუნგით — „საქართველო პრეზიდენტის გარეშე“. 2 ნოემბერს, გრანდიოზული მიტინგი გაიმართა პარლამენტის შენობის წინ, მაგრამ, 7 ნოემბერს, ხელისუფლებამ მიტინგი ძალის გამოყენებით დაარბია, შემდეგ შეიჭრა ტელეკომპანია იმედში და დახურა ეს არხი.8 ნოემბერს, სააკაშვილი გადადგა და დაინიშნა საპრეზიდენტო არჩევნები. 2008 წლის 5 იანვარს გამართულ არჩევნებში, ხმათა 52%-ით გაიმარჯვა მიხეილ სააკაშვილმა, ხოლო ამავე წლის საპარლამენტო არჩევნებში 59%-ით გაიმარჯვა ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ.

საქართველო-რუსეთის ომი[რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : რუსეთ-საქართველოს ომი (2008).

2008 წლის აგვისტოში რუსეთმა საქართველოს მიმართ ღია აგრესია განახორციელა, მოტივით სამხრეთ ოსეთის მშვიდობიანი მოქალაქეების დაცვა. ამ ომის შედეგად საქართველომ ზემო აფხაზეთად წოდებული კოდორის ხეობა, ლიახვის ხეობა და ახალგორის რაიონი დაკარგა.

2012 წლის საპარლამენტო არჩევნები[რედაქტირება]

2012 წლის 1 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა, რომელშიც გაიმარჯვა კოალიცია "ქართულმა ოცნებამ", რომელსაც სათავეში ედგა ცნობილი ქართველი ბიზნესმენი — ბიძინა ივანიშვილი. იმ არჩევნებში ქართულმა ოცნებამ ხმების 50%-ზე მეტის მიღება მოახერხა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, რომელიც საქართველოს სათავეში 2003-2012 წლებში იყო, დიდი სხვაობით ჩამოიტოვა.

2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები[რედაქტირება]

2013 წელს საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა, რომელშიც ქართული ოცნების კანდიდატმა, გიორგი მარგველაშვილმა გაიმარჯვა. ამ გამარჯვებით მარგველაშვილი საქართველოს რიგით მე-4 პრეზიდენტი გახდა და ჩაანაცვლა მიხეილ სააკაშვილი, რომელიც საქართველოს პრეზიდენტი 2003-2008 და 2008-2013 წლებში იყო.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება]

  1. საქართველოს კონსტიტუცია, მუხლი 8
  2. საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობა 2015 წლის 1 იანვრის მდგომარეობით. სტატისტიკის ეროვნული სამსახური. წაკითხვის თარიღი: 30 აპრილი, 2015.
  3. 3.0 3.1 Georgia. International Monetary Fund. წაკითხვის თარიღი: 2012-04-18.
  4. Human Development Report (PDF). United Nations (2013). წაკითხვის თარიღი: July 2, 2013.
  5. საქართველო გადავიდა UTC+4 ზონიდან UTC+3 ზონაში 2004 წლის 27 ივნისს, მაგრამ დაუბრუნდა UTC+4 ზონას 2005 წლის 27 მარტს[1][2].
  6. თვითმმართველი ქალაქები
Flag map of Georgia.svg საქართველოს პორტალი — დაათვალიერეთ სხვა სტატიები საქართველოს შესახებ.